Search This Blog

Thursday, October 22, 2015

მორალიზმი და ფარსი ქართულ პოლიტიკაში


რასაც დასთეს, იმას მოიმკი.
ხალხური

-         თქვენ გინდათ დემოკრატია?
-         კი, კი, გვინდა!
-         კი მაგრამ, მაშინ რატომ ღრიალებთ?

უცნობი სცენა ათენის აგორიდან





პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" სიმბოლო სწორედ ის ნიღბიანი მამაკაცია, რომელიც აღნიშნულ ვიდეომასალაში მოქალაქეს აუპატიურებს“. ამავე განცხადებაში იგი ნაციონალურ მოძრაობას „დანაშაულებრივ ორგანიზაციას“ უწოდებს და მიიჩნევს, რომ სახეზეა „არეულობისა და ქაოსის“ შექმნის მცდელობა. გარდა ამისა, იგი, ასევე, აცხადებს, რომ „დღეს მედიასივრცე გაჯერებულია მხოლოდ ტყუილით“ (წყარო: ინტერპრესნიუსი).

ამჟამად პოლონეთში ვიმყოფები და, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ინტერესით ვადევნებ თვალყურს იმას, რაც ჩვენს სამშობლოში ხდება. ვფიქრობ, რომ უკანასკნელ დროს განვითარებული მოვლენები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ.

პირველ რიგში, იმთავითვე გამოვკვეთ ჩემს პოლიტიკურ ორიენტირებს, რათა პარტიული მიკერძოებულობის ბრალდება გავაქარწყლო. როგორც აკადემიურ სფეროში მოღვაწე პირი, საკმაოდ დიდი სკეპტიციზმით ვარ განმსჭვალული პოლიტიკოსების მიმართ და მივიჩნევ, რომ საზოგადოება მათ ყოველთვის უნდა აკრიტიკებდეს. პოლიტიკოსები ყოველთვის უნდა იყვნენ ანგარიშვალდებულნი საზოგადოების წინაშე. მხედველობაში მაქვს ყველა პოლიტიკოსი: პარლამენტის წევრები (პოზიცია + ოპოზიცია), მინისტრები, პრემიერ-მინისტრები თუ პრეზიდენტები.

ის, რაც დღეს ხდება ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში, დიდწილად, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაშვებული შეცდომების შედეგია, რომლებიც საკმაოდ ბევრია იმისათვის, რათა მათ ამ პოსტში შევეხო. მიუხედავად მთელი რიგი დადებითი მომენტებისა, რაც მათ მმართველობას მოჰყვა შედეგად, მათ ელექტორატი დაკარგეს და არჩევნებიც წააგეს. ეს ფაქტობრივი ვითარებაა. მათმა ზედმეტმა თავდაჯერებულობამ მათივე მარცხი განაპირობა.

ჯონ დიუის ნაშრომის „თავისუფლება და კულტურა“ ჩემეული თარგმანის წინასიტყვაობაში მივუთითე ერთ სენზე, რომელსაც მყარად აქვს ფესვები გადგმული ქართულ პოლიტიკურ რეალობაში. ეს სენი წინა ხელისუფლებების გამუდმებული დამცირება და ლანძღვაა. საუბედუროდ, ამ სენით ბევრი ქართველი პოლიტიკოსი დაავადდა და ვშიშობ, რომ დღესაც ეს ვირუსი საკმაოდ მძლავრობს. შესაძლოა, ის ებოლასავით მომაკვდინებელი არ იყოს, მაგრამ მას საკმაოდ ცუდი თვისებები აქვს: თუკი ქრონიკულ თვისებაში გადადის, დემოკრატიის იმპოტენციას და აზროვნების დაჩლუნგებას იწვევს.

განსაკუთრებით საშიშია ის გარემოება, როდესაც პოლიტიკოსები მორალური კატეგორიებით მანიპულირებას იწყებენ. რა თქმა უნდა, ციხეში წამებას ჰქონდა ადგილი და ეს ყველაფერი საშინელებაა. ამ გამწარებულ ადამიანთა ტკივილზე წერას აზრი არა აქვს, რადგან ეს არაფერს შველის. ნორმალურ სახელმწიფოში ყველანაირად ეცდებოდნენ დამნაშავეთა დასჯას უსწრაფესად, დაზარალებულთა ანონიმურობის მაქსიმალურ გარანტირებას და მათთვის სათანადო ფსიქოლოგიური და ემოციური დახმარების აღმოჩენას.

მაგრამ ის ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ასეთი საშინელი ფაქტები ხდებოდა, არ უნდა ნიშნავდეს იმას,

რომ მართებულია ქალაქის ცენტრში, ტელეეკრანებზე აღნიშნული კადრების ჩვენება, მოსწავლეებისა და პედაგოგების წაყვანა საგანგებოდ ამისთვის მოწყობილ ღონისძიებებზე. ბოლოს და ბოლოს, გავუსწოროთ რეალობას თვალი და ვთქვათ, რომ, საბედნიეროდ, ჩვენ დახაუ და ოსვენციმი არ გვქონია. შესაბამისად, ამ ფაქტების შემდეგ საჭიროა ეფექტური გამოძიება და არა მასების ემოციებზე ზემოქმედება ვიდეოების მეშვეობით.

მიუხედავად იმისა, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში აქციის მონაწილეებს საკმაოდ მკაცრად გაუსწორდნენ (რისი შემსწრეც თავად ვიყავი), ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას,

რომ მთელი ნაციონალური მოძრაობა დამნაშავეთა ხროვად მოვიხსენიოთ და მათზე პოლიტიკური ნადირობა გამოვაცხადოთ. რა უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ამ საზიზღარი კადრების ხელახლა გამოჩენას და ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებას („მე ვფიქრობ, რომ სისხლიანი რეჟიმის, "ნაციონალური მოძრაობის", სააკაშვილის გუნდის პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს", წყარო: ინტერპრესნიუსი) სწრაფად მოჰყვა თავდასხმები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებზე ფოთში, გორში, ოზურგეთში, ქუთაისში, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაზე და ა.შ.



ეს უკვე ძალიან ცუდია. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ისევ ვკარგავთ რაციონალური განსჯის უნარს და ავადსახსენებელი 90-იანი წლების სულისკვეთებას ვუბრუნდებით. ბოღმის გადმონთხევა ბიბლიოთეკაზე უკიდურესი რეაქციონიზმის და სიბნელის გამოხატულებაა. 

კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩემს ცენტრალურ თეზისს: ჩვენ უნდა ვაკრიტიკოთ ყოველი ხელისუფლება. თუკი დემოკრატიის ჩამოყალიბება გვსურს, მაშინ გზა კრიტიკასა და დებატებზე გადის. წინააღმდეგ შემთხვევაში პუტინის რუსეთს და ლუკაშენკოს ბელორუსს მივიღებთ, სადაც საზოგადოებრივი აზრი დამბლადაცემულია და ადამიანთა დიდი ნაწილი, მხეცების მსგავსად, გონების ნაცვლად ინსტინქტებს ეყრდნობა. 




პოზნანში ყოფნისას ჩემთვის ნამდვილი კულტურული შოკი იყო ბელორუსი სტუდენტების აღმოჩენა: მათი აბსოლუტური უმრავლესობისათვის უცნობია, თუ რას ნიშნავს საერთოდ სიტყვა „დემოკრატია“, რატომ არის კარგი განსხვავებული აზრის არსებობა, რატომ უნდა ცდილობდე, რომ შენს ქვეყანაში რაღაც შეცვალო, „თუკი შეგიძლია, რომ იქედან უბრალოდ გაიქცე“ (ასეთია მათი დიდი ნაწილის ხედვა).





სრული დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ დღევანდელ ვითარებაში, როდესაც ჩვენზე ემოციები და ვნებები ბობოქრობენ, საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე ვდგავართ: 

ჩვენ უნდა გავიაზროთ (რაც არ უნდა რთული იყოს ეს), რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ უდრის ცოცხებსა და ციხის კადრებს. ჩემი ექსპედიციების დროს მე პირადად მინახავს საქართველოს სხვადასხვა სოფლებში ადამიანები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, უბრალო გლეხები იყვნენ. მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მათაც დავაკისროთ პასუხისმგებლობა?

სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელთა მორალისტური განცხადებები ამხელს იმ ფარსს, რომელშიც ყველანი ვიმყოფებით: აღტკინებულები და ანგაჟირებულები, ჩვენ ვმსჯელობთ მორალზე, ვყვირით, ვისვრით კვერცხებს და ბოთლებს და გვგონია, რომ ასე ავაშენებთ სამოქალაქო საზოგადოებას.

განვიხილოთ ჰიპოთეტური შემთხვევა: წარმოვიდგინოთ, რომ „რუსთავი 2“ გაქრა და „ნაციონალური მოძრაობაც“ წავიდა პოლიტიკური სცენიდან. ძალიან მაინტერესებს, მაშინ რაზე მოახდენს აპელირებას ჩვენი ხელისუფლება? „უკანმოუხედავად გაქცეული ლარი“, შლიგინ-შლიგინით გამოწერილი პრემიები, დენისა და გაზის შეზღუდული მიწოდება ის პრობლემებია, რომლებიც, სამწუხაროდ, სულ მალე ახალი ძალით იჩენენ თავს.

გარდა ამისა, ჯარში და ციხეებში ისევ კვდება ხალხი. ბოლო სამი წლის განმავლობაში „ინტერპრესნიუსის“ მეშვეობით ხშირად წამიკითხავს ასეთი სამწუხარო ფაქტების შესახებ. ახლახან კიდევ ჯარისკაცმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მომავალმა ხელისუფლებამ რომ ამ საქმეების გამოძიება დაიწყოს და შემზარავი ვიდეოები და დანაშაულები აღმოაჩინოს, მაშინ ვის მივდგეთ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს? განა ეს სწორი იქნება?

ეს წუთია, წავიკითხე, რომ „ქიბარ ხალვაშის სარჩელზე მოსამართლე გადაწყვეტილებას დღეს არ გამოაცხადებს“ (წყარო: ინტერპრესნიუსი). აშკარაა, რომ ამ არხის ირგვლივ სერიოზული ვნებები ბობოქრობენ. ხომ არ გახდება „რუსთავი 2“-ის შემთხვევა ის დამაჩქარებელი ფაქტორი, რომლის შესახებაც ადრეულ პოსტში ვსაუბრობდი? თუ ხელისუფლება ახალი, გადამწყვეტი დარტყმისთვის ემზადება? შეძლებს თუ არა პრეზიდენტი მარგველაშვილი ზომიერი ოპოზიციის შემოკრებას მის ირგვლივ და მოგვევლინება თუ არა იგი ახალ პოლიტიკურ ლიდერად? გადაწყვეტს თუ არა ქართული პოლიტიკის დამოკლეს მახვილი, ბიძინა ივანიშვილი, ღიად ჩაერთოს მიმდინარე პროცესებში?

ამას ჩვენი პოლიტიკური ფარს-სერიალის მომდევნო სერიებში ვიხილავთ. მთავარი კი ერთია: როგორც რიგითმა ამომრჩევლებმა და მოქალაქეებმა მოვუხმოთ ქრისტიანული ჰუმანურობის პრინციპებს, საღ აზრს, გონიერებას და არავის, არავის მივცეთ ჩვენით მანიპულირების საშუალება. ჯონ დიუის რომ დავესესხოთ, უნდა გვახსოვდეს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებას არადემოკრატიული გზებით ვერასოდეს ავაშენებთ.


P.S. ამ პოსტის უდიდესი ირონია ისაა, რომ 2007 წელს, როდესაც ჯერ კიდევ ბაკალავრიატის სტუდენტი ვიყავი, ვერაფრისდიდებით წარმოვიდგენდი, რომ დავწერდი ისეთ პოსტს, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ დაჩაგრულ მხარედ წარმოჩნდებოდა :-) იმედი მაქვს, რომ 2023 წელს ანალოგიური პოსტის დაწერა არ მომიწევს...