Search This Blog

Friday, April 21, 2017

კონსტიტუციური ცვლილებების, პოლიტიკური ვოლუნტარიზმის, ფილოსოფიისა და ფილოსოფოსების შესახებ

მეთვრამეტე საუკუნის პოლიტიკურ თეორიაში მიიჩნეოდა, რომ კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელება მხოლოდ ხალხის მიერ საგანგებოდ ამ მიზნით არჩეულ კრებას (კონვენტს) შეეძლო. ხელისუფლებამ უნდა აღასრულოს კონსტიტუციით დადგენილი კანონები, მაგრამ მას თავად კონსტიტუციის შეცვლის უფლება არა აქვს. თომას პეინთან ეს იდეა მკაფიოდაა გამოხატული („ადამიანის უფლებები“, ნაწილი I). პეინი არ უარყოფს იმ იდეას, რომ კონსტიტუციის ცვლილება, დროის გასვლასთან ერთად, საჭირო იქნება. პეინის აზრით, საჭიროა, რომ კონსტიტუციაში ჩაწერილი იყოს, რომ ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ ამ მიზნით არჩეულ უნდა იქნეს კრება, რომელიც უფლებამოსილი იქნება, შეიტანოს სათანადო ცვლილებები კონსტიტუციაში („ადამიანის უფლებები“, ნაწილი II). ამრიგად, ხალხი უზენაესი კანონმდებელი გამოდის, რომელსაც საბოლოო სიტყვა ეკუთვნის კონსტიტუციის შეცვლაში.


მეთვრამეტე საუკუნის შემდეგ წარმომადგენლობითობის პრინციპი მყარად დამკვიდრდა მსოფლიოს პოლიტიკურ სისტემაში. ამავე დროს, ბევრი იდეა შეიცვალა და ახლებურად იქნა ინტერპრეტირებული. ის პრაქტიკა, რომელზეც პეინი საუბრობდა (კონსტიტუციის შეცვლა მხოლოდ ხალხის მიერ არჩეული კრების მეშვეობით), არ არის დანერგილი თანამედროვე დასავლეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

მიუხედავად ამისა, მეთვრამეტე საუკუნეში გავრცელებული ეს იდეა, რომელსაც უდავოდ ჟან-ჟაკ რუსოს „საერთო ნების“ ცნება ედო საფუძვლად, აქტუალურია დღესაც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენს საზოგადოებაში ასეთი აჟიოტაჟია კონსტიტუციის შესახებ.



იურისტი არ ვარ და, შესაბამისად, ტექნიკურ დეტალებს ვერ ჩავუღრმავდები. შევეცდები, ეს საკითხი პოლიტიკური ფილოსოფიის პერსპექტივიდან განვიხილო და რამდენიმე მარტივი შეკითხვა დავსვა, რომლებიც, შესაძლოა, საკითხის უკეთ გაგებაში დაგვეხმაროს.

ვიდრე ამას გავაკეთებდე, მსურს, მივუთითო, იურისტების ერთ თვისებაზე, რომელზეც იმანუელ კანტი მიუთითებდა თავის ნაშრომში „მარადიული მშვიდობისაკენ“: „[იურისტის] ვალდებულებას მხოლოდ არსებული კანონების გამოყენება წარმოადგენს და არა იმის გამოკვლევა, საჭიროებენ თუ არა ისინი გაუმჯობესებას.“ ეს თვისება ჩვენში უკვე პრობლემებს ქმნის, რადგან, თუკი ისევ კანტს დავესესხებით, „იურისტი, რომელმაც სამართლის სასწორი და მასთან ერთად, სამართლიანობის მახვილი სიმბოლოდ აქცია, როგორც წესი, მახვილს მხოლოდ იმისთვის როდი იყენებს, რომ სასწორზე ყოველგვარი უცხო გავლენა აღკვეთოს. თუკი სასწორის თეფში ძირს არ იწევს, მაშინ იგი მახვილს დებს მასზე. ეს კი, თუ იურისტი ფილოსოფოსიც არ არის (სულ მცირე, მორალური აზრით მაინც), მასში უდიდეს ცდუნებას იწვევს. [...] თავის ფაკულტეტს იგი აღმატებულად განიხილავს, რადგან ის ძალაუფლებას უკავშირდება“ (იქვე)


ამრიგად, იურისტები ნაკლებად სვამენ შეკითხვებს იმის შესახებ, თუ რამდენად მართებულია, რამდენად სწორია ესა თუ ის კანონი ან კანონის მიღების პროცესი. მათთვის პრიორიტეტს წარმოადგენს არსებულ კანონებს შორის ურთიერთმიმართებების ანალიზი და კანონში მოცემული ტექსტის ინტერპრეტაცია.

ზემოთქმულით იურისტების საქმიანობის დაკნინებას სულაც არ ვესწრაფვი. სამართალმცოდნეობა სახელმწიფოსათვის უმნიშვნელოვანესი დისციპლინაა და აბსურდული იქნება მისი წარმომადგენლების უმისამართო კრიტიკა. თუმცა, როდესაც საქმე ეხება კანონების მართებულობას, მათ შესატყვისობას ზოგადადამიანურ ღირებულებებთან თუ ადამიანურ სწრაფვებთან, აქ გადამწყვეტი თუ არა, ანგარიშგასაწევი სიტყვა ფილოსოფიას, უფრო ზუსტად, პოლიტიკურ ფილოსოფიას ეკუთვნის. პოლიტიკური ფილოსოფია „გადამწყვეტი“ იმიტომ არაა, რომ ფილოსოფოსებს ნაკლებად უსმენენ. ამას ჯერ კიდევ პლატონი აღნიშნავდა თავის „სახელმწიფოში“ (მეექვსე წიგნი). აქ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ პლატონი იმასაც აღნიშნავდა, რომ ფილოსოფოსობას ბევრი უღირსი ჩემულობდა. ასე რომ, ჯერ კიდევ ანტიკურობაში იყო დავა იმის შესახებ, თუ ვის შეიძლება ვუწოდოთ ნამდვილი ფილოსოფოსი! ეს ფაქტი იმიტომ გავიხსენე, რომ სიტყვა „ფილოსოფოსი“ ჩვენში ხშირად ექსცენტრული და არარეალისტი ადამიანის დასახასიათებლად გამოიყენება. ამის საპირისპიროდ, პლატონი თავის „სახელმწიფოში“ ძალისხმევას არ იშურებს იმის გადმოსაცემად, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ფილოსოფოსი. ერთი სიტყვით, მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით თუ არა პლატონს, ფაქტია, რომ „ფილოსოფიის“ და „ფილოსოფოსის“ ყოველდღიური (და არასწორი!) გაგებისაგან უნდა გავთავისუფლდეთ.


ისევ კანტს დავუბრუნდეთ. თავის ზემოთ დასახელებულ ნაშრომში იგი ამტკიცებს, რომ „ფილოსოფოსებს უნდა მოუსმინონ“. მართალია, მას, პირველ რიგში, საერთაშორისო სამართლის სფერო ჰქონდა მხედველობაში, თუმცა მისი მსჯელობიდან შეგვიძლია შემდეგი დასკვნა გამოვიტანოთ: არსებობს მთელი რიგი ზოგადი საკითხები, სადაც კონკრეტული კომპეტენცია (ამ შემთხვევაში, იურისტის) არასაკმარისია და საკითხის გადასაჭრელად/უკეთ გასაანალიზებლად ფილოსოფიური მიდგომაა საჭირო. აქ კანტს შემდეგნაირად განვავრცობდი: მართლაც, იურისტსაც და ექიმსაც შეუძლია, სათანადო განსწავლის შემთხვევაში ესა თუ ის საკითხი ფილოსოფიურად განიხილოს. ფილოსოფიის ისტორიაში მრავალი შესანიშნავი მოაზროვნე უნივერსიტეტში კი არ განსწავლულა, არამედ თავად მიიღო განათლება (მაგალითად, რაიმონ ლული). უბრალოდ, ფილოსოფოსს, რომელსაც შესატყვისი ტექნიკები ათვისებული აქვს, ამის გაკეთება უფრო ადვილად ხელეწიფება. ესაა და ეს.

მოკლედ, შევაჯამოთ ზემოთქმული, რომ აზრები არ დაგვებნეს:

 • მეთვრამეტე საუკუნეში კონსტიტუციური ცვლილებების მთავარ წყაროდ ხალხი მიიჩნეოდა, მაგრამ ეს აზრი უკვე არ არის წარმმართველი თანამედროვე პოლიტიკურ თეორიაში;

• იურისტები კანონებს პრაგმატული პერსპექტივიდან განიხილავენ და იშვიათად აქცევენ კანონთა ბუნებას თავისი განხილვის საგნად (თავს უფლებას მივცემ ვამტკიცო, რომ ჩვენთან მაინც ეს ასეა)

• არსებობს სააზროვნო ტრადიცია, რომელიც პლატონთან უკვე სრულყოფილადაა ჩამოყალიბებული და რომლის თანახმად ფილოსოფოსს უკეთ შეუძლია მმართველობის განხორციელება, ვიდრე სხვებს. კანტი ამ ტრადიციის გამგრძელებლად გვევლინება, თუმცა იგი ფილოსოფოსებს უფრო მოკრძალებულ როლს ანიჭებს („არ უნდა მოველოდოთ, რომ მეფეები იფილოსოფოსებენ ან რომ ფილოსოფოსები მეფეები გახდებიან“) და მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ისინი მრჩევლებად უნდა გამოიყენოს და უნდა მოუსმინოს მათ.

თეორიიდან ფაქტებზე გადავიდეთ: ახლახან ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე პლებისციტის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა („ინტერპრესნიუსი“).

 http://www.interpressnews.ge/ge/politika/428655-evropuli-saqarthvelo-sakonstitucio-cvlilebebis-sakithkhze-plebiscitis-chatarebis-iniciativith-gamodis.html

ცესკო-ს ვებ-გვერდზე ვკითხულობთ: „პლებისციტი არის ფარული კენჭისყრის გზით საერთო-სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე ამომრჩეველთა ან მათი ნაწილის აზრის გასაგებად, რომლის შედეგები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისთვის სარეკომენდაციო ხასიათისაა. პლებისციტს ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“

 http://cesko.ge/geo/static/2171/referendumi/plebistsiti


იქვეა მოცემული რეფერენდუმის განმარტება და ისიც, თუ რა შემთხვევაში შეიძლება მისი ჩატარება და რა შემთხვევაში არ შეიძლება; ასევე, აღნიშნულია, რომ „რეფერენდუმის შედეგების ბათილად ცნობის უფლება აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კანონით დადგენილი წესით.“ ამ განმარტებების უკან კანონებისა და წესების მთელი ჩახლართული სისტემა დგას! როგორც აღვნიშნე, ჩემს მიზანს არ წარმოადგენს დეტალების ანალიზი. მე მსურს, საფუძველმდებარე პრინციპებს შევეხო.

კიდევ ერთი ფაქტი: ამ დღეებში საკონსტიტუციო კომისია, რომელიც 73 წევრისგან შედგებოდა (წყარო: civil.ge), მთელმა რიგმა პოლიტიკურმა პარტიებმა დატოვეს.

 http://www.interpressnews.ge/ge/politika/428472-qevropulma-saqarthvelom-da-thavisufalma-demokratebma-sakonstitucio-komisia-datoves.html?ar=A

ვფიქრობ, ეს ფაქტი კომისიის პრესტიჟს დიდ ღირსებას ვერ სძენს. მიუხედავად იმისა, რომ კომისიის შემადგენლობაში 7 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და 13 ექსპერტიც შედის, ეს მაინც ვერ ზრდის მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხს ამ პროცესებში.

მოკლედ, რაღაც ვერ არის წესრიგში ჩვენს კონსტიტუციაში :-) ამის გამო წარმოიშვება მთელი რიგი პრობლემები, რომლებსაც პოლიტიკაში გახლართული იურისტები უკვე თავს ვერ ადგამენ.

 ვნახოთ, რა წერია თავად კონსტიტუციაში კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ.

 თავი მერვე. კონსტიტუციის გადასინჯვა

მუხლი 102 1. კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის კანონპროექტის შეტანის უფლება აქვთ:

ა ) (ამოღებულია - 15.10.2010, №3710);
ბ ) პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს ;
გ ) არანაკლებ 200000 ამომრჩეველს.
2. კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს , რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.
3. კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი. 4. კონსტიტუციის 68- ე მუხლით გათვალისწინებული წესით კონსტიტუციის გადასინჯვის კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტი.

 ვისარგებლე „საკანონმდებლო მაცნეთი“ https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346

 108-ე მუხლში კი ვკითხულობთ:

„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იურისდიქციის სრულ აღდგენასთან დაკავშირებით კონსტიტუციის 102- ე მუხლის მე -2 პუნქტში სათანადო ცვლილებებისა თუ დამატებების შეტანა გამონაკლისის წესით დასაშვებია კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის საყოველთაო - სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნების გარეშე.“

მე ვთქვი, რომ ტექნიკურ დეტალებს არ ჩავუღრმავდებოდი და ზოგად პრინციპებზე გავამახვილებდი ყურადღებას. მაშ ასე, ჩემი მთავარი დებულება ასეთია:

საკონსტიტუციო კომისიების მუშაობა ვიწროპარტიული თამაშების სფეროდ გადაიქცა. ეს ნათლად ჩანს უკანასკნელი წლების პრაქტიკიდან, როდესაც ესა თუ ის მმართველი ჯგუფი ყველანაირად ცდილობდა, თავის ჭკუაზე შეეკერა და გადაეკერა კონსტიტუცია. რა თქმა უნდა, პოლიტიკაში პარტიული ინტერესები ყოველთვის იქნება და პარტიები ყოველთვის შეეცდებიან თავიანთი ინტერესების გატარებას (ეს ბუნებრივიცაა), თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარტიებმა ქვეყნის უზენაესი კანონი თავიანთ საბურთაო მოედნად აქციონ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში კონსტიტუციური ცვლილების ინიცირება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც კონგრესის ორივე პალატის (სენატისა და წარმომადგენელთა პალატის) ორი მესამედი მაინც იქნება ამის მომხრე. აშშ-ს მაგალითად იმიტომ ვიღებ, რომ ის დემოკრატიული ტრადიციის მესაძირკვლე ქვეყანაა და არა იმიტომ, რომ აშშ-ს პოლიტიკური რეალობა ჩვენსას შეესატყვისება (სკოლის მოსწავლესაც კი არ სჭირდება იმის ახსნა, რომ ეს ასე არ არის).


ამრიგად, კონსტიტუციური ცვლილებები ამერიკაში, ანუ იმ ქვეყანაში, სადაც თანამედროვე დემოკრატიის აკვანი დაირწა, არც თუ ისე ადვილი განსახორციელებელია. ამას ადასტურებს ის გარემოება, რომ 1789 წლიდან მასში მხოლოდ 27 ცვლილება განხორციელდა.

მაგრამ ამერიკის კონსტიტუცია უფრო ზოგადი პრინციპების ერთობლიობაა და მასში მხოლოდ შვიდი მუხლია. ჩვენი კონსტიტუცია კი თვისებრივად განსხვავებულია და მასში გაცილებით მეტი კონკრეტიკაა, მუხლების რაოდენობაც 100-ს აღემატება. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში მკითხველს შევახსენებ, რომ მე პრინციპი მაინტერესებს: ჩვენთან პარლამენტის ტირანიასთან გვაქვს საქმე (სხვათა შორის, დემოკრატიისათვის ამ საფრთხეზე ჰ. სპენსერი საუბრობდა!): მმართველი გუნდი, რომელიც მოცემულ მომენტში ხელისუფლებაშია და რომლის პარტიის წევრებიც პარლამენტში სხედან, ამ ორგანოს თავისი ინტერესების გატარებისათვის იყენებს და წაღმა-უკუღმა ცვლის კონსტიტუციას.


აქვე დავაზუსტებ: მე არ მიმაჩნია, რომ მეთვრამეტე საუკუნის პრინციპი ბრმად უნდა გადმოვიტანოთ ოცდამეერთე საუკუნეში და ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ კონსტიტუციური კრება ავირჩიოთ, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, კონსტიტუციას შეცვლის. მე უფრო იმ აზრს ვემხრობი, რომ კონსტიტუციაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების უფლება ექსკლუზიურად პარლამენტს არ უნდა ჰქონდეს (შესაძლოა, შემედაონ, რომ ჩვენთან ეს ასე არ არის, რომ პარლამენტი არ ახორციელებს ტირანიას კონსტიტუციაზე. თუმცა, ამაზე ქართული ანდაზით ვუპასუხებ: ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო). ჩვენი ქვეყანა მცირეა და პირადი ნაცნობობის, ვიწროპარტიული პოლიტიკის თუ ნათესაობის ფაქტორი საკმაოდ უარყოფითად აისახება ხოლმე ჩვენი ცხოვრების მთელ რიგ სფეროებზე, მათ შორის კონსტიტუციურ ცვლილებებზეც. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიმაჩნია შემდეგი ნაბიჯების განხორციელება:

 • ნათლად, მკაფიოდ და არაორაზროვნად ჩაიწეროს კონსტიტუციაში, თუ როგორ უნდა განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებები (რა მოხდება მთელს ჩვენს ტერიტორიაზე იურისდიქციის აღდგენის შემდეგ, ეს არავინ იცის. ამიტომ უმჯობესია, ჯერ იმაში გავერკვეთ, რაც გვაქვს);

• მკაფიოდ განისაზღვროს ის მუხლები, რომელთა შეცვლა შეუძლია პარლამენტს და რომელთა შეცვლა მოითხოვს ხალხის უფრო აქტიურ ჩართულობას ან კიდევ შემოღებულ იქნეს რაიმე სხვა მექანიზმი, რომელიც გაართულებს მმართველი პარტიის ქირურგიულ მაქინაციებს კონსტიტუციაზე.

აი, სწორედ, ამ საკითხთა ტექნიკურ დეტალებში ჩართვა იქნება უკვე იურისტთა საქმე! მაგრამ თავად პრინციპი, რომლის თანახმად კონსტიტუციის შეცვლა უზურპირებულია პარლამენტის მიერ, პოლიტიკური ფილოსოფიის პერსპექტივიდან გაუმართლებლად მიმაჩნია: დიახ, მე ვირჩევ საკანონმდებლო ორგანოს წევრს ან ხმას ვაძლევ ამა თუ იმ პარტიას, მაგრამ ამას ვაკეთებ იმისათის, რათა მან არსებული კანონები აღასრულოს და დაიცვას. არჩევნების დროს მე არ მიმიცია ხმა იმისათვის, რომ საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპარლამენტო რესპუბლიკად გადავქცეულიყავით; მე არ მიმიცია ხმა იმისათვის, რომ პრეზიდენტის უფლებები წამდაუწუმ იცვლებოდეს ამა თუ იმ მმართველი გუნდის გუნება-განწყობილების შესაბამისად. დაე, ნუ იტყვიან, რომ ეს იდეა შეფარულად მაინც ძველი პრინციპების გადმოტანაა ახალ რეალობაში ან რომ ხალხის უფრო ქმედითი ჩართულობის იდეა კონსტიტუციურ ცვლილებებში დღეს აპრობირებული პრაქტიკა არაა. ის, რაც დღეს გავრცელებულია, იმის საზომად ვერ გამოდგება, რაც უნდა იყოს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ყველა ის პოლიტიკური სიკეთე, რომლითაც დღეს ვტკბებით, თავის დროზე პოლიტიკურმა მოაზროვნეებმა თავიანთი კალმით დაამტკიცეს: როდესაც პეინი თავგამოდებით იცავდა საყოველთაო საარჩევნო ხმის უფლებას და რესპუბლიკანიზმს, მონარქისტები ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერები იყვნენ, როდესაც ჯონ სტიუარტ მილი ქალებისათვის საარჩევნო ხმის უფლების მიცემას ითხოვდა, ბევრი თანამედროვე მის იდეებს მასხრად იგდებდა. ასე რომ, პლებისციტის იდეა ყურადსაღებია იმდენად, რამდენადაც ის წინა პლანზე წამოწევს ხალხს, როგორც პარლამენტის საპირწონეს და მის გამაკონტროლებელს. თუმცა, განსაზღვრების თანახმად, პლებისციტის შედეგები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისთვის სარეკომენდაციო ხასიათისაა. შესაბამისად, საჭიროა, უფრო ეფექტური მექანიზმის ამოქმედება იმისათვის, რათა მმართველმა გუნდმა (ვინც არ უნდა იყოს ის) კონსტიტუციის მნიშვნელოვანი მუხლების (მაგალითად, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყანა: საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო რესპუბლიკა, რა უფლებები უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს და ა.შ.) თვითნებურად შეცვლა ვერ შეძლოს. „საყოველთაო სახალხო-განხილვა“, რომელიც კონსტიტუციაშია ნახსენები და რომელსაც ხშირად იმეორებენ ხოლმე, მხოლოდ გაცვეთილი ფრაზაა, რომელიც რეალურად არ მუშაობს. პირადად ჩემამდე ჯერჯერობით ვერცერთმა ასეთმა განხილვამ ვერ მოაღწია და მინდა გითხრათ, რომ მყინვარწვერზე პლატონის კითხვით ნამდვილად არ ვიქცევ თავს.

ამ პოსტს ასე შევაჯამებ: კონსტიტუცია უზენაესი კანონია, რომელიც ხელისუფლების საფუძველმდებარე პრინციპებს ადგენს და რომელშიც ხალხის საერთო ნებაა გამოხატული. ყოველ შემთხვევაში, ეს ასე უნდა იყოს. შესაბამისად, ჩვენმა პოლიტიკოსებმა და იურისტებმა კეთილი ინებონ და ბრტყელ-ბრტყელი ფრაზების სროლის ნაცვლად იმაზე იფიქრონ, საერთოდ რამდენად კანონიერია ის, რასაც ისინი აკეთებენ, როდესაც წამდაუწუმ ცვლიან კონსტიტუციას და როდესაც ხალხისგან ამის ლეგიტიმაცია არა აქვთ.