Search This Blog

Thursday, November 6, 2014

სოციალური თეორია პრაქტიკაში ანუ ძალაუფლების ნეგატიური დისბალანსი მმართველ კოალიციაში

გუშინ სოციოლოგიის მიმართულების სტუდენტებთან ავსტრიული წარმოშობის ამერიკელი სოციოლოგის, პეტერ ბლაუს (1918-2002 წწ.) თეორიაზე ვსაუბრობდი, რომელიც სოციალურ თეორიაში გაცვლის თეორიის (exchange theory) სახელითაა ცნობილი. როდესაც განვიხილეთ ბლაუს შემოქმედების ის ასპექტი, რომელიც ძალაუფლების დისბალანსს (imbalance of power) ეხებოდა, ვიფიქრე, რომ სოციალურ ურთიერთობათა სტრუქტურისა და გაცვლის ბლაუსეული მოდელი დაგვეხმარებოდა, უკეთ გაგვეაზრებინა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მიმდინარე უახლესი მოვლენები (ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენება და კოალიციის შემადგენლობიდან „თავისუფალი დემოკრატების“ გასვლა).


PeterBlau.jpg

როგორია ეს მოდელი და რომელია მისი შემადგენელი კომპონენტები?

გაცვლის თეორიის მნიშვნელოვანი წარმომადგენლის, ჯორჯ ჰომანსის (1910-1989 წწ.) მსგავსად, ბლაუ დაინტერესებული იყო იმ პროცესების შესწავლით, რომელიც საფუძვლად ედო ადამიანთა უშუალო, პირისპირ (face-to-face) ინტერაქციებს. თუმცა, ჰომანსისაგან განსხვავებით, რომელიც ინტერაქციის საფუძველმდებარე ფსიქოლოგიური პრინციპების უპირატესობას აღიარებდა, ბლაუ მიიჩნევდა, რომ ინტერაქციის დროს ძალაუფლება და უთანასწორობა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, რადგან სოციალურ ურთიერთობებში ხშირად არსებობს ჯილდოებისა (rewards) და დანახარჯების (costs) დისბალანსი.

რას ნიშნავს „ჯილდოები“ და „დანახარჯები“?

როდესაც ტანსაცმლის მაღაზიაში შევდივართ და კონკრეტული საქონელი მოგვეწონება, ბუნებრივია, მისი ფასით დავინტერესდებით. იმ შემთხვევაში, თუ ჩავთვლით, რომ საქონლის ფასი („დანახარჯი“) შეესატყვისება მის ხარისხს („ჯილდო“), მაშინ ჩვენ საქონელს ვყიდულობთ. ანალოგიურად, გაცვლის თეორიის წარმომადგენლების აზრით, ინდივიდები სოციალური ინტერაქციის დროს რაციონალურად „ანგარიშობენ“, რას მოუტანს მათ ეს ინტერაქცია („დანახარჯი“ მეტი იქნება თუ „ჯილდო“) და ამის საფუძველზე ამყარებენ ურთიერთობებს ერთმანეთთან.




„აშკარაა, რომ ძალაუფლების დიფერენციაცია წარმოშობს დისბალანსს ძალაუფლების უთანასწორობის სახით“, - აღნიშნავს ბლაუ თავის ნაშრომში „გაცვლა და ძალაუფლება სოციალურ ცხოვრებაში“ (Exchange and Power in Social Life, 1964. ქვეთავს ეწოდება „ორმხრივობა და დისბალანსი“). ძალაუფლების განხორციელებამ, შესაძლოა, დისბალანსის ორი განსხვავებული სახე წარმოშვას: პოზიტიური დისბალანსი დაქვემდებარებული ინდივიდებისათვის ან ნეგატიური დისბალანსი, რაც ექსპლუატაციასა და ჩაგვრაში გამოიხატება.




იმ შემთხვევაში, თუკი ორგანიზაციის წევრები (ან, ზოგადად რომ ვთქვათ, მმართველობის ქვეშ მყოფი პირები) მიღებული ჯილდოების საფუძველზე მიიჩნევენ, რომ მათ მიმართ მმართველების მიერ წაყენებული მოთხოვნები სამართლიანია, მაშინ წარმოიშობა პოზიტიური დისბალანსი, რომელიც ლეგიტიმაციას ანიჭებს და ამყარებს მმართველთა ძალაუფლებას. მაგრამ თუკი დაქვემდებარულები თვლიან, რომ მათ მიერ გაწეული დანახარჯები ბევრად აღემატება იმ ჯილდოებს, რომლებსაც ისინი მმართველებისაგან იღებენ, მაშინ მათი იმედგაცრუება წარმოშობს უკმაყოფილებასა და ანტაგონიზმს არსებული მმართველობის მიმართ. თუკი ეს ინდივიდები ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ უკმაყოფილებას, მაშინ მმართველების მიმართ კოლექტიურმა მტრობამ, მათ, შესაძლოა, ოპოზიციის ჩამოყალიბებისაკენ უბიძგოს. ამრიგად, ოპოზიცია გადაჭარბებულ მოთხოვნებზე ერთგვარი პასუხია, რომელიც სოციალური სტრუქტურის შიგნით კონფლიქტს, უთანასწორობასა და დისბალანსს წარმოშობს. „ორგანიზებული ოპოზიცია გამოააშკარავებს ლატენტურ კონფლიქტებს და მათ აშკარა, ღია კონფლიქტებად აქცევს“, - აღნიშნავს ბლაუ.





როგორ შეიძლება ზემოთქმული მივუყენოთ ბოლო პერიოდში მმართველ კოალიციაში განვითარებულ მოვლენებს?

ჩვენი ჰიპოთეზა, შესაძლოა, ასეთი სახით ჩამოვაყალიბოთ: ალასანია და მისი ჯგუფი თავიდან კოალიციას იმის გამო დაუკავშირდა, რომ ისინი ამით „გარეგან სარგებელს“ იღებდნენ. გარეგანი სარგებელი (extrinsic reward), ბლაუს მიხედვით, უშუალოდ იმ პიროვნებას/ჯგუფს კი არ უკავშირდება, რომელთანაც ინდივიდი კავშირს ამყარებს, არამედ ის არის სარგებელი, რომელიც ამ ინდივიდთან/ჯგუფთან ასოციაციის შედეგად მიიღწევა. შესაბამისად, სხვებთან დაკავშირება ამ შემთხვევაში საშუალებაა რაღაც სხვა მიზნის მისაღწევად. იგივე შეიძლება ითქვას ივანიშვილი-ღარიბაშვილის ჯგუფზეც. მათთვისაც ალასანიას ჯგუფთან კავშირი გარკვეული გარეგანი სარგებლის მიღებას უკავშირდებოდა. თუ ალასანიასა და მისი ჯგუფის შემთხვევაში ეს, შესაძლოა, ხელისუფლებაში მოსვლის გზა ყოფილიყო (რადგან ნაციონალებთან ცალკე დაპირისპირების შემთხვევაში გამარჯვებას, სავარაუდოდ, ვერ შეძლებდნენ), ივანიშვილი-ღარიბაშვილისათვის ეს, შესაძლებელია, ყოფილიყო ევროატლანტიკურ სივრცესთან ინტეგრაციისათვის საჭირო აუცილებელი ელემენტი.




გარკვეული პერიოდის განმავლობაში არსებული დისბალანსი შენარჩუნებული იყო (დისბალანსი იმიტომ, რომ მმართველობის ოფიციალური სადავეებს ივანიშვილი-ღარიბაშვილი ფლობდნენ). ირაკლი ალასანიას მიერ კოალიციაში დარჩენა უკავშირდებოდა შემდეგ გარემოებას: ის სარგებელი, რასაც ალასანია და მისი გუნდი იღებდა მმართველ კოალიციაში ყოფნის შედეგად, გაცილებით აღემატებოდა მათ მიერ გაწეულ „დანახარჯებს“ ანუ იმ დათმობებს, რაზეც ისინი მიდიოდნენ.  იმ პერიოდისათვის როგორც ირაკლი ღარიბაშვილის გუნდისათვის, ასევე, ალასანიას ჯგუფისათვის ერთად ყოფნა გარკვეულ გარეგან (და არა შინაგან!) სარგებელს უკავშირდებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ჯგუფები ერთად იყვნენ არა იმის გამო, რომ თავად კავშირს აფასებდნენ, არამედ იმიტომ, რომ ერთად ყოფნით უკეთ ახორციელებდნენ დასახულ მიზნებს.

მაგრამ ბალანსირებული სოციალური მდგომარეობა, ბლაუს აზრით, გულისხმობს დისბალანსის არსებობას სხვა სოციალურ მდგომარეობებში. ის ძალები, რომლებიც აღადგენენ წონასწორობას ერთი ასპექტით, მას სხვა ასპექტებში არღვევენ. ბლაუს შემდეგი მაგალითი მოჰყავს: თუკი ბიჭს ძალიან მოსწონს გოგონა, მაშინ მან, შესაძლოა, დიდი დანახარჯები გაიღოს იმისათვის, რათა ამ უაკანასკნელს თავი მოაწონოს (ბიჭმა, შესაძლოა დიდი ენერგია დახარჯოს იმის გასაგებად, თუ რა მოსწონს გოგოს; დახარჯოს ფული; პაემანის დროს მოიქცეს არა ისე, როგორც მას სურს, არამედ ისე, როგორც გოგოს მოეწონება და ა.შ.). დავუშვათ, რომ ბიჭმა მიაღწია წარმატებას და რომ გოგოსთვის ბიჭთან ყოფნა ისეთივე ჯილდოა, როგორც თავად ბიჭისთვის - ამ გოგოსთან ყოფნა. სახეზეა ორმხრივი მოწონება. თუმცა, აღნიშნავს ბლაუ, ეს ორმხრივობა გაცვლაში არსებული დისბალანსის შედეგია. ერთად ყოფნით ორივე ჯილდოს იღებს, თუმცა ამ ჯილდოს მიღებისათვის გაწეული დანახარჯები არაპროპორციულია. ერთმანეთთან ყოფნისათვის ისინი თავიანთ დროს გამოყოფენ, რაც დროის გატარების ალტერნატიულ საშუალებებზე უარის თქმას ნიშნავს. თუმცა, ბიჭის მხრიდან გაწეული ძალისხმევა აღემატება გოგოს მხრიდან გაწეულ ძალისხმევას. შესაბამისად, არსებული ბალანსი მყიფეა და თუ ერთმა მხარემ ჩათვალა, რომ გაწეული დანახარჯები ზედმეტია, მაშინ იგი უკუაგდებს თავის ჯილდოს. თუ მეორე მხარეც ანალოგიურად მოიქცა, მაშინ მათ შორის არსებული ურთიერთობა წყდება.



როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენი ჰიპოთეზის მიხედვით, კოალიციაში არსებული ძალაუფლების დისბალანსი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ორივე მხარეს (ამ შემთხვევაში: ივანიშვილი-ღარიბაშვილი და ალასანიას გუნდი) აწყობდა. თუმცა, არსებული დისბალანსი ვერ ჩამოყალიბდა პოზიტიურ დისბალანსად, რასაც მმართველი გუნდის ძალაუფლების ლეგიტიმაცია მოჰყვებოდა. მოხდა საპირისპირო რამ: ივანიშვილი-ღარიბაშვილის ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ მათ მიერ გაწეული დანახარჯები (ღარიბაშვილის თქმით, ჯარისკაცების კვების საკითხი, შესყიდვებსა და ტენდერებზე არსებული პრობლემები და ა.შ.) არაპროპორციული იყო იმ სარგებელთან, რასაც ალასანიას ჯგუფის კოალიციაში ყოფნა ქმნიდა. შესაბამისად, როდესაც ალასანიას ჯგუფისათვის დანახარჯები (ალასანიას თქმით, პროკურატურის უსაფუძვლო ბრალდებები, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ჩაშლა) გაიზარდა და გადააჭარბა სარგებელს, რაც მათთვის კოალიციაში ყოფნას მოჰქონდა, ალასანიამ და მისმა გუნდმა კოალიციის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. ამ შემთხვევაში კოალიციაში დარჩენა მათთვის უფრო მეტ დანახარჯებთან იყო დაკავშირებული, ვიდრე კოალიციიდან გამოსვლა.

როგორი იქნება დანახარჯებისა და სარგებლის შეფარდება რესპუბლიკური პარტიის შემთხვევაში? ჩათვლიან თუ არა ისინი ძალაუფლების დისბალანსს პოზიტიურად (რაც ღარიბაშვილის პოზიციას, ალბათ, კიდევ უფრო გააძლიერებს)? თუ მიიჩნევენ, რომ ძალაუფლების დისბალანსი ნეგატიურია (რაც, ფაქტიურად კოალიციის საბოლოო რღვევის მანიშნებელი იქნება)? გადადგამს თუ არა მმართველი კლასი საბედისწერო ნაბიჯს და შეეცდება თუ არა ის ალასანიას დაპატიმრებას? სარგებელი/დანახარჯების რა პროპორცია შეექმნება ამით ნაციონალებს? როგორი იქნება პოტენციური სარგებელი/დანახარჯი იმ შემთხვევაში, თუკი ალასანიას ჯგუფი ნაციონალებს დროებით დაუკავშირდება (მიუხედავად იმისა, რომ საპირისპირო განცხადება გააკეთეს)? ამას მხოლოდ მომავალი გვიჩვენებს.

ჩემი აზრით, ეს უაღრესად საინტერესო შეკითხვებია. თუმცა, ბლაუს გაცვლის თეორია (და ალბათ, ვერც ერთი სოციალური თეორია) ყოვლისმომცველ კონცეპტუალურ ჩარჩოს ვერ მოგვცემს სოციალურ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესების აღსაწერად. აღნიშნული ჰიპოთეზის ჩამოყალიბება უნდა განვიხილოთ როგორც ერთობ მოკრძალებული მცდელობა იმის ნათელსაყოფად, რომ სოციალური თეორიები არც თუ ისე აბსტრაქტული თეორიული კონსტრუქტებია, როგორც ეს ზოგჯერ სოციოლოგიის სტუდენტებს (და არა მხოლოდ მათ!) ჰგონიათ :-)