Search This Blog

Sunday, February 22, 2015

რომელ საფეხურზე ვართ? გაზრდილი უკმაყოფილება, უკანმოუხედავად გაქცეული ლარი, (ისევ) კრიტიკული ცნობიერება და ნეილ სმელზერი სტრუქტურული დაძაბულობის შესახებ



ნება მომეცით, შებრუნებული თანმიმდევრობით დავიწყო. ნეილ სმელზერი (დაიბ. 1930 წ.) თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოჩენილი სოციოლოგია. წლების განმავლობაში იგი მოღვაწეობდა აშშ-ში, კალიფორნიის უნივერსიტეტში (ქ. ბერკლი). მისი ინტერესთა სფერო ფართოა და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სოციალური ცვლილება, მოდერნიზაციის თეორია, ეკონომიკური სოციოლოგია, კოლექტიური ქმედება, ფსიქოანალიზი და სხვ. სმელზერი საკმაოდ ახლოს იყო ცნობილ ამერიკელ სოციოლოგთან, ტოლკოტ პარსონსთან (1902-1979 წწ.), რომელთან ერთად დაწერა ნაშრომი „ეკონომიკა და საზოგადოება“ (1956 წ.), რომელიც საკვანძო მნიშვნელობისაა ეკონომიკურ სოციოლოგიაში. თავად სმელზერმა გადამწყვეტი მნიშვნელობა შეასრულა ამ დარგის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.


1962 წელს სმელზერმა გამოაქვეყნა მეტად მნიშვნელოვანი ნაშრომი: „კოლექტიური ქმედების თეორია“, სადაც სოციალური მოძრაობის წარმომშობი ფაქტორები გააანალიზა. ნაშრომში მოცემულია სქემა, რომელიც ექვსი ფაქტორისაგან შედგება. აღნიშნული ფაქტორების არსებობა აუცილებელია იმისათვის, რათა კოლექტიური ქმედება განხორციელდეს. ეს უკანასკნელი, შესაძლოა, დროებითი გატაცების, მღელვარების, პანიკის, ამბოხის, რეფორმის ან რევოლუციური მოძრაობის სახით გამოვლინდეს. სმელზერის აზრით, თითოეული ფაქტორი/საფეხური გარკვეულ „დამატებით ღირებულებას“ (ეს ტერმინი სმელზერმა ეკონომიკის სფეროდან აიღო) სძენს მთლიან პროცესს. ამიტომ სმელზერის თეორიას „დამატებითი ღირებულების თეორიის“ (value-added theory) სახელითაც იცნობენ (კლასიფიკაციის მხრივ ის სოციალური დაძაბულობის თეორიათა ჯგუფს განეკუთვნება).


რომელია ის ფაქტორები/საფეხურები, რომლებიც, სმელზერის აზრით, აუცილებელია კოლექტიური ქმედების აღსაძვრელად?

პირველია სტრუქტურული ხელსაყრელობა. ეს არის ფართო სოციალური კონტექსტი ანუ გარემო, რომელიც ხელს უწყობს სოციალური მოძრაობის ჩამოყალიბებას. აღნიშნული ფაქტორი ყველაზე უფრო ზოგადია. მაგალითად, ავტორიტარული ტიპის სახელმწიფოში, შესაძლოა, პოლიტიკური მიზნით ადამიანთა თავშეყრა აკრძალული იყოს. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში, კოლექტიური ქმედების ორგანიზება გაცილებით რთული იქნება. სტრუქტურულად ხელსაყრელი გარემო უპირველესი წინაპირობაა კოლექტიური ქმედების განხორციელებისათვის. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ფაქტორი საკმარისია სოციალური მოძრაობის წარმოქმნისათვის.
სტრუქტურულ დაძაბულობას სმელზერი განსაზღვრავს, როგორც სოციალურ სტრუქტურაში არსებულ გაურკვევლობებს, კონფლიქტებსა და წინააღმდეგობებს. მაგალითად, არსებული ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავლების კლებამ და წარმოქმნილმა ფინანსურმა გაურკვევლობამ, სამთავრობო ვალებმა, არჩევნებს შორის წარმოქმნილმა სირთულეებმა და სხვა წინააღმდეგობებმა, შესაძლოა, საერთო დაძაბულობა წარმოშვან საზოგადოების შიგნით. ინდივიდები გრძნობენ, რომ მათი მოლოდინები არ მართლდება და ალტერნატიული გზების ძიებაზე იწყებენ ფიქრს.
მესამე ფაქტორად სმელზერი ასახელებს განზოგადებულ რწმენებს. ამ ეტაპზე ჩნდება კონკრეტული შეხედულებები, რომლებიც არსებულ დაძაბულობას ამა თუ იმ მიზეზზე მითითებით ხსნიან. ინდივიდებს გაცნობიერებული აქვთ უკმაყოფილების გამომწვევი მიზეზები. სმელზერის აზრით, ხშირად ეს რწმენები პრიმიტიულია, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ზეგავლენას ვერ ახდენენ ადამიანებზე.
დამაჩქარებელი ფაქტორი არის მოვლენა, რომელიც ჩახმახის როლს ასრულებს. ის ერთგვარი ნაპერწკალია, რომელიც სოციალურ მოძრაობას ააგორებს. ეს, შესაძლოა, იყოს ცნობილი პიროვნების ან უბრალო ადამიანის დაკავება/მკვლელობა, პრობლემური კანონპროექტის მიღება და ა.შ. როდესაც ასეთი მოვლენა ხდება, ინდივიდები აცნობიერებენ, რომ მეტის მოთმენა არ შეიძლება და მოქმედებაზე გადადიან.
მონაწილეთა მობილიზაცია მოქმედებისათვის. ზემოთ დასახელებული ფაქტორების არსებობის შემთხვევაში, ერთადერთი რამ, რაც რჩება, არის სოციალური ჯგუფის ამოქმედება. ეს, შესაძლოა, გამოიხატოს პანიკის გავრცელებით, მტრობის დაწყებით, რეფორმის ინიცირებით ან რევოლუციური მოქმედებებით. მობილიზაციის ამ პროცესში, სმელზერის მიხედვით, უაღრესად მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ მოქმედებენ ჯგუფის ლიდერები.


სმელზერის სქემაში უკანასკნელ ფაქტორს წარმოადგენს სოციალური კონტროლის მექანიზმების მოქმედება. სმელზერი თვლის, რომ, გარკვეული აზრით, ეს ფაქტორი ყველა სხვა ფაქტორს მოიცავს. სოციალური კონტროლის მექანიზმები წარმოადგენს იმ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლებიც ხელს უშლის ზემოთ მოყვანილი ფაქტორების „დაგროვებას“ და კოლექტიური მოქმედების განხორციელებას. აღნიშნულ მექანიზმებს სმელზერი ორ ფართო ტიპად ჰყოფს: ა). სოციალური კონტროლის მექანიზმები, რომლებიც დაძაბულობის მინიმიზებას ახდენენ. ეს მექანიზმები აღკვეთენ კოლექტიურ ქმედებას კონკრეტულ ფაქტორზე შეტევით (მაგალითად, მთავრობას შეუძლია, გააუქმოს არაპოპულარული კანონი ან სულაც გააძლიეროს პოლიციური კონტროლი და ზედამხედველობა); ბ). სოციალური კონტროლის მექანიზმები, რომლებიც კოლექტიური ქმედების განხორციელების შემდეგ ამოქმედდებიან. ამ ტიპის მექანიზმების ეფექტურობის შესაფასებლად, გასაანალიზებელია, თუ როგორ მოქმედებენ კონტროლის შესაბამისი ორგანოები (პოლიცია, სასამართლო, პრესა, რელიგიური ავტორიტეტები და ა.შ.) კოლექტიურ ქმედებასთან მიმართებაში (ხისტი პოზიცია აქვთ თუ მერყევი, ხომ არ ემხრობიან ისინი მღელვარებას და ა.შ.).
აღნიშნული ექვსი ფაქტორის ანალიზის საფუძველზე სმელზერს სურდა, დაედგინა, თუ რა უდევს საფუძვლად ამა თუ იმ სახის კოლექტიური ქმედებას და რა იწვევს იმას, რომ კონკრეტული კოლექტიური ქმედება სწორედ მოცემული (და არა სხვა) ფორმით ხორციელდება. რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ყველა სახის თეორიას, სმელზერის კოლექტიური ქმედების თეორიასაც გამოუჩნდნენ კრიტიკოსები. ისინი აღნიშნავენ, რომ სმელზერის თეორიის მიხედვით, ინდივიდთა კოლექტიურ ქმედებებს ირაციონალური ფაქტორები განსაზღვრავს (შემდგომმა თეორეტიკოსებმა (მაგალითად, ალენ ტურენმა) ყურადღება გაამახვილეს კოლექტიური ქმედების საფუძველმდებარე რაციონალურ ფაქტორებზე); რომ სოციალური მოძრაობები, შესაძლოა, გაძლიერდეს დამაჩქარებელი ფაქტორების გარეშე და ა.შ. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში ჩემს მიზანს არ წარმოადგენს სმელზერის კოლექტიური ქმედების თეორიის კრიტიკული განხილვა. მე უფრო მაინტერესებს ამ თეორიის პრაქტიკული ღირებულება ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე (თუნდაც იმის დაშვებით, რომ ამ შემთხვევაში თეორიის გარკვეული ასპექტები საგრძნობლად გამარტივდება).
ჩვენს ქვეყანაში დღეს არსებული ვითარება ამ სახის განაზრებებისკენ მიბიძგებს. „ვინ წაიკითხავს შენს ნაწერს და რა შეიცვლება ამით?“ მკითხა რამდენიმე დღის წინ ჩემმა მეგობარმა, რომელიც საბანკო სფეროში მუშაობს. უნდა ვაღიარო, რომ ეს შეკითხვა მეც მაწუხებს. ამ შეკითხვაზე პასუხს ისევ და ისევ კრიტიკული თეორიის წარმომადგენელთა ნააზრევში ვეძებ. ჩემს წერილში „წინასაახალწლო დანამატები ანუ როგორ მოვრთოთ საახალწლო სუფრა გადამხდელთა ფულით“ (23.12.2014) ვახსენე გერმანელი ფილოსოფოსისა და სოციალური თეორეტიკოსის მაქს ჰორკჰაიმერის სტატია „ტრადიციული და კრიტიკული თეორია“, სადაც ავტორი საუბრობს საზოგადოებაში არსებულ არაჰუმანურ პრაქტიკებსა და კრიტიკული ცნობიერების საჭიროებაზე. ამჟამად ისევ აღნიშნულ სტატიაზე გავამახვილებ ყურადღებას (სხვათა შორის, ფილოსოფიითა და სოციალური თეორიით დაინტერესებულ ყველა ახალგაზრდას (და არა მხოლოდ მათ) ვურჩევ, თავად გაეცნონ ამ ნაშრომს). 



ჰორკჰაიმერი აღნიშნავს, რომ თანამედროვე საზოგადოებაში პროლეტარიატის მდგომარეობა არ არის სწორი ცოდნის გარანტია. ვფიქრობ, რომ დღევანდელ ვითარებაში შეგვიძლია, სიტყვა „პროლეტარიატი“ ჩავანაცვლოთ ტერმინით „დაბალი და საშუალო კლასი“. მაშ ასე, რას ნიშნავს წინადადება, რომ დაბალი და საშუალო კლასის მდგომარეობა არ არის სწორი ცოდნის გარანტია? პირველ რიგში იმას, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებების თანახმად, ნორმალურად და მართებულად მიიჩნევა ის, რაც სინამდვილეში ჩაგვრას და ექსპლუატაციას (სხვისი შრომის მითვისებას წარმოადგენს). მაგალითად, ითვლება, რომ თუკი ინდივიდი წარუმატებელია, ეს იმის ბრალია, რომ მან სწორი ინვესტიცია ვერ განახორციელა, რომ მან სათანადოდ ვერ განკარგა თავისი თანხები ან რომ მას არ გააჩნია შესატყვისი „უნარები“. ამ დროს იჩქმალება ის გარემოება, რომ ხშირ შემთხვევაში ინდივიდებს წარმატების მიღწევაში სწორედ სტრუქტურული მიზეზები უშლით ხელს (ადეკვატური განათლების მიუწვდომლობა, მშობლების უმუშევრობა, მძიმე ეკონომიკური და სოციალური ფონი და ა.შ.). ის, რომ ყველაფერი ეს საზოგადოებრივი ცხოვრების აუცილებელ მახასიათებლად ითვლება (სამწუხაროა, მაგრამ ნორმალურია ის, რომ ვიღაცეები ნაგვის ურნებში იქექებიან, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანის საზრუნავი არის „რა ვჭამოთ ხვალ“), გაბატონებული იდეოლოგიის ბრალია.


 ეს არ არის მარქსიზმის „ძველი“ და ხისტი ვერსიის აღორძინება. არ არის აუცილებელი, იდეოლოგიის განმახორციელებლად ფაშისტური ან კომუნისტური სახელმწიფო ან კიდევ რომელიღაც ფეშენებელური სასტუმროს ოთახში შეკრებილი „ბოროტი“ კაპიტალისტები მივიჩნიოთ; არ არის აუცილებელი, რომ იდეოლოგია ოფიციალურად იყოს რაიმე დოკუმენტზე დაწერილი პროგრამის სახით (როგორც ეს გულუბრყვილოდ ჰგონიათ შეთქმულების თეორიის მომხრეებს). დღეს არსებული გაბატონებული იდეოლოგია უბრალოდ, გაბატონებული შეხედულებების ერთობლიობას წარმოადგენს. ამ ლიბერალური შეხედულებების თანახმად, სამყაროს ცენტრში ინდივიდი დგას და მას ყველაფერი ხელეწიფება. ბილ გეითსი, სტივ ჯობსი და სხვა ე.წ. „ვარსკვლავები“ ვილებით ბევერლი-ჰილსზე ამ იდეოლოგიის საყვარელი მაგალითებია.





სწორედ ეს იდეოლოგია ანუ თანამედროვე შეხედულებების ერთობლიობა უშლის ხელს დაბალ  და საშუალო კლასს, სწორად გაიაზროს თავისი მდგომარეობა (ეს განსაკუთრებით ითქმის დაბალ კლასზე). ჰორკჰაიმერი ამის თაობაზე წერდა, რომ თვით პროლეტარიატისთვისაც კი სამყარო ზედაპირულად სულ სხვაგვარია და რომ რეალობა კიდევ სხვაა (შედარება კინოსამყაროდან: „მატრიცაში“ გამოკეტილმა ადამიანებმა არ იციან, რომ მატრიცის გარდა სხვა რეალობა არსებობს).


რა უნდა ქნას ასეთ ვითარებაში თეორეტიკოსმა? ჰორკჰაიმერის აზრით, მან კრიტიკულად უნდა იაზროვნოს და ხელი შეუწყოს მასების თვითცნობიერების ამაღლებას (ისევ შედარება კინოსამყაროდან: ნეოს გამოსაფხიზლებლად მორფეუსი სჭირდება. ოღონდ ჩვენს შემთხვევაში წარმოვიდგინოთ, რომ მორფეუსს ბევრი ნეოს გამოღვიძება მოუხდება). მან არა მხოლოდ უნდა აღწეროს ის კონფლიქტები, რომლებიც საზოგადოებაში არსებობს, არამედ თავად საზოგადოების ცვლილებას შეუწყოს ხელი. კრიტიკული ცნობიერების მქონე თეორეტიკოსი, ვისაც უკეთესი რეალობა სურს, თავად მონაწილეობს მის შექმნაში (ჩემს წერილში „კრიტიკული ცნობიერების ნაკლებობის და, მაშასადამე, მისი აუცილებლობის შესახებ“ (22.06.2014) კრიტიკული ცნობიერების განსხვავებული ანალიზია მოცემული (ჯონ ადამსის განაზრებებზე დაყრდნობით), თუმცა, ჩემი აზრით, როგორც აღნიშნულ, ასევე, წინამდებარე წერილში კრიტიკული ცნობიერების შესახებ განაზრებებს საერთო   სულისკვეთება კვებავს).
როგორ საზოგადოებას ესწრაფვის კრიტიკული ცნობიერება? ისეთს, რომელიც რაციონალურად და ჰუმანურად იქნება მოწყობილი (რადგან თანამედროვე საზოგადოება ასეთი არ არის. საქართველოში ამაში დასარწმუნებლად უბრალოდ ქუჩაში გასვლაა საჭირო). ჰორკჰაიმერი მიიჩნევს, რომ თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნოლოგიის განვითარების ფონზე ეს სულაც არ წარმოადგენს უტოპიას (გავიხსენოთ, რომ მან თავისი სტატია 1937 წელს დაწერა, ხოლო მას შემდეგ მეცნიერება და ტექნოლოგია განუზომლად სწრაფად განვითარდა). ადამიანებს შეუძლიათ, შეცვალონ რეალობა, ხოლო ცვლილებისათვის აუცილებელი წინაპირობები უკვე არსებობენ.
ამ დებულებით კვლავ სმელზერს დავუბრუნდები. სოციალური ცვლილება განუყრელ კავშირშია სოციალურ მოძრაობებთან, რომლებიც, თავის მხრივ, კოლექტიურ ქმედებებს ემყარება. გავიმეორებ ზემოთ დასმულ საკითხს: რამდენად სასარგებლოა პრაქტიკულ ჭრილში სმელზერის თეორია ჩვენს ქვეყანაში დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებასთან მიმართებაში?
თუ სმელზერის მიდგომის მიხედვით ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი ვითარება მესამე საფეხურს შეესატყვისება: ქვეყანაში არსებობს სოციალური დაძაბულობა და განზოგადებული რწმენები იმის შესახებ, თუ რატომ არის ვითარება ცუდი (რაც შეეხება პირველ ფაქტორს, ის როგორც ახლანდელი, ასევე, წინა ხელისუფლების ფარგლებშიც მოქმედებდა: კოლექტიური თავყრილობები და პროტესტის მშვიდობიანი გზით გამოხატვა კონსტიტუციურად შესაძლებელია). სოციალური დაძაბულობის არსებობა ნათელია: მზარდი უმუშევრობა, საზღვარგარეთ ემიგრაციის მზარდი მაჩვენებელი და ახალგაზრდებში ქვეყნის დატოვების სურვილის ზრდა („რა ჯანდაბა ვაკეთო ამ ქვეყანაში?“), სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი, ოკუპირებული ტერიტორიები და რუსეთის აგრესიის რეალური საფრთხე ყოველივე ეს ქართული საზოგადოების შიგნით ღრმა დაძაბულობებს წარმოშობს (ამის საპირისპიროდ ქართული ტელევიზია ხელოვნურად ფაბრიცირებული პრობლემებით მანიპულირებს: სექსუალური უმცირესობების თუ უმრავლესობის წარმომადგენელთა სენტიმენტალურ-გულისშემძვრელი ისტორიებით, რასაც თან ერთვის მაღალფარდოვან სტილში წარმოდგენილი უაზრო შეფასებითი დებულებები „ქართული მენტალობის“ შესახებ, სექსის თემატიკის უნიჭო გაშუქებით (რადგან შესაძლებელია ამ თემატიკის აზრიანი გაშუქებაც), ასევე უაზრო შოუებით, რომლებშიც მთავარია მწვავე პოლიტიკური განცხადებები და არა პრობლემის გადაჭრის რეალური გზების ძიება).


რაც შეეხება განზოგადებულ რწმენებს, ვფიქრობ, რომ ისინი ამჟამად ჩამოყალიბების პროცესშია: სამარშრუტო ტაქსებში, ავტობუსებში, გაჩერებებზე, კაფეებში თუ კერძო საუბრებში ხშირად გაიგონებთ განცხადებებს: „არაფერი არ მუშაობს“, „ყველაფერი გაჩერებულია“, „კრიმინალი გაიზარდა“, „დეპუტატები ერთმანეთს ჭამენ“ და ა.შ., რომელიც შემდეგ დაიყვანება ერთ ზოგად დებულებაზე: „მთავრობა უუნაროა“.
ამ სტატიაში ჩემი მიზანი არაა ამ კონკრეტული დებულებების მართებულობა-მცდარობის შემოწმება. ფაქტია, რომ ისინი არსებობენ მოსახლეობის საგრძნობ ნაწილში (დაე, პოლიტიკოსებმა, როგორც ხელისუფლების, ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებმა, თავიანთი გამოკვეთილი გამოიტანონ აქედან). ისიც ფაქტია, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს უკვე სერიოზულად აღიზიანებს მუდმივად წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა დანაშაულებრივ ქმედებებზე საუბარი (უფულობა და „რა ვჭამოთ ხვალ“ შეკითხვა დიახაც მწვავეა), რასაც თან ერთვის ხელისუფლების სრული უმწეობა, რაიმენაირად მაინც შეაჩეროს ლარის ვარდნა. მასმედიის მეშვეობით როგორც საქართველოს ყველაზე დიდი კაპიტალისტი, ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი, ასევე, სხვა პოლიტიკოსებიც მოსახლეობას უხსნიან, თუ რას ნიშნავს მსოფლიო ბაზარი, ნავთობის ფასი, რეგულაცია-დერეგულაცია, გლობალიზაცია, მონეტიზაცია, კაპიტალიზაცია და თუ რა კავშირშია ეს ყველაფერი ლარის ვარდნასთან. თუმცა, გულუბრყვილო პოლიტიკოსების საყურადღებოდ აღვნიშნავ, რომ ზუგდიდის, თელავის, ჭიათურის, ოზურგეთის და ა.შ. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოსახლეობას საერთოდ არ აინტერესებს ეს ტერმინოლოგიური ბრახაბრუხი. მათ იციან მხოლოდ ერთი: ლარი გაუფასურებას განაგრძობს და ეს არის ფაქტი და რა ხდება საუდის არაბეთსა და ბრიუსელში, საშუალო მოქალაქეს არ აინტერესებს. სამაგიეროდ, მას ძალიან აინტერესებს, რა ხდება მის საფულესა და მაცივარში და ისიც იცის, რომ თუ ასე გაგრძელდება, არჩევნებზე განსხვავებულად მოიქცევა (აი, რა უნდა ადარდებდეთ პოლიტიკოსებს, თუკი გაყალბებაზე არ ფიქრობენ).



შესაბამისად, საინტერესოა, იმ შემთხვევაში, თუ ლარის კურსი კიდევ უფრო დაეცა, იქნება თუ არა ეს დამაჩქარებელი ფაქტორი, რომელიც კოლექტიურ ქმედებებს (საპროტესტო აქციები, მღელვარებები) გამოიწვევს? ვფიქრობ, იქნება და აქვე დავძენ, რომ ეს სცენარი უაღრესად არასასურველია, რადგან ის საგრძნობ დესტაბილიზაციას გამოიწვევს. გამოცდილებამ აჩვენა, რომ სოციალური კონტროლის ის მექანიზმები, რომლებიც კოლექტიური ქმედების განხორციელების შემდეგ ამოქმედდებიან, არაეფექტური აღმოჩნდა. მხედველობაში მაქვს წინა ხელისუფლების დროს განხორციელებული რეპრესიული ღონისძიებები 2007 წლის 7 ნოემბერსა და 2011 წლის 26 მაისს. ამ აგრესიულმა ქმედებებმა კატასტროფულად შეამცირა ხელისუფლების ნდობა და უკვე ე.წ. „ციხის ვიდეოჩანაწერების“ გასაჯაროება დამაჩქარებელ ფაქტორად მოგვევლინა, რომელმაც, ამავე დროს, საზოგადოებას „გარეთ გასვლისკენ“ უბიძგა (მახსოვს, როგორ დაიწყეს ჩემმა სტუდენტებმა უეცრად ლექციების გაცდენა და აქციებზე სიარული. ბევრი მათგანი ალბათ თვლიდა, რომ ისინი რაღაც მნიშვნელოვან პროცესში იყვნენ ჩართული). ამ ფონზე „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებია.





ამრიგად, სოციალური კონტროლის რეპრესიული მექანიზმების ამოქმედება არ უნდა იყოს გონივრული ალტერნატივა არსებული ხელისუფლებისათვის, რადგან ის სწორედ ამ რეპრესიული აპარატის გაუქმებას შეჰპირდა მოსახლეობას (ამის ნაცვლად შსს-ს უფლებამოსილებები გაეზარდა, რაც ერთობ უცნაურია). შესაბამისად, სმელზერის მოდელის თანახმად, ხელისუფლება მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს სოციალური დაძაბულობის მინიმიზებას. ეს არ გულისხმობს მხოლოდ ლარის გამყარებას. თუმცა, პირველ რიგში, ესაა მისაღწევი. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს გულისხმობს სამუშაო ადგილების შექმნას და მოსახლეობისათვის იმის ჩვენებას, რომ ქვეყანაში რაღაც პოზიტიური ხდება. სამწუხაროდ, მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი დღეს საპირისპიროს ფიქრობს. ნათელია: მთავრობას მთელი თავისი რესურსების მობილიზება მოუწევს status quo-ს დასაბრუნებლად (ასეთ ვითარებაში რაიმე პროგრესზე საუბარი, ალბათ, ერთობ რთულია). ხელისუფლების მხრიდან იმის იმედი, რომ „ნაციონალები“ იმდენად დისკრედიტირებულები არიან, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მათ გარშემო ვერ დაირაზმება, კარგი იდეა არ უნდა იყოს. შესაძლოა, სხვა ძალა გამოვიდეს ასპარეზზე, რომელიც მოსახლეობის ქმედებების კოორდინირებას და გარკვეული მიმართულებით წარმართვას შეეცდება. აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საზოგადოება უამრავი აქტორისაგან შედგება და ხშირად ინდივიდუალური და სოციალური აქტორების მიზანმიმართულ ქმედებებს გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვება ხოლმე. ლარის დასტაბილურება რომც მოხერხდეს, შესაძლოა, სხვა დამაჩქარებელი ფაქტორი აღმოცენდეს, რაღაც ისეთი მოვლენა, რომლის არსებობასაც ამჟამინდელი პერსპექტივიდან ვერ განვჭვრეტთ და რომელიც კარდინალურად შეცვლის არსებულ ვითარებას.


ამ ბოლო აბზაცში მივუთითებ იმ დებულებებზე, რომლებიც მხედველობაში მქონდა, როცა აღნიშნულ წერილს ვწერდი: საჭიროა, რომ მმართველი კლასის წევრებმა (ახლანდელმა და ყველა მომავალმა) უფრო მეტად გააცნობიერონ მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა და კრიტიკაზე უფრო ჯანსაღი რეაგირება მოახდინონ. როცა საზოგადოების მოთხოვნილებები ერთია, ხოლო პოლიტიკოსების პასუხები და გეგმები სადღაც ანდრომედას გალაქტიკაშია საძიებელი, ეს ვერაფერი ნუგეშია მმართველობის ქვეშ მყოფი ადამიანებისათვის. რაც ყველაზე უფრო მთავარია, მოქალაქეები კიდევ უფრო აქტიურები, კიდევ უფრო კრიტიკულები და მომთხოვნები უნდა გახდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლევიათანი ანუ სახელმწიფო თავისი კლანჭებით კიდევ უფრო ღრმად ჩაებღაუჭება საზოგადოების სხეულს და ვაი მას, ვისაც ეს მომწამვლელი კლანჭები გაედება.