Search This Blog

Tuesday, December 13, 2016

მარსელ ვან ჰერპენი - „პუტინის პროპაგანდისტული მანქანა. რბილი ძალაუფლება და რუსეთის საგარეო პოლიტიკა“

Rowman & Littlefield Publishers
978-1-4422-5360-5 • Hardback • October 2015 • $79.00 • (£52.95)
978-1-4422-5361-2 • Paperback • October 2015 • $32.00 • (£22.95)
978-1-4422-5362-9 • eBook • October 2015 • $31.99 • (£22.95)
Pages: 336 

By Marcel H. Van Herpen










პრო-ევროპული და პრო-ატლანტიკური კვლევითი ცენტრის ციცერო ფაუნდეიშენის" დირექტორი მარსელ ვან ჰერპენი აგრძელებს რუსეთის საგარეო პოლიტიკის ულმობელ კრიტიკას.  ამჯერად მისი სამიზნე რუსეთის ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანაა, რომლის  მრავალშრიან სტრუქტურასაც ვან ჰერპენი თანმიმდევრულად აანალიზებს თავის ნაშრომში. წიგნი სამი ნაწილისაგან შედგება. პირველ ნაწილში („რუსული რბილი ძალაუფლების ძიებაში“)  შვიდი თავია. აღნიშნულ თავებში ვან ჰერპენი განიხილავს „რბილი ძალაუფლების“ (soft power) ცნებას და მის გამოყენებას რუსულ პოლიტიკურ დისკურსში. აქ განხილულია არა მხოლოდ ის სტრატეგიები, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლება იყენებს ქვეყნის იმიჯის გასაუმჯობესებლად, არამედ ის ფარული ტაქტიკებიც, რომელთა მეშვეობით რუსეთის მმართველი წრეები თავიანთი აგრესიული საგარეო პოლიტიკის გამართლებას ცდილობენ.
ნაშრომის მეორე ნაწილში („ახალი მისიონერული იდეოლოგიის შექმნა: რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის როლი“, თავები: 8-11) ვან ჰერპენი აანალიზებს რუსეთის ხელისუფლებასა და რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის არსებულ კავშირებს. მას ხისტი დასკვნები გამოაქვს: მისი აზრით, კრემლი რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას იყენებს როგორც საშუალებას საკუთარი მიზნებისათვის (ახალი, მესიანისტური რუსული იდეოლოგიის გავრცელება და რუსული იმპერიალიზმის გამართლება).
მესამე ნაწილი („ძირის გამოთხრა ატლანტიციზმისათვის: მოსკოვი - ბერლინი - პარიზი სტრატეგიული სამკუთხედის აგება“, თავები: 12-16) ეთმობა გერმანიასა და საფრანგეთთან რუსეთის ურთიერთობებს. ვან ჰერპენი მიიჩნევს, რომ მოსკოვი - ბერლინი - პარიზის ღერძი, რომლის საფუძველსაც ეკონომიკური ინტერესები ქმნის, საფუძველს უთხრის ევროპულ უსაფრთხოებას.
ქვემოთ თანმიმდევრულადაა განხილული ნაშრომის სამივე ნაწილი.
„რბილი ძალაუფლების“ ცნება ვან ჰერპენის ნაშრომის საკვანძო კონცეპტს წარმოადგენს. ეს ცნება პირველად გამოიყენა ამერიკელმა პოლიტოლოგმა ჯოზეფ ნაიმ (დაიბ. 1937 წ. ) 1990 წელს. 2004 წელს მან უფრო დააზუსტა ამ ტერმინის მნიშვნელობა. ნაის აზრით, ამა თუ იმ ქვეყნის რბილი ძალაუფლება ემყარება ამ ქვეყნის კულტურის, პოლიტიკური იდეალების, საშინაო/საგარეო პოლიტიკის მიმზიდველობას. აქედან გამომდინარეობს, რომ რბილი ძალაუფლება ცვლადი სიდიდეა: ის ქვეყნის მიერ წარმართულ პოლიტიკაზეა დამოკიდებული და არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს უცვლელ მოცემულობას (გვ. 22-23).
ვან ჰერპენის მიხედვით, რუსეთში „რბილი ძალაუფლების“ ცნებით სერიოზულად დაინტერესდნენ საქართველოსა და უკრაინაში მომხდარი ე. წ. „ფერადი“ რევოლუციების შემდეგ. „ამ მომენტში კრემლმა გააცნობიერა ახალი რეალობა, რომელშიც რბილი ძალაუფლება საკმაოდ ეფექტურ იარაღად შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული“ (გვ. 25). თუმცა, რუსეთის ხელისუფლებამ თავისებურად გაიაზრა რბილი ძალაუფლების ცნება, მიიჩნევს ვან ჰერპენი. ნაის განსაზღვრების თანახმად, რბილი ძალაუფლება დამოკიდებულია როგორც სახელმწიფოზე, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებაზეც. რუსეთის ხელისუფლებამ ჩამოაცილა რბილი ძალაუფლების ცნებას სამოქალაქო საზოგადოების განზომილება და ის ოფიციალურ სახელმწიფო პოლიტიკას დაუქვემდებარა. თუკი, როგორც წესი, რბილი ძალაუფლების ცნება არ გულისხმობს პოლიტიკურ თამაშში „დამარცხებულებისა“ და “გამარჯვებულების“ არსებობას და ის მხოლოდ ქვეყნის „მიმზიდველობის კოეფიციენტს“ ადგენს, რუსული რეინტერპრეტაციის შედეგად, რბილი ძალაუფლება გაგებულ იქნა როგორც რესურსი ხისტი ძალაუფლების გაძლიერებისათვის. ამან, ვან ჰერპენის აზრით, გამოიწვია ცნების თავდაპირველი მნიშვნელობის დამახინჯება რადგან მან თავის თავში მოიცვა ისეთი ქმედებები, როგორებიცაა შპიონაჟი, შანტაჟი და სხვა არალეგალური მოქმედებები (გვ. 27).
რუსეთის ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რბილი ძალაუფლების პოლიტიკაში ვან ჰერპენი სამ კომპონენტს გამოყოფს:
1.      მიბაძვა/მიმეზისი (mimesis)
2.      შემცირება (rollback)
3.      გამოგონება (invention)
პირველი კომპონენტი გულისხმობს რუსეთის ხელისუფლების მიერ დასავლური სტრატეგიების გადმოტანას რუსულ სინამდვილეში. 2008 წელს კრემლის ინიციატივით პარიზსა და ნიუ-იორკში დაარსდა დემოკრატიისა და თანამშრომლობის ინსტიტუტი (Институт демократии и сотрудничества) - ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის „ფრიდომ ჰაუსის“ (Freedom House) რუსული ეკვივალენტი. ინსტიტუტის მიზანია „ევროპაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა შესწავლა“, თუმცა რეალურად, ვან ჰერპენის აზრით, ის მიზნად ისახავს დემოკრატიის რუსული გაგების („მართვადი დემოკრატია“) პოპულარიზაციას. იმავე წელს, პრეზიდენტ მედვედევის განკარგულებით, დაარსდა ახალი ორგანიზაცია „როსსოტრუდნიჩესტვო“ (Россотрудничество), რომელიც საბჭოთა პერიოდში არსებული „როსზარუბეჟცენტრის“ (Росзарубежцентр) მემკვიდრეა. ორგანიზაციის მთავარი ფოკუსი დსთ-ს ქვეყნებია, თუმცა ის აქტიურ საქმიანობას აწარმოებს დსთ-ს საზღვრებს გარეთაც. ვან ჰერპენი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ორგანიზაციის მთავარი მიზანია არა რუსული კულტურისა და მეცნიერების გავრცელება, არამედ რუსეთის გეოპოლიტიკური გავლენის ზრდის ხელშეწყობა. იგი თვლის, რომ ანალოგიურ მიზანს ემსახურება ფონდი „რუსკი მირი“ (Русский мир), რომლის ოფიციალურ მიზანს რუსული ენისა და კულტურის პოპულარიზაცია წარმოადგენს. ვან ჰერპენი მიუთითებს სხვა ორგანიზაციებზეც: საერთაშორისო ურთიერთობათა რუსული საბჭო (Российский совет по международным делам), რომელიც 2010 წელს დაარსდა და რომელიც ატარებს სხვადასხვა შეხვედრებს საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით; გორჩაკოვის ფონდი (Фонд Горчакова), რომელიც, ასევე, 2010 წელს დაარსდა და რომლის მიზანია საჯარო დიპლომატიის განვითარების ხელშეწყობა (გვ. 34-39). ვან ჰერპენი თვლის, რომ აღნიშნულ ორგანიზაციებს რუსეთის ხელისუფლება ეფექტურად იყენებს საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიზნებისათვის. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ ამ ორგანიზაციათა ექსპერტთა საბჭოებში ან ადმინისტრაციაში პოლიტიკურად „მძიმეწონიანი“ ფიგურები (მაგალითად, იგორ ივანოვი, სერგეი ლავროვი, ლეონიდ დრაჩევსკი) გვხვდებიან (გვ. 40).
რუსული რბილი ძალაუფლების მეორე კომპონენტი გულისხმობს რუსეთში მოქმედი დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ისეთი რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების გავლენის შემცირებას, რომლებიც დასავლეთიდან ფინანსდებიან. 2012 წლიდან რუსეთში ამოქმედდა კნონი, რომელიც ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, დარეგისტრირებულიყვნენ როგორც „უცხოელი აგენტები“ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი დაფინანსებას უცხოეთიდან იღებდნენ. ვან ჰერპენი მიიჩნევს, რომ ეს მიზნად ისახავდა აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლების დისკრედიტაციას რუსეთის მოქალაქეთა თვალში, რადგან ეს ორგანიზაციები ვალდებულები ხდებოდნენ, ყველა თავიანთი პუბლიკაციისათვის დაერთოთ წარწერა „უცხოელი აგენტი“ (Иностранный агент). ეს კანონი დაახლოებით ათასამდე არასამთავრობო ორგანიზაციას შეეხო. 2012 რუსეთში შეჩერდა USAID-ის და UNICEF-ის(!) პროგრამები, ხოლო 2013 წელს დახურეს სააგენტო „გოლოსი“, რომელიც არჩევნების დამოუკიდებელ მონიტორინგს აწარმოებდა. გარდა ამისა, კრემლის ინიციატივით განხორციელდა მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც აადვილებს არასამთავრობო ორგანიზაციების დადანაშაულებას „კრიმინალურ“ და „მოღალატურ“ საქმიანობაში (გვ. 40-42).
რუსეთის ხელისუფლების რბილი ძალაუფლების მესამე კომპონენტს („გამოგონება“) ვან ჰერპენი უფრო დაწვრილებით აანალიზებს. ამ კომპონენტში იგი მოიაზრებს კრემლის მიერ გამოყენებულ შემდეგ ხერხებს: დასავლური PR კომპანიების დაქირავება რუსეთის იმიჯის გასაუმჯობესებლად, დასავლურ მედიაში შეღწევის მცდელობები, საკუთარი მედია-რესურსების (მაგალითად, მრავალენოვანი საერთაშორისო საკაბელო ტელევიზიის) შექმნა, რუსულ დიასპორაზე დაყრდნობა, ინტერნეტ-ტროლების გამოყენება, პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების დაფინანსება და ჯაშუშური ქსელების დანერგვა დასავლეთის ქვეყნებში.
დასავლეთში მოღვაწე ლობისტებიდან ვან ჰერპენი ყურადღებას ამახვილებს ყოფილ აშშ სახელმწიფო მდივან ჰენრი კისინჯერზე. 2007 წელს, კისინჯერმა, რუსეთის ყოფილ სახელმწიფო მინისტრთან ევგენი პრიმაკოვთან ერთად, ჩამოაყალიბა რუსულ-ამერიკული სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანი ამ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაუმჯობესება იყო. 2009 თომას გრეჰემმა, კისინჯერის საკონსულტაციო კომპანიის - „კისინჯერ ესოუშიეითსის“ (Kissinger Associates) - რუსეთის განყოფილების დირექტორმა 2009 წელს გამოაქვეყნა ანგარიში სათაურით „განახლების გზაზე მყოფი რუსეთი და აშშ-ს მიზნები“. თავის ანგარიშში გრეჰემმა დაადანაშაულა საქართველო 2008 წლის „სამხედრო ოპერაციაში“. გრეჰემი ობამას ადმინისტრაციას ურჩევდა, თავი შეეკავებინა დემოკრატიასა და ადამიანთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე რუსეთის კრიტიკისაგან (გვ. 50-51).
2006 წელს კრემლმა კონტრაქტი გააფორმა ნიუ-იორკში არსებულ კომპანია „კეტჩუმთან“ (Ketchum) და მასთან დაკავშირებულ კომპანიასთან „ჯიპლიუს იუროფ“ (GPlus Europe), რომელიც ბრიუსელში მდებარეობს. 2007 წელს კრემლმა განაახლა კონტრაქტი „კეტჩუმთან“ და გააფორმა ახალი ხელშეკრულება „ვაშინგტონ გრუფთან“ (Washington Group). ვან ჰერპენის აზრით, კრემლის ძირითადი მიზანი მოცემულ შემთხვევებში იყო არა მხოლოდ ეფექტური PR კამპანიის გატარება, არამედ პოლიტიკური ლობირება (გვ. 52). 2006-2009 წლებში მხოლოდ „კეტჩუმმა“ და „ვაშინგტონ გრუფმა“ კრემლისაგან ანაზღაურების სახით 14 მლნ. აშშ დოლარი მიიღეს, ხოლო 2013 წლის პირველ ნახევარში „კეტჩუმმა“ რუსეთისგან 1,9 მლნ. აშშ დოლარი მიიღო. ე. წ. სამხრ. ოსეთისა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების „მთავრობებმა“ მიბაძეს კრემლის ქმედებებს და დაიქირავეს ამერიკული PR კომპანია „სეილორ გრუფი“ (პასადენა, კალიფორნია). როგორც ვარაუდობენ, ეს პროექტი რუსეთის მხრიდან იქნა დაფინანსებული (გვ. 54).
კიდევ ერთი პროექტი, რომლის მეშვეობით კრემლი თავისი საერთაშორისო იმიჯის გაუმჯობესებას ესწრაფვის, ვან ჰერპენის აზრით, არის ვალდაის საერთაშორისო სადისკუსიო კლუბი (Международный дискуссионный клуб «Валдай»), რომელიც 2004 წელს დაარსდა. კლუბის კონფერენციების მონაწილე დასავლელ საერთაშორისო ექსპერტებს საშუალება აქვთ, პირადად გაესაუბრონ რუსეთის პოლიტიკური ელიტის უმაღლეს პირებს (მათ შორის, პრეზიდენტ პუტინს). ეს, ერთი შეხედვით გამჭვირვალე და მეგობრული ატმოსფერო, ვან ჰერპენის თანახმად, ნიღბავს კრემლის ჭეშმარიტ მოტივს: დასავლელ ექსპერტებზე ზეგავლენით გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე დასავლეთში, უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს დასავლური პოლიტიკური ელიტის შეხედულებებზე იმისათვის, რათა უზრუნველყოს საკუთარი დიპლომატიური პოლიტიკის წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე (გვ. 61).
რუსეთის ხელისუფლება აქტიურად ითვისებს მედია-სივრცესაც. 2005 წელს მაუწყებლობა დაიწყო კრემლის მიერ დაფინანსებულმა საერთაშორისო სატელევიზიო არხმა „რაშა თუდეი“ (Russia Today). თავდაპირველად არხი ინგლისურ ენაზე მაუწყებლობდა, თუმცა მას შემდეგ დაემატა პროგრამები არაბულ და ესპანურ ენებზე. 2013 წლის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში აღნიშნულ არხს რეგულარულად ორ მილიონამდე ადამიანი უყურებდა. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს RT-მ საქართველოს მხარეს გენოციდში დასდო ბრალი და ომში დამნაშავედ საქართველო გამოაცხადა (გვ. 72).
კრემლის კიდევ ერთი პროექტი, რომელზეც ვან ჰერპენი თავის ყურადღებას ამახვილებს, არის „რუსეთი სათაურებს მიღმა“ (Russia beyond the Headlines). ამ პროექტის ფარგლებში თვეში ერთხელ, გავლენიან დასავლურ გაზეთებს („ვაშინგტონ პოსტი“, „ნიუ-იორკ თაიმზი“, „დეილი ტელეგრაფი“, „ლე ფიგარო“, „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ და სხვ.) ემატება რვაგვერდიანი დანართი შესატყვის ენაზე. აღნიშნული დანართების დამატებას ახორციელებს „როსიისკაია გაზეტა“ (Российская Газета), რომელიც კრემლის ოფიციალურ გაზეთს წარმოადგენს. ასეთ დანართებში შესაძლოა, თავად ხელისუფლების კრიტიკული წერილებიც კი გამოქვეყნდეს, რომლებიც თავად „როსიისკაია გაზეტაში“ არასოდეს დაიბეჭდება, მიიჩნევს ვან ჰერპენი. ეს იმიტომ, რომ ამით დასავლელ მკითხველს რუსეთის ხელისუფლებაზე პოზიტიური შთაბეჭდილება შეექმნას. გარდა ასეთი ტაქტიკური ხერხებისა, ადგილი აქვს აქტიურ დეზინფორმაციასაც (გვ. 74-75).
საკუთარი მედია-საშუალებების შექმნისა და მათი გავრცელების გარდა, რუსეთის ხელისუფლება, ასევე, აქტიურად ცდილობს დასავლური პრესის სივრცეში დამკვიდრებასაც. ვან ჰერპენი ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებაზე: XXI საუკუნეში რუსმა ოლიგარქებმა დაიწყეს დასავლურ პრესაში წილების შესყიდვა. აქ აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აღნიშნული ოლიგარქები, ვან ჰერპენის მიხედვით, ახლო ურთიერთობაში იმყოფებიან რუსეთის მოქმედ ხელისუფლებასთან და დიდი ალბათობით, კრემლის (და არა საკუთარ) ინტერესებს ემსახურებიან. 2009 წელს ფრანგული ყოველდღიური გაზეთი „ფრანს-სუარი“ (France-Soir) შეისყიდა ალექსანდრე პუგაჩოვმა, რუსი ოლიგარქის სერგეი პუგაჩოვის ვაჟმა. სერგეი პუგაჩოვი „მეჟპრომბანკის“ მფლობელია და მას „პუტინის ბანკირის“ მეტსახელით იცნობენ (გვ. 82). იმავე 2009 წელს რუსმა ოლიგარქმა ალექსანდრე ლებედევმა შეიძინა ბრიტანული გაზეთი „ლონდონ ივნინგ სტანდარტი“ (London Evening Standart), ხოლო 2010 წელს - „ინდეფენდენთი“ (Independent). თუმცა, ლებედევის შემთხვევაში ვან ჰერპენი პირადი ინტერესების არსებობასაც არ გამორიცხავს (გვ. 90).
კრემლის ინტერესები მხოლოდ ბეჭდური მედიით არ შემოიფარგლება. ინტერნეტ-ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად რუსეთის ხელისუფლება აქტიურად ცდილობს კიბერსივრცეში საკუთარი გავლენის გაზრდას. ვან ჰერპენი განიხილავს რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის საქმიანობას. უსმანოვი რუსული ინტერნეტის დაახლოებით 70 %-ს აკონტროლებს. ვან ჰერპენი აღწერს, თუ როგორ მოახერხა უსმანოვმა რუსულ სოციალურ ქსელზე „ვკონტაკტე“ (Vkontakte) კონტროლის დამყარება. იგი თვლის, რომ მას შემდეგ, რაც „ვკონტაკტე“ უსმანოვის მფლობელობაში გადავიდა, რუსეთის „ფსბ“-მ (ფედერალური უსაფრთხოების სამსახური) ინტერნეტ-სივრცეზე კონტროლის მძლავრი საშუალება მოიპოვა (გვ. 92-93).
როგორც აღინიშნა, ნაშრომის მეორე ნაწილი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ეხება. ვან ჰერპენი მიიჩნევს, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის ექვემდებარებოდა რუსეთის ხელისუფლებას. პუტინის მმართველობის პერიოდში, ვან ჰერპენის აზრით, რუსეთის ეკლესია კრემლის „რბილი ძალაუფლების“ ინსტრუმენტად იქცა. ერთი შეხედვით საბჭოთა იდეოლოგია და რუსეთის ეკლესია ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია, თუმცა, ვან ჰერპენი თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში საფუძველმდებარე მსგავსებები (რუსული ნაციონალიზმი, რუსული იმპერიალიზმი, დასავლური დემოკრატიების უარყოფა) უფრო მნიშვნელოვანია (გვ. 149). 2007 წელს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღს დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთს გარეთ, რითაც დასრულდა 86 წლიანი განხეთქილება. ვან ჰერპენის აზრით, ამ ფაქტმა რუსეთის ეკლესია „გლობალურ“ ეკლესიად აქცია და რუსეთის ხელისუფლებას საშუალება მისცა, კიდევ უფრო ეფექტურად გამოიყენოს ეკლესია საკუთარი მიზნების განსახორციელებლად.
რუსეთის ხელისუფლებასა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დამოკიდებულებას ვან ჰერპენი შემდეგი დებულებების სახით აჯამებს:
1.      რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ არის დამოუკიდებელი.
2.      რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აქტიურად უჭერს მხარს რუსეთის ნეოიმპერიალისტურ პოლიტიკას (გვ. 165).
ნაშრომის მესამე ნაწილში ვან ჰერპენი რუსეთ-საფრანგეთ-გერმანიას შორის „დამთბარ“ ურთიერთობებს განიხილავს. ვან ჰერპენი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს რუსულ-გერმანულ ურთიერთობებს, რომლებსაც მხოლოდ დაპირისპირების ისტორია როდი აქვს. რუსეთის იმპერიის დედაქალაქი სანკტ-პეტერბურგი გერმანულ სახელს ატარებდა. 1763 წელს იმპერატორმა ეკატერინე II-მ, რომელიც თავად გერმანული წარმოშობის იყო, საგანგებო დეკრეტით შესთავაზა გერმანელ მემამულეებს რუსეთში დასახლება. 1816 წლის შემდეგ რუსეთის იმპერიის სამი საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოშობით ბალტიელი გერმანელი იყო.  XIX საუკუნეში გერმანიის კანცლერი ოტო ფონ ბისმარკი რუსეთთან დაახლოების პოლიტიკას ატარებდა... ვან ჰერპენი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გერმანიასთან ორი მსოფლიო ომის მიუხედავად, რუსეთში ხდება ერთგვარი „ორმაგი ამნეზია“: ერთი მხრივ, ყურადღება არ მახვილდება იმ გარემოებაზე, რომ ქვეყანას კომუნისტური წარსული ჰქონდა ანუ ხდება ერთგვარი „დაბრუნება“ რუსული იმპერიის იდეისადმი, ხოლო მეორე მხრივ, ხდება ყურადღების გადატანა გერმანიასთან ურთიერთობის „ცუდი“ ეპიზოდებიდან „კარგ“ ეპიზოდებზე, რომლებიც მრავლად გვხვდება XIX საუკუნეში (გვ. 186-187). ნიშანდობლივია ისიც, რომ რუსეთში აღორძინებას განიცდის გერმანული გეოპოლიტიკა. ამ კუთხით ვან ჰერპენი პარალელებს ავლებს ვაიმარის რესპუბლიკასთან. 1990-იანი წლებში რუსეთში დაახლოებით იგივე მდგომარეობა შეიქმნა, როგორც გერმანიაში პირველი მსოფლიო ომის შემდეგ: ორივე ქვეყანამ დაკარგა მნიშვნელოვანი ტერიტორიები, არსებობდა შიდა მღელვარებები, მძიმე ეკონომიკური კრიზისი და ავტორიტარული პოლიტიკური ტრადიცია; ორივე ქვეყანაში წინა პლანზე გამოვიდნენ ექსტრემისტული პოლიტიკური პარტიები ნაციონალისტური და რევანშისტული ლოზუნგებით. ამ იდეოლოგიის თანამედროვე გამოხატულებად რუსეთში ვან ჰერპენი ალექსანდრე დუგინსა და მის მომხრეებს მიიჩნევს (გვ. 190-193).
ვან ჰერპენი საგანგებოდ განიხილავს იმ ფიგურებს გერმანულ პოლიტიკაში, რომლებიც, მისი აზრით, გარკვეული მიზეზების გამო, რუსეთთან დაახლოებას ესწრაფვიან. მაგალითად, გერმანიის სოციალურ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი თავმჯდომარე გერჰარდ შრიოდერი, გერმანიის კანცლერი 1998-2005 წლებში, პუტინის ახლო მეგობარია. დიდი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ იგი „ნორდ სთრიმ“ კონსორციუმის პრეზიდენტი გახდა. ეს ის კონსორციუმია, რომელმაც რუსეთსა და გერმანიას შორის პირდაპირი ბუნებრივი აირის მილსადენი გაიყვანა ბალტიის ზღვის ქვეშ.
გერმანიის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი სოციალურ-დემოკრატიული პარტიიდან, ვან ჰერპენის აზრით, ასევე, რუსოფილთა ჯგუფს განეკუთვნება. 2008 წელს, „ნატოს“ ბუქარესტის სამიტზე იგი გადაჭრით შეეწინააღმდეგა საქართველოსა და უკრაინისათვის წევრობის სამოქმედო გეგმის ანუ „მაპ“-ის მინიჭებას. მისი აზრით, „დაყოფილი“ საქართველო არ გამოდგებოდა „ნატოს“ წევრად, რაზეც აშშ სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ ამ ლოგიკით გერმანიაც ვერ გახდებოდა „ნატოს“ წევრი 1955 წელს. 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ გერჰარდ შრიოდერთან, მათიას პლატჩეკთან და 60 სხვა საჯარო ფიგურასთან ერთად შტაინმაიერმა გერმანულ „ცაიტში“ გამოაქვეყნა ღია წერილი. წერილის ავტორები აცხადებდნენ, რომ „ჩვენი რუსეთი არ უნდა გავაძევოთ ევროპიდან.“ ვან ჰერპენი ამაზე ირონიულად შენიშნავს, რომ წერილის წაკითხვის შემდეგ მკითხველს შესაძლოა, ისეთი შთაბეჭდილება დარჩენოდა, რომ რუსეთი უკრაინაში აგრესორი კი არა, მსხვერპლი იყო (გვ. 202).
სხვა გერმანელი პოლიტიკოსებიდან, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ხელისუფლებას, ვან ჰერპენი ასახელებს ჰელმუტ შმიდტს (გერმანიის კანცლერი 1974-1982 წლებში, გარდაიცვალა 2015 წლის ნოემბერში), ერჰარდ ეპლერს, იოშკა ფიშერს მწვანეთა პარტიიდან (რომელმაც რუსეთის საქართველოში შემოჭრის შემდეგ რუსეთის „ნატოში“ გაწევრიანების (!) შესაძლებლობა არ გამორიცხა), მემარცხენე ვოლფგანგ გეერკეს და სხვებს.
ვან ჰერპენი განიხილავს რუსეთ-საფრანგეთის ურთიერთობის ნიუანსებსაც. საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა მეგობრული ურთიერთობები დაამყარა პუტინთან, რომელიც ჩეჩნეთში ომს აწარმოებდა. შირაკისა და პუტინის ახლო ურთიერთობა მწვავედ გააკრიტიკა ფრანგმა ფილოსოფოსმა ანდრე გლუკსმანმა (გვ. 241-242). ამ და სხვა კრიტიკას საფრანგეთ-რუსეთის ურთიერთობების გაღრმავებისათვის ხელი არ შეუშლია. 2006 წლის 22 სექტემბერს შირაკმა პუტინი საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ორდენი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს გადაეცა.
შირაკის „ხაზი“ გააგრძელა ნიკოლა სარკოზიმაც. რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული აგრესიისას სარკოზი მედიატორის როლის შესრულებას შეეცადა, თუმცა, ვან ჰერპენი მიიჩნევს, რომ იგი უფრო საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობდა, ვიდრე საქართველოს ინტერესების დაცვას. 2008 წლის 19 სექტემბერს სარკოზიმ  პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფილონი პუტინთან შესახვედრად მიავლინა. პუტინი და ფილონი ერთმანეთს სოჭში შეხვდნენ, სადაც რუსულ-ფრანგული ფირმების თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „მისტრალის“ რუსეთისათვის მიყიდვის იდეა სწორედ ასეთი მოლაპარაკებების შედეგად წარმოიშვა (გვ. 244-245).
რუსულ-ფრანგული ტანდემი, ვან ჰერპენის აზრით, „სულიერ ღირებულებებსაც“ მოიცავს. 2014 წელს პარიზის ცენტრში, ეიფელის კოშკის სიახლოვეს, საფრანგეთის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის ყოფილი შენობის ადგილზე, დაიწყო მასშტაბური კომპლექსის - „რუსული სულიერი ცენტრის“ - მშენებლობა, რაც საკმაოდ გააძლიერებს რუსეთის პოზიციას საფრანგეთში, მიიჩნევს ვან ჰერპენი (გვ. 250).
რუსეთის პოლიტიკური ელიტის ახლო ურთიერთობა საფრანგეთის პოლიტიკურ წრეებთან მხოლოდ სამთავრობო ჯგუფით არ შემოიფარგლება. ვან ჰერპენი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საფრანგეთის მემარჯვენე სახალხო ფრონტს, რომლის ლიდერი ჟან-მარი ლე პენია, საკმაოდ მეგობრული დამოკიდებულება აქვთ რუსეთისა და მისი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართ. რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ჩატარებულ არალეგიტიმურ რეფერენდუმს  სახალხო ფრონტის წარმომადგენელი დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდა (გვ. 257).
ვან ჰერპენი აღნიშნავს, რომ სამომავლოდ რუსეთი ეცდება, კიდევ უფრო განამტკიცოს თავისი „რბილი ძალაუფლება“ საფრანგეთსა და გერმანიაზე. ეს ორი ქვეყანა რუსეთის მთავარ სამიზნედ დარჩება ევროპაში. თუმცა, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ რუსეთი ნაკლებ ყურადღებას მიაქცევს ევროპის პატარა სახელმწიფოებს. რუსეთმა მოახერხა მეგობრული ურთიერთობების დამყარება უნგრეთში ორბანის მთავრობასთან, ხოლო ჩეხეთში - ზემანის ხელისუფლებასთან (გვ. 261-262).
ნაშრომის დასასრულს ვან ჰერპენი ჩამოთვლის რამდენიმე ღონისძიებას, რომლებიც, მისი აზრით, შეასუსტებს რუსული „რბილი ძალაუფლების“ ზეგავლენას. ეს ღონისძიებები გულისხმობს მეტი თანხების დახარჯვას რუსული პროპგანდის საპირისპიროდ, ალტერნატიული რუსულენოვანი არხების შექმნას, ფაქტების გულდასმით გაანალიზებას, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, სიმართლის თქმას (თუნდაც ეს დასავლეთის უარყოფითი ასპექტების გაშუქებას გულისხმობდეს), ინტერნეტ-ტროლებთან ბრძოლას და რუსული პროპაგანდის მიმართ ნაკლებად ტოლერანტულ მიდგომას (გვ. 275-280).
რა შეიძლება ითქვას ვან ჰერპენის ნაშრომის შესახებ? ეს არ არის ისეთი წიგნი, სადაც პოლიტიკური პრობლემების სიღრმისეული ანალიზია მოცემული. ავტორი პოპულარულ ენაზე წერს და ნაშრომის დასახსრულობის და ბევრი შენიშვნის მიუხედავად, მას მკაცრად აკადემიურ თხზულებად ვერ მივიჩნევთ. თუმცა, ავტორის მიზანს, ალბათ, არც წარმოადგენდა პროპაგანდის ბუნების ფილოსოფიური ანალიზი. მისი მიზანია, აჩვენოს, თუ რამდენად საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს რუსული პროპაგანდა და დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს რუსული პროპაგანდისტული მანქანის მომცველი მასშტაბები.
2008 წელს რუსეთის აგრესიამ საქართველოში, ხოლო 2014 წელს - ყირიმში, ნათლად აჩვენა, რომ რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკა მხოლოდ ერთი რეგიონით არ შემოიფარგლება. იმპერიალიზმი და ექსპანსიონიზმი რუსეთის საგარეო პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად იქცა. რუსეთის ხელისუფლების პროპაგანდა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისათვის: მისი მეშვეობით ხორციელდება საქართველოს დანაწევრების გამართლება, საქართველოს ისტორიის დამახინჯება და ეთნიკური/რელიგიური მტრობის წახალისება. მაგალითად, რუსეთის მედია-სივრცეში უხვად გვხვდება სიუჟეტები, სტატიები თუ „გამოკვლევები“, სადაც რუსი ავტორები შეგნებულად არიდებენ თავს სიტყვა „ქართველის“ გამოყენებას სვანეთის, სამეგრელოს, ლაზეთის, აჭარის და სხვა რეგიონების მაცხოვრებლებთან მიმართებაში. ასეთი მსჯელობებიდან გამომდინარე პოტენციური შედეგები, შესაძლოა, ძალზე საშიში იყოს საქართველოს მოქალაქეებისათვის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნაციონალურ-სოციალისტური რეჟიმი გერმანიაში ადამიანთა ათვალწუნებული ჯგუფების გასარიყად აქტიურად იყენებდა პროპაგანდისტულ საშუალებებს. რა საბედისწერო შედეგები მოჰყვა ამ პროპაგანდას, დღეს ყველასათვის ცნობილია.
დღევანდელ არცთუ ისე სახარბიელო პოლიტიკურ-ეკონომიკურ ფონზე ვან ჰერპენის ნაშრომი, მიუხედავად მასში არსებული ზოგიერთი გადაჭარბებისა, შეგვახსენებს, რომ რუსეთის იმპერიალისტური პროპაგანდის მანქანა ინტენსიურად მუშაობს. სამხედრო აგრესიის გარდა რუსეთი აქტიურად იყენებს „რბილ ძალაუფლებასაც“. ნაშრომის მთავარი ღირსება, ჩემი აზრით, ისაა, რომ ის კარგ წარმოდგენას გვიქმნის ამ პროპაგანდის ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ. სწორედ ეს ცოდნა უნდა გახდეს ამოსავალი წერტილი იმისათვის, რათა პროპაგანდისტული მანქანის მუშაობას ეფექტურად დავუპირისპირდეთ და მისი გავლენა მინიმუმამდე დავიყვანოთ.