Search This Blog

Tuesday, December 23, 2014

წინასაახალწლო დანამატები ანუ როგორ მოვრთოთ საახალწლო სუფრა გადამხდელთა ფულით






„თბილისის საკრებულო ძალიან დიდი დატვირთვით მუშაობს და ზეგანაკვეთური შრომისთვის ადამიანებმა ანაზღაურება უნდა მიიღონ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძემ განუცხადა“ - წერს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“.

თედო კობახიძემ, ასევე, თქვა, რომ „დანამატის საკითხი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის დისკრეციული უფლებაა და მასზეა დამოკიდებულია მისი კომეპეტენციის ფარგლებში გამოიყენებს თუ არა ამ დისკრეციულ უფლებას, მოხდება თუ არა საერთო დანამატების გამოყენება. თედო კობახიძის განცხადებით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ კეთილი ნება გამოხატა და დანამატების საკითხი ბიუროს სხდომაზე საჯარო მსჯელობის საგნად გამოიტანა, ხოლო დანამატების დაწესების საკითხი ხმათა უმრავლესობით გადაწყდა“ [საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“, 23.12.2014].

აღნიშნული განცხადებები კრიტიკული ცნობიერების ჭრილში უნდა შეფასდეს. რას ეწოდება კრიტიკული ცნობიერება? ეს არის ცნობიერება, რომელიც გაბატონებული იდეოლოგიის საფუძვლებს ამსხვრევს. მას სააშკარაოზე გამოაქვს ის წინაპირობები, რომლებიც თავისთავად მოცემულად მიგვაჩნია და რომლებსაც ეჭვქვეშ არ ვაყენებთ, მაგრამ რომლებიც საზოგადოებრივ ცხოვრებას ძირფესვიანად განმსჭვალავენ. „არსებული საზოგადოებრივი პრაქტიკები, რომლებიც ადამიანურ არსებობას უწვრილმანესი დეტალის ჩათვლით აყალიბებენ, არაადამიანურია და ეს არაადამიანურობა ყველაფერზე ზემოქმედებს, რაც საზოგადოებაში ხორციელდება“ (იხ. ფრანკფურტის სკოლის მეთაურის, მაქს ჰორკჰაიმერის შესანიშნავი სტატია „ტრადიციული და კრიტიკული თეორია“).




რაში დამჭირდა ბ-ნ თედო კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი შესანიშნავი ფილოსოფოსის დამოწმება? პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ ბ-ნი კობახიძის განცხადება სწორედ ამ არაადამიანური პრაქტიკების ერთ-ერთ გამოხატულებას წარმოადგენს. აქვე საგანგებოდ დავძენ, რომ ეს შენიშვნა არანაირად არ ეხება თავად ბ-ნი კობახიძის პიროვნებას, მე უფრო სისტემური პრობლემები მაინტერესებს, ვიდრე ცალკეული პიროვნებები (თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგჯერ ცალკეული პიროვნებები სისტემურ პრობლემებს ქმნიან ხოლმე :-)

რა იგულისხმება საზოგადოებრივ „პრაქტიკებში“? რატომ არის ეს პრაქტიკები არაადამიანური? და როგორ შეიძლება მათი ჰუმანიზება/გაადამიანურება?

დავიწყოთ პირველი შეკითხვით. მოცემულ შემთხვევაში „საზოგადოებრივ პრაქტიკებში“ იგულისხმება ყველაფერი ის, რაც ხდება ჩვენს საზოგადოებაში ანუ სოციალური ცხოვრება საერთოდ.

რატომ არის ეს პრაქტიკები არაადამიანური? იმიტომ, რომ ისინი გვიბიძგებენ, ვირწმუნოთ და უეჭველად მივიჩნიოთ ის, რაც სინამდვილეში ხელოვნურად ფაბრიცირებული და ყალბია. მაგალითად, თედო კობახიძემ განაცხადა, რომ „დანამატის საკითხი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის დისკრეციული უფლებაა და მასზეა დამოკიდებულია მისი კომეპეტენციის ფარგლებში გამოიყენებს თუ არა ამ დისკრეციულ უფლებას, მოხდება თუ არა საერთო დანამატების გამოყენება.“ გასაგებია, დანამატის საკითხში, შესაძლოა, არაფერი იყოს ანტისამართლებრივი, ისევე, როგორც იმ უამრავ კანონპროექტში, რომლებიც ჩვენმა პოლიტიკოსებმა მიიღეს ან მომავალში მიიღებენ. ეს კანონები, შესაძლოა, არ არღვევდნენ კონსტიტუციას და სხვა სამართლებრივ აქტებს და მათ გამო, ალბათ, ვერავის გავასამართლებთ.



თუმცა, ისინი, შესაძლოა, მაინც უწყობდნენ ხელს არაადამიანური საზოგადოებრივი პრაქტიკების დანერგვას. პენსიონერებისათვის პენსიის 10 ლარით გაზრდაზე საუბარი და ამ დროს თანამდებობის პირებისთვის გაცილებით მაღალი თანამდებობრივი სარგოს გამოწერაზე განცხადებების გაკეთება ასეთი არაადამიანური საზოგადოებრივი პრაქტიკაა. ეს არის უმაღლესი დონის პოლიტიკური ცინიზმი, რომელიც კრიტიკულმა ცნობიერებამ აუცილებლად უნდა ამხილოს. წინასაახალწლოდ ლარის ვარდნის პირობებში პრემიებზე, თანხებზე და დანამატებზე საუბარი საშინლად გააღიზიანებს საზოგადოებას და ამ მხრივ პოლიტიკოსებს მეტი გონიერების გამოჩენა მართებთ. გარდა ამისა, თუ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებაზეა საუბარი, მაშინ დაე, აუნაზღაურდეს ეს სამუშაო ყველას: დაე, პურისა და ხაჭაპურის მცხობელებმა, სკოლის პედაგოგებმა, რკინიგზის მუშებმა, ტვირთის გადამზიდავებმა, სკოლის მასწავლებლებმა, ერთი სიტყვით, ყველამ, ყველამ, ყველამ მიიღოს ზეგანაკვეთური ანაზღაურება. დაე, მათაც მიეცეთ ნორმალური და ღირსეული ცხოვრების საშუალება.

იმის თქმა, რომ მოცემული პრაქტიკა კანონს არ არღვევს, სულაც არ ნიშნავს ამ პრაქტიკის ჰუმანურობას. კრიტიკული ცნობიერების პირველი პოსტულატი ასეთი უნდა იყოს: სწორედ ის, რაც მასმედიის, გაზეთების, რადიოს და კანონების მეშვეობით გვეძლევა როგორც კანონიერი, კონსტიტუციური და ამიტომ, ამაღლებული და სამართლებრივად წმინდა, შეიცავს არსებული ეკონომიკური უთანასწორობის მიჩქმალვას და შელამაზებას. შესაბამისად, საჭიროა განუწყვეტელი დემოკრატიული აქტიურობა, რათა მუდმივად იქნეს მხილებული არაადამიანური საზოგადოებრივი პრაქტიკები, რომლებიც აკნინებენ ადამიანურ ღირსებას და საზოგადოებაში ცხოვრებას აუტანელს ხდიან.

P.S. წინაასახალწლო სუფრის რეცეპტი თანამდებობის პირებისთვის: მოიძიეთ კანონებში ახალი პუნქტები. იქნებ კიდევ გამოიძებნოს სადმე ახალი პრემიის, დანამატის, სარგოს დანიშვნის შესაძლებლობა (ეს გრანდიოზული ხერხები წინა ხელისუფლებასაც კარგად ჰქონდა ათვისებული). ეს მნიშვნელოვნად გაამდიდრებს საახალწლო (და არა მხოლო საახალწლო) სუფრას!

P.P.S. შეგონება: კრიტიკული ცნობიერების აქტიურობის შედეგად ხშირად სუფრა მჟავდება ხოლმე. გაუფრთხილდით პირის გემოს!