Search This Blog

Thursday, May 22, 2014

კრიტიკული ცნობიერების ნაკლებობის და, მაშასადამე, მისი აუცილებლობის შესახებ


ადამიანი თავისი ბუნებით ესწრაფვის ცოდნას.

არისტოტელე, „მეტაფიზიკა“

ადამიანებს, თავიანთი ბუნების ხასიათიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ცოდნის უფლება, 
რადგან მათმა დიადმა შემოქმედმა, რომელიც ტყუილ-უბრალოდ არაფერს იქმს, მათ შემეცნების უნარი და ცოდნის წყურვილი უწყალობა.

ჯონ ადამსი, „ნაშრომი საეკლესიო და ფეოდალური სამართლის შესახებ“


   რამდენიმე დღის წინ ვახო სანაიას რეპორტაჟს „მაესტროზე“ ხელისუფლების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა. მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური აცხადებს, რომ „ძნელია, ვახო სანაიას გადაცემას მიუკერძოებელი ეწოდოს“. ხოლო "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" შეფასებით, მთავრობა ტელეკომპანია "მაესტროს" კრიტიკული სიუჟეტის გამო არ უნდა კიცხავდეს. არასამთავრობო ორგანიზაცია ამ ფაქტს მედიის კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობად აფასებს - წერს „ინტერპრესნიუსი“. თავად ჟურნალისტმა კი თქვა, რომ „გაგვიჭირდა იმის დაჯერება, რომ მთავრობა კონკრეტული გადაცემის გამო განცხადებებსა და ბრიფინგებს მიმართავდა“.
     რისი თქმა შეიძლება ამასთან დაკავშირებით? როდესაც ინტერნეტში ამ ინფორმაციას გავეცანი, გამახსენდა ამერიკის დამფუძნებელი მამის, აშშ-ს მეორე პრეზიდენტის ჯონ ადამსის (1735-1826 წწ.) „ნაშრომი საეკლესიო და ფეოდალური სამართლის შესახებ“, რომელიც ქართულად თარგმნა ჩემმა კოლეგამ, ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა გიორგი ხუროშვილმა. აღნიშნული თარგმანი გამოქვეყნდა კრებულში ამერიკელ განმანათლებელთა პოლიტიკური ესეები, რომელშიც, ასევე, შესულია ბენჯამინ ფრანკლინის, თომას ჯეფერსონის, ჯეიმს უილსონის და ბენჯამინ რაშის ნაშრომები (ყველა თარგმანი შესრულებულია გიორგი ხუროშვილის მიერ).



თავის ესეში ადამსი უპირისპირდება საეკლესიო და ფეოდალურ სამართალს და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ცოდნის მნიშვნელობაზე. მე ამ უკანასკნელ ასპექტზე მსურს შევჩერდე. „ადამიანებს აქვთ ცოდნის უფლება“, − აღნიშნავს ადამსი, ხოლო შემდეგ დასძენს, „გარდა ამისა, მათ სხვა უფლებაც აქვთ − უდავო, ხელშეუვალი, გარდაუვალი და ღვთითმონიჭებული უფლება − ფლობდნენ ყველაზე საშიშ და იმავდროულად სახარბიელო სახის ცოდნას; მე ვგულისხმობ ცოდნას მმართველთა ხასიათისა და ქცევის შესახებ“ (გამოყოფა ჩემია). ვფიქრობ, რომ ეს ასპექტი უაღრესად მნიშვნელოვანია და რომ მისი უგულებელყოფის შემთხვევაში ჩვენ ვერ შევძლებთ დემოკრატიული საზოგადოების შექმნას.



კრიტიკული ცნობიერების ჩამოყალიბებისა და შემდგომი განვითარების გარეშე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება უკიდურეს სირთულეებს გადააწყდება. მაგრამ რას გულისხმობს კრიტიკული ცნობიერება და როგორ უნდა განვითარდეს ის? ისევ ადამსს მოვიშველიებ:
საზოგადოებისათვის დაბალ წრეებში ცოდნის მიღების საშუალებათა შენარჩუნება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამეა, ვიდრე ამ ქვეყანაში ყველა მდიდარი ადამიანის მთელი ქონება ერთად აღებული. [...] სათუთად და ფაქიზად უნდა მოვეკიდოთ ცოდნის გავრცელების საშუალებებს. მოდით, გავბედოთ და ვიკითხოთ, ვიფიქროთ, ვისაუბროთ და ვწეროთ. დაე, ყოველი რანგისა და ხარისხის ადამიანმა დაძაბოს თავისი ყურადღება და გამოაცხადოს თავისი გადაწყვეტილება.
ადამსის სიტყვები საოცარი ოპტიმიზმითაა აღსავსე. მას ღრმად სწამს, რომ მხოლოდ ცოდნის გავრცელებითაა შესაძლებელი საზოგადოების განვითარება და წინსვლა. რა თქმა უნდა, ორი მსოფლიო ომისა და სხვა მრავალი კონფლიქტისა თუ ეკოლოგიური კატასტროფის შემდეგ დღევანდელი მსოფლიოსთვის ცნობილია, რომ განმანათლებლობის რაციონალისტური იდეალები ხშირად მახინჯ ფორმებად გადაიქცევიან და რასიზმის, საკონცენტრაციო ბანაკების, სისხლიანი რევოლუციის ან კიდევ ჩერნობილის სახით გვევლინებიან.
სწორედ ამიტომაა საჭირო კრიტიკული ცნობიერების განვითარება. კრიტიკულ ცნობიერებაში მოვიაზრებ ისეთ ცნობიერებას, რომელიც გულდასმით განიხილავს საკუთარ ქმედებებს, წარსულ ქმედებებს და მოვლენებს ადარებს მათ და მომავლის მიმართ ფრთხილი დამოკიდებულება ახასიათებს. კრიტიკული ცნობიერება არ ნიშნავს ყველაფრის უმიზეზოდ გაკრიტიკებას. პირიქით, ის მოითხოვს უეცარი აღტკინების ან აღშფოთების ჩაცხრობას და ფაქტების დინჯ ანალიზს. პოლიტიკური სიმწიფისათვის კრიტიკული ცნობიერება აუცილებელია. მახსენდება, როგორი ენთუზიაზმით ეგებებოდა ხალხი მიხეილ სააკაშვილს და თუ რა სწრაფად შეიცვალა ეს ენთუზიაზმი იმედგაცრუებით. ვფიქრობ, დაახლოებით ამის მსგავსი მეორდება ახლაც. შესაბამისად, ჩემი აზრით, ჩვენ გვჭირდება არა კონკრეტული პირების ცამდე აყვანა ან მათი მიწასთან გასწორება, არამედ მშვიდი, გაწონასწორებული ანალიზი იმისა, რაც მოხდა და რაც ხდება, იმისათვის, რათა უფრო მომზადებულები შევხვდეთ მომავალს.
სწორედ ამიტომ ანიჭებს ადამსი დიდ მნიშვნელობას პრესას: „ამერიკის მკვიდრთათვის ინფორმაციის არც ერთი წყარო არ ყოფილა ესოდენ წმინდა, ესოდენ სათუთად, ფაქიზად მოვლილი და მზრუნველობით შემონახული, როგორიც პრესა იყო“, აღნიშნავს იგი და შემდეგს დასძენს: „ბეჭდვის ხელოვნება წახალისებული იყო იმისათვის, რათა ნებისმიერ ადამიანს შეძლებოდა საკუთარი აზრების საზოგადოებისათვის გაზიარება ადვილი, იაფი და უსაფრთხო გზით.“ თუმცა, ადამსის ეპოქაში ჯერ კიდევ სათანადოდ არ იყო გაცნობიერებული პოლიტიკური პროპაგანდის მიზნით ხელისუფლების მხრიდან მასმედიით მანიპულირების საფრთხე, რაც მედიას არა „მეოთხე ხელისუფლებად“, არამედ აღმასრულებელი შტოს მორჩილ მსახურად აქცევს. სამწუხაროდ, ჩვენთან ჟურნალისტები ხშირად ამაყად აცხადებენ, რომ „მეოთხე ხელისუფლებას“ ქმნიან და კარგად ვერ აცნობიერებენ, რომ ხშირ შემთხვევაში თავად არიან ხელისუფლების მხრიდან მანიპულაციების ობიექტები. ან კიდევ, აცნობიერებენ, მაგრამ არ იმჩნევენ (აქვე აღვნიშნავ, რომ აღნიშნულ საკითხებზე ამჟამად მუშაობს ჩემი სტუდენტი მირანდა თედეშვილი. მისი და სხვა სტუდენტების მუშაობის შედეგებს მომდევნო პოსტებში გაგაცნობთ). დაბოლოს, გაუგებრობა რომ არ გამოვიწვიო, მივუთითებ, რომ მედიით მანიპულირების თეზისი კონკრეტულად ვახო სანაიას სიუჟეტთან დაკავშირებით კი არ მომყავს, არამედ ზოგადი ტენდენციის აღსანიშნავად.
კრიტიკული ცნობიერება, ასევე, გულისხმობს საკუთარი ტრადიციის ანალიზს, რადგან საკუთარი ძირების, საკუთარი ფესვების წვდომის გარეშე ვერასოდეს გავიგებთ, სად ვართ და საითკენ მივდივართ. სწორედ ამიტომ მიიჩნევდა მერაბ მამარდაშვილი „ისტორიიდან ამოვარდნას“ საშინელ მოვლენად. მაგრამ ძირების და ფესვების გამორკვევის აუცილებლობაზე როცა ვწერ, ყანწებით და განსხვავებულებით ღვინის სმას, წინაპართა ვაჟკაცობას და ძველ ნამუსს კი არ ვგულისხმობ (ჩვენი კულტურის ეს მატერიალური თუ არამატერიალური ასპექტები, იდეალური სახით რომ არსებობენ დღევანდელ ცნობიერებაში, ცალკე კვლევის საკითხია), არამედ იმ ტრადიციას, რომელიც პეტრე იბერის, ათონელ და მთაწმინდელ მამათა, ეფრემ მცირეს, არსენ იყალთოელის, იოანე პეტრიწის, ანტონ ბაგრატიონის, სოლომონ დოდაშვილის, ნიკო ნიკოლაძის, ვარლამ ჩერქეზიშვილის და მრავალი სხვა გამოჩენილი ქართველი მოღვაწის სახელს უკავშირდება. რა თქმა უნდა, ამით იმას არ ვგულისხმობ, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოს ისე ვერ ავაშენებთ, თუ საქართველოს ყველა მოქალაქემ ეს ავტორები არ იკითხა. უბრალოდ, იმის თქმა მსურს, რომ ეს ავტორები (და ეს სია საკმაოდ შეზღუდულია. მე, ძირითადად, ფილოსოფიურ ხაზზე გავამახვილე ყურადღება და ისიც მეოცე საუკუნემდე) მნიშვნელოვანია იმის გასაცნობიერებლად, რომ ჩვენ, როგორც საზოგადოებას, გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი: ვფიქრობ, რომ კრიტიკული ცნობიერების განვითარება დიახაც შესაძლებელია იმ საზოგადოებაში, რომლის წიაღშიც ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურები მოღვაწეობდნენ.
მაგრამ კრიტიკული ცნობიერება ჩვენში ნაკლებადაა განვითარებული. შევეცდები, სარისკო განზოგადება გავაკეთო (რადგან ასეთი განზოგადებები ყოველთვის საშიშია: არსებობს დიდი საფრთხე იმისა, რომ ძაფის გორგალი ხელიდან გაგისხლტეს და ხელთ არაფერი შეგრჩეს): ალბათ, ჩვენი საზოგადოება ზედმეტად ემოციურია: ის ზედმეტად სწრაფად რეაგირებს, სწრაფად აღმერთებს, სწრაფად იბეზრებს, სწრაფად ივიწყებს და სწრაფად განსჯის ხოლმე მოვლენებს, ინდივიდებსა და პროცესებს. როგორც ფრიდრიხ ნიცშე Ecce homo-ში წერდა, ადამიანებზე დამღუპველად მოქმედებს ზედმეტი მგრძნობიარობა: „არაფრით არ იფერფლება ადამიანი ისე სწრაფად, როგორც Ressentiment-ის აფექტებით.“ შესაბამისად, ჩვენ უნდა ვისწავლოთ „ნელი რეაგირება“ (როგორც ამას ნიცშე იტყოდა): მოვლენები და პიროვნებები ერთი ასპექტიდან კი არ უნდა შევაფასოთ, არამედ შევეცადოთ, ერთმანეთთან დავაკავშიროთ ერთი შეხედვით განსხვავებული ფენომენები და მათ შორის კავშირები აღმოვაჩინოთ, ერთი სიტყვით, შევეცადოთ, ვიაზროვნოთ ისე, რომ ჩვენი მზერა წყლის ზედაპირზე მოთამაშე ცვალებადი ტალღებიდან ქვემოთ წარვმართოთ, სადაც დაჟინებული ცქერით უფრო ბევრ რამეს დავინახავთ.
ზემოთქმულს ასე შევაჯამებდი: დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისათვის აუცილებელია ნებისმიერი ხელისუფლების უწყვეტი კრიტიკა, რადგან, როგორც ადამსი ამბობს, „ძალაუფლების ხახა მუდამ ღიაა შთანთქვისათვის, ხოლო მისი ხელი, შესაძლებლობის შემთხვევაში, მუდამ მომართულია აზროვნების, სიტყვისა და წერის თავისუფლების მოსასპობად“. ეს ხახა მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება ხახამშრალი, თუ კრიტიკული ცნობიერება გვექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლევიათანის რისხვას ძნელად თუ გადავურჩებით.