Search This Blog

Thursday, March 31, 2016

გულუბრყვილო შეკითხვები ქალაქ თბილისის მოქმედ (და ყველა მომავალ) მერს

        დღეს მნიშვნელოვანი დღეა. 25 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს ჩვენს ქვეყანაში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის შედეგების საფუძველზე საქართველომ 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
            თუმცა, ჩემი დღევანდელი წერილი, როგორც ამას სათაური აჩვენებს, ამ შესანიშნავ მოვლენას არ ეხება. პოლონეთში Erasmus-ის სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ფარგლებში ექვსთვიანი ყოფნის შემდეგ საქართველოში სამი კვირის წინ დავბრუნდი. სამშობლოში დაბრუნებულს საკმაოდ ბევრი რამ მომხვდა თვალში. სამწუხაროდ, ძირითადად უარყოფითი. ამჯერად მსურს, ერთ-ერთ მათგანზე გავამახვილო ყურადღება.
            დღეს დიდ დიღომში სეირნობის შემდეგ რამდენიმე გულუბრყვილო შეკითხვა გამიჩნდა. არც კი გავიფიქრებდი თბილისის მერისთვის მიმემართა მხოლოდ ამ შეკითხვების გამო. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სივრცეების და ადგილების კვლევა ჩემი სამეცნიერო-კვლევითი ინტერესების ძირითად სფეროს განეკუთვნება, თავი მაინც ვერ შევიკავე. გარდა ამისა, ამ შეკითხვას იმდენად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, რომ მის ადრესატად თბილისის არა მხოლოდ მოქმედი, არამედ ყველა მომავალი მერი მიმაჩნია (გარკვეულწილად, ყოფილებიც). შესაბამისად, მიმართვის დროს მრავლობით რიცხვს გამოვიყენებ.
            მაშ ასე, ბატონებო, ქალაქდაგეგმარების ექსპერტი არ გახლავართ, თუმცა მინახავს  და დამითვალიერებია როგორც დიდი, ასევე, მცირე ევროპული ქალაქები (ბერლინი, ვარშავა, რომი, ჰამბურგი, პოზნანი, კრაკოვი, ფლორენცია, გდანსკი, გოსლარი, ფიუჯი და სხვები). თბილისში ნაცხოვრებს მუდამ თვალს მჭრიდა მწვანე საფარის სიუხვე და როდესაც ასეთ ადგილებში მოვხვდებოდი ხოლმე, ძალიან მიხაროდა, რადგან სიმწვანე მიყვარს. ამასთანავე, ერთგვარად მწყინდა კიდეც, რომ ჩვენს შესანიშნავ დედაქალაქში სიმწვანის ნაკლებობაა და დედაქალაქი თბილისი, ამავე დროს, ბეტონ-ქალაქიცაა.
            ბატონებო, დიდ დიღომში მეორე წელია რაც ვცხოვრობ. როდესაც საცხოვრებლად ქალაქის ამ ნაწილში გადმოვედი, გამიხარდა, რადგან თავისუფალი, ღია სივრცე მომხვდა თვალში. მართალია, მოშიშვლებული და მოტიტვლებული, ვერანა სივრცე, მაგრამ მაინც გამიხარდა, რადგან ბეტონის კორპუსების ცქერამ, მომიტევეთ და, დამღალა.
            პოლონეთიდან დაბრუნებულს მშენებლობის ბუმი დამხვდა დიდ დიღომში. რა თქმა უნდა, უაღრესად კეთილშობილური და მისასალმებელია, რომ მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე რაღაც მაინც შენდება. მაგრამ იმან, რაც ვნახე გამაჯავრა და ასეთი გულუბრყვილო შეკითხვები გამიჩნდა:



            ბატონებო, თქვენს უფლებამოსილებას, ტალანტს, ინტელექტსა და ნიჭს ეჭვქვეშ ვერ დავაყენებ, რადგან ხალხის მიერ ხართ არჩეულნი. მაგრამ ნება მიბოძეთ, შეგახსენოთ ერთი სიტყვა, რომელიც მშენებლობის მოყვარულებს ნამდვილად და(გ)ავიწყდათ.

            პარკი, ბატონებო, პარკი! არა, პოლიეთილენის პარკი კი არა, ყოველ მეორე ხეს რომ ამშვენებს საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოსავით, არამედ ისეთი პარკი, სადაც ბევრი ხე დგას, სადაც ბავშვები თამაშობენ, მოხუცები და ახალგაზრდები სეირნობენ და სადაც გავლა და დასვენება ყველა ჯანსაღი შეგნების ადამიანს უხარია.




            ბატონებო, მაინტერესებს, დაგიხედავთ თუ არა თქვენ ან თქვენი ქალაქდაგეგმარების სამსახურის წარმომადგენლებს Google Maps-ის სატელიტურ რუკებზე? ღრმად განათლებულო ბატონებო, თქვენ შეგიძლიათ თქვენი თვალებით იხილოთ, თუ რა ადგილი უჭირავს ევროპულ ქალაქებში მწვანე სივრცეს.


            ბატონებო (და აქ ჩემი შეკითხვა ყოფილ მერებს თუ ქალაქდაგეგმარების სამსახურის წარმომადგენლებსაც ეხება), რატომ აქციეთ თბილისი საქართველოში ეკოლოგიურად ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქალაქად?
            ბატონებო, რატომ ემტერებით ასე გააფთრებით ღია სივრცეს, რატომ აშენებთ ასეთი გამალებით ყველა თავისუფალ ადგილზე ბეტონის კორპუსებს?
            (ერთ-ერთმა ტაქსისტმა მითხრა, ამ საქმეში ფული კეთდებაო. ალბათ, ასე უნდა იყოს)




            ბატონებო, სად უნდა ითამაშონ ჩვენმა ბავშვებმა? სად უნდა ისეირნონ ჩვენმა მოხუცებმა და ახალგაზრდებმა? უგანათლებულესო ბატონებო, ყველამ ვაკის პარკში და მთაწმინდაზე ვიაროთ?
            პატიოსანო და პასუხისმგებლობით აღსავსე ქალაქის თავნო, რატომ არ არის დიდი პარკი ან ნორმალური სკვერი ქალაქის ყველა უბანში? სად არის პარკი დიდ დიღომში? ისანში? მუხიანში? ან თუ არის, რა მდგომარეობაშია ისინი?
            ბატონებო, რატომ არ ქმნით ქალაქში დიდ პარკებს? განა არ გსურთ, თქვენი სახელი რაღაც ამაღლებულსა და მშვენიერს დაუკავშირდეს? ვეჭვობ, კორპუსებმა მოგიტანონ სახელი. რატომ უჭედავთ ყურებს პატიოსან მოქალაქეებს მილიონ ხესა თუ პანორამებზე საუბრებით? პატივი ეცით თავისუფალ სივრცეს და მიეცით ქალაქს მეტი სიმწვანე!
            ის თბილისი, რომლის დამახინჯებაშიც საბჭოთა ხელისუფლებამ დიდი წვლილი შეიტანა, თქვენ კიდევ უფრო დაამახინჯეთ და ეს პროცესი ისევ გრძელდება. კიდევ მეტი მშენებლობა, უფრო მეტი ბეტონი და რეკლამა! კეთილდღეობის ნიღაბს ამოფარებული კაპიტალიზმის საფარქვეშ გაბატონებული ელიტა აგრძელებს საზოგადოების ექსპლუატაციას. თუკი მათი (იქნებ თქვენიც, ბატონებო) შვილები ევროპის ქალაქებში იგრილებენ ფილტვებს, საზოგადოების სხვა წევრებმა რა დააშავეს?




                     

ბატონებო, ის რაც ხდება, საგანგაშოა. მოსახლეობის მკვეთრი მატება და რეკრეაციული სივრცის უკიდურესი სიმწირე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს მოქალაქეებზე. ქალაქის ჩქარი ტემპით გადაღლილი ადამიანები ვერ შეძლებენ განტვირთვას (ყველა ვერ დადის გუდაურ-ბაკურიან-ურეკ-ქობულეთში). ეს კი გაზრდის ნევროზების, დანაშაულებრივი შემთხვევების და უსაზრისობის განცდას. თქვენ რას იტყოდით ამასთან დაკავშირებით?

       ვისურვებდი, რომ თქვენი პასუხი მხოლოდ სიმწვანის შექმნით შემოფარგლულიყოს.