Search This Blog

Saturday, September 16, 2017

გამოქვაბულიდან მზის სინათლეზე: რატომ უნდა ჰქონდეთ წაკითხული პლატონის პოლიტიკური შრომები ჩვენს პოლიტიკოსებს

მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლა-თქმულსა:
"სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა
."

რუსთაველი

ნეტარ არს ერი იგი, რომლისა მეფე ფილასოფი არს, რომლისაცა მეფე და მთავარნი მისნი გვიანა სჭამენ პურსა, ე.ი. საქმეებთა დიდ-დიდებთა და მრავალთა და ბევრეულებთა შესრულებისა შემდგომ.

იონა ხელაშვილი, „ოცდათოთხმეტი შეკითხვის წიგნი“

            დასავლური აზროვნების ისტორიაში პლატონი (დაახლ. ძვ. წ. 429-347 წწ.) მონუმენტური ფიგურაა. მხოლოდ იმის აღნიშვნა რად ღირს, რომ მის მიერ დაარსებულმა ფილოსოფიურმა სკოლამ - პლატონის აკადემიამ, რომელსაც მისი მიმდევრები განკარგავდნენ - ცხრა საუკუნე იარსება (პლატონმა აკადემია დააარსა დაახლოებით ძვ. წ. 385 წელს. აკადემია დაიხურა 529 წელს იმპერატორ იუსტინიანეს განკარგულებით). ფილოსოფიური მიმართულება ნეოპლატონიზმი პლატონის მოძღვრების საფუძველზე აღმოცენდა. ნეოპლატონიზმსა და ქრისტიანობას შორის ურთიერთქმედება კი ის ინტელექტუალური დრამა იყო, რომლის ფონზეც ძველი, ანტიკური სამყარო გაქრა და ადგილი დაუთმო შუა საუკუნეების ეპოქას, ანუ იმ პერიოდს დასავლურ სამყაროში, რომლის განმავლობაშიც მოაზროვნეებმა რწმენისა და ცოდნის ურთიერთმიმართების ორიგინალური მოდელები შეიმუშავეს.




            ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანულ სამყაროში პლატონი უაღრესად ავტორიტეტულ და გავლენიან ფიგურად რჩებოდა. მაგრამ რა შეიძლება ითქვას ამ წერილის სათაურთან მიმართებით ჩვენს პრაგმატულ ეპოქაში, რომელიც იმისკენაა მიდრეკილი, რომ თითქმის ყველაფერი პრაქტიკული სარგებლიანობა/უსარგებლობის საფუძველზე შეაფასოს? სკეპტიკოსმა შეიძლება თქვას: „ეს ყველაფერი შესანიშნავია. პლატონი უდავოდ დიდი და მნიშვნელოვანი ფიგურა იყო საკაცობრიო აზროვნების ისტორიაში. თუმცა, რას მისცემს მისი წაკითხვა მოქმედ ან მომავალ პოლიტიკოსს? რა პრაქტიკული სარგებელი შეიძლება მივიღოთ დღეს პლატონის შრომებიდან?“
            აღნიშნული შეკითხვა საკმაოდ მნიშვნელოვანია. მართლაც, ფილოსოფოსებს ხშირად საყვედურობენ „ცაში ფარფატს“, თეორიულ სიღრმეებში დანთქმას და რეალობისაგან მოწყვეტას. ეს ასეც რომ არ იყოს, როგორ შეიძლება დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაში პოლიტიკოსს რაიმეში გამოადგეს ის ნაშრომები, რომლებიც 2300 (!) წლის წინ დაიწერა, სრულიად განსხვავებულ სოციალურ და პოლიტიკურ ვითარებაში?!
            მიმაჩნია, რომ პლატონის ნაშრომებს შეუძლიათ კეთილისმყოფელი ზეგავლენის მოხდენა დღესაც (ამ წერილის დაწერისაკენ სწორედ ამ გარემოებამ მიბიძგა). და არა მხოლოდ დღეს. ჩემი (და პლატონის შემოქმედების მრავალ სხვა მკვლევართა!) ღრმა რწმენით, მომავალშიც ასე იქნება. მაგრამ რატომ?
            პირველ რიგში იმიტომ, რომ თავის პოლიტიკურ შრომებში („სახელმწიფო“, „პოლიტიკოსი“, „კანონები“) პლატონი ეხება ისეთ საფუძველმდებარე საკითხებს, რომლებსაც დღესაც გვერდს ვერ აუვლის ვერც ერთი ინტელექტუალი, რომელიც პოლიტიკის სფეროს იკვლევს. ამ საკითხებს/პრობლემებს (გამარტივებული) შეკითხვების სახით ჩამოვაყალიბებ (ვფიქრობ, ასე უფრო ნათლად წარმოჩნდება მათი მნიშვნელობა):

·        ვინ უნდა განახორციელოს მმართველობა: მთლიანად ხალხმა, ერთმა პიროვნებამ თუ პიროვნებათა ვიწრო ჯგუფმა?
·        შესაძლებელია თუ არა საზოგადოების საკეთილდღეოდ ტყუილების გამოყენება მმართველი ჯგუფის მიერ?
·        ვინ არის პოლიტიკოსი/მმართველი და რას გულისხმობს მის მიერ განხორციელებული მმართველობა? რა უფლებები და ვალდებულებები აქვს პოლიტიკოსს?
·        რა არის კანონი და რატომ უნდა ჰქონდეს მას საყოველთაო მნიშვნელობა?
·        რას ნიშნავს სამართლიანობა და რა კავშირი აქვს მას სიკეთესთან?

ვფიქრობ, შეკითხვათა ეს მცირე ჩამონათვალიც ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პლატონის ნააზრევი დღეს. მოქმედ თუ მომავალ პოლიტიკოსს, თუკი მას რეალური წარმატების მიღწევა სურს,  გააზრებული უნდა ჰქონდეს ამ შეკითხვების სიღრმე და უნდა ცდილობდეს, მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელი პასუხები გასცეს მათ.


 

თუმცა, საფუძველმდებარე საკითხების გამოკვეთის გარდა, პლატონმა, ასევე, ერთობ ორიგინალური და სიღრმისეული პასუხები გასცა მათ. აღნიშნული პასუხები დღემდე გაცხოველებული დავა-კამათისა და დისკუსიის საგანია. მოკლედ შევეხოთ მათგან ყველაზე ცნობილს: ფილოსოფოსი მმართველების/მეფეების პრობლემას.
ეს საკითხი პლატონმა „სახელმწიფოს“ მეხუთე წიგნში წამოჭრა და ის დაახლოებით ასე ჟღერს: იქამდე, ვიდრე ფილოსოფოსები თავიანთ ქალაქებში მეფეები არ გახდებიან, ან ისინი, ვინც მეფეები და მმართველები არიან, ჭეშმარიტი ფილოსოფოსები არ გახდებიან ისე, რომ პოლიტიკური ძალაუფლება და ფილოსოფია  ერთმანეთში გადაიხლართოს, ქალაქები ბოროტებისაგან თავს ვერ დააღწევენ (473 c-e). ნაკლებად გამხდარა სხვა ფილოსოფიური დებულება ამდენი უსამართლო ბრალდებისა და არასწორი ინტერპრეტაციის ობიექტი! უმრავლესობა ამ ფრაზას კონტექსტიდან ამოგლეჯილად (და, რა თქმა უნდა, არასწორად!) იგებს და პლატონის პოლიტიკურ ფილოსოფიას მხოლოდ მისი მეშვეობით აფასებს. იმისათვის, რათა თავიდან ავიცილოთ ასეთი სამარცხვინო გაუგებრობა, უნდა გავიაზროთ, რომ:
„ფილოსოფოსის“ პლატონისეული გაგება რადიკალურად განსხვავდება ამ სიტყვის თანამედროვე გაგებისაგან! თუკი დღეს „ფილოსოფოსში“ უნივერსიტეტში მოღვაწე ფილოსოფოს პროფესორებს მოვიაზრებთ, მაშინ უნდა ითქვას, რომ პლატონი მათ ნამდვილად არ გულისხმობდა, რადგან მაშინ უნივერსიტეტი საერთოდ არ არსებობდა! ხოლო თუკი ფილოსოფოსში ზოგადად ფილოსოფიით დაინტერესებულ ადამიანს ვიგულისხმებთ, პლატონს მაინც ვერ გავუგებთ. იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ ვის გულისხმობდა პლატონი ფილოსოფოსში, მისი დიალოგი „სახელმწიფო“ უნდა წავიკითხოთ (განსაკუთრებით, II-VII წიგნები), სადაც საუბარია ქალაქ-სახელმწიფოს მცველთა აღზრდაზე („ფილოსოფოსი“ პლატონისეული მნიშვნელობით სწორედ მათი რიგებიდან გამოდის). ძალიან ტრივიალურად რომ ვთქვათ, პლატონისეული ფილოსოფოსი ისეთი ადამიანია, რომელმაც საფუძვლიანად იცის თეორიაცა და პრაქტიკაც, ანუ სიღრმისეულ თეორიულ ცოდნას ფლობს და რეალურ ცხოვრებაშიც საკმაოდ კარგად ახერხებს ორიენტირებას. შესაბამისად, უხეში შეცდომა იქნება, თუ პლატონის „ფილოსოფოს მმართველს“ მხოლოდ ისეთ პიროვნებად გავიაზრებთ, რომელიც მხოლოდ თეორიული (ვიწრო აზრით, ფილოსოფიური) საკითხებით ინტერესდება. ფილოსოფოსი მმართველის უმთავრესი საზრუნავი მთელის ანუ საზოგადოების კეთილდღეობაა!




ის, რომ პლატონი რეალობაზე იყო ორიენტირებული და სულაც არ ცდილობდა განუხორციელებელი უტოპიის აღწერას, განსაკუთრებით ვლინდება მის დიალოგებში „პოლიტიკოსი“ და „კანონები“. უნდა აღინიშნოს, რომ ეს თვალსაზრისი - თითქოს პლატონი სოკრატეს პირით განუხორციელებელ იდეალზე (ანუ უტოპიაზე ნეგატიური აზრით) საუბრობს, XX საუკუნის მეორე ნახევრის ამერიკულ ფილოსოფიაში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ამ პერსპექტივის თვალსაჩინო წარმომადგენლები ლეო შტრაუსი (1899-1973 წწ.) და მისი მოწაფე ალან ბლუმი (1930-1992 წწ.) არიან.






აღნიშნულ პოსტში ამ ინტერპრეტაციის (რომელიც მცდარად მიმაჩნია) დაწვრილებით ანალიზს ვერ შევუდგები, რადგან ეს სცდება განსახილველ თემას. ზოგად შტრიხებში აღვნიშნავ, რომ ამ შემთხვევაში უფრო პლატონის კვლევის კონტინენტური (კერძოდ, გერმანული) ტრადიციისაკენ ვიხრები (მაგალითად, ჰ.-გ. გადამერი), რომელიც პლატონის პოლიტიკურ ფილოსოფიას არ მიჯნავს მისი მეტაფიზიკისაგან (ამის შესახებ ოდნავ ქვემოთ, როდესაც სიკეთის იდეას შევეხები). გარდა ამისა, ასეთია ამ დიალოგების წაკითხვის შედეგად მიღებული ჩემეული შთაბეჭდილება. „სახელმწიფო“ პოლიტიკური ფილოსოფიის კუთხით მნიშვნელოვანი დიალოგია, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია „პოლიტიკოსი“ და „კანონებიც“. „პოლიტიკოსში“, დიალოგის ბოლოს, პლატონი გვაძლევს ჭეშმარიტი მმართველობის მისეულ განსაზღვრებას, რაც ამ დიალოგს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან პლატონი იშვიათად ანებივრებს თავის მკითხველს ასეთი განსაზღვრებებით (პლატონის დიალოგებში ხშირად მკითხველი ვერ წააწყდება იმ „საბოლოო“ განსაზღვრებას, რომელიც ნათელს მოჰფენს დიალოგის მთავარ თემას. ასეთია პლატონის სტილისტური „ფანდები“). რაც შეეხება მონუმენტურ „კანონებს“, რომელსაც, „სახელმწიფოსაგან“ განსხვავებით, დღემდე ნაკლები ყურადღება ექცევა სამეცნიერო გამოკვლევებში: აქ პლატონი „სახელმწიფოსაგან“ განსხვავებულ ხედვას გვთავაზობს. კერძოდ, მისი მიზანია, დეტალურად აღწეროს ახალი ქალაქის დაფუძნების სქემა და მისი კანონები, ასევე, ის, თუ რას უნდა ექვემდებარებოდეს ეს კანონები.
ამრიგად, „პოლიტიკოსისა“ და „კანონების“ სათანადო გათვალისწინების გარეშე პლატონის პოლიტიკური ფილოსოფიის შესახებ ადეკვატურ წარმოდგენას ვერ შევიქმნით. ხოლო მისი პოლიტიკური ფილოსოფიის შეფასება მისივე მეტაფიზიკის გათვალისწინების გარეშე იმთავითვე მარცხისთვისაა განწირული. პლატონის მეტაფიზიკაში ცენტრალური ადგილი სიკეთის იდეას უჭირავს. სწორედ ესაა ის ორიენტირი, რომელიც პოლიტიკოსის/მმართველის ქმედებებს უნდა წარმართავდეს. კანონები საყოველთაო კეთილდღეობას უნდა ისახავდნენ მიზნად, ხოლო მმართველები მხოლოდ კანონების მსახურები და მათი აღმასრულებლები უნდა იყვნენ („კანონები“, 715 b-d) და არა საკუთარი თვითნებობის ტყვეები. ზნეობრივი სიქველე (კეთილშობილება) პლატონის აზრით, აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რათა კარგი პოლიტიკოსი გახდე. თავის ლექციებში ფილოსოფიის ისტორის შესახებ გერმანელმა ფილოსოფოსმა გეორგ (ვილჰელმ ფრიდრიხ :-) ჰეგელმა (1770-1831 წწ.) პლატონის პოლიტიკური ფილოსოფიის განხილვისას სწორედ ამ ასპექტზე გაამახვილა ყურადღება: იმდროინდელი პირდაპირი დემოკრატიის პირობებში, რომელიც თვისებრივად განსხვავდებოდა თანამედროვე დემოკრატიისაგან და რომლისთვისაც ნამდვილად არ იყო უცხო „უმრავლესობის ტირანია“ (ა. დე ტოკვილი), პლატონი ეძებდა მყარ ინსტიტუციურ საფუძვლებს, რომლებიც მართლწესრიგსა და საზოგადოების გამართულად მუშაობას უზრუნველყოფდა. ჰეგელის აზრით, როდესაც პლატონი ამბობს, რომ მმართველები ფილოსოფოსები უნდა იყვნენ, იგი გულისხმობს იმას, რომ საზოგადოებრივი რეალობა ზოგადი პრინციპების (ამ შემთხვევაში - კანონების) საფუძველზე უნდა იყოს მოწესრიგებული.  არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა, ყველა კანონს უნდა ემორჩილებოდეს.



აი, სწორედ ეს არის ის უმთავრესი იდეა, რომლის გამოც, ჩემი აზრით, პლატონის პოლიტიკური შრომები ჩვენმა მოქმედმა და მომავალმა პოლიტიკოსებმა გულდასმით უნდა იკითხონ, რათა გამოქვაბულიდან მზის სინათლეზე გამოვიდნენ! საბჭოთა პერიოდმა ჩვენთან გაანადგურა სამოქალაქო საზოგადოება და პარტიული ვერტიკალისადმი მორჩილი ბიუროკრატიული აპარატი შექმნა. ბევრს ჰგონია, რომ რადგან საბჭოთა კავშირის დაშლიდან უკვე 26 წელი გავიდა, წარსული წარსულს ჩაბარდა და თავს არ შეგვახსენებს. რა გულუბრყვილოა ასეთი რწმენა, როდესაც ჩვენს ეროვნულ ცნობიერებასა და კულტურაზე დღესაც გავლენას ახდენს დავითისა და თამარის ეპოქის სულიერ-კულტურული მემკვიდრეობა (მხოლოდ გელათის სკოლა გავიხსენოთ)! მით უფრო ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის, რაც 26 წლის წინ დასრულდა, ერთბაშად გაქრა. საბჭოთა მმართველობის სამოცდაათწლიანმა პერიოდმა თავისი კვალი დაატყო ქართულ საზოგადოებას. 1990-იანი წლების დასაწყისის სამოქალაქო ომი სწორედ ქართული სამოქალაქო საზოგადოების განუვითარებლობისა და საქართველოში სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტის სამწუხარო დასტურია. ამით იმის თქმა მინდა (რითაც კვლავ დავუბრუნდები პლატონს!), რომ დემოკრატიის განვითარება ჩვენთან ჯერ კიდევ მყიფე საფუძვლებზე დგას. ზედა პოლიტიკურ ეშელონებში ელიტების დაპირისპირების დროს დემოკრატიას ფასადურ დემოკრატიად გადაგვარების საფრთხე ემუქრება. პლატონი სწორედ ის მოაზროვნეა, რომელმაც 2300 წლის წინ, ჩვენგან სრულიად განსხვავებულ პოლიტიკურ სამყაროში, ფაქტიურად, საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ევროპული სახელმწიფოების ქვაკუთხედს - კანონების უზენაესობის პრინციპს - და ის ბრწყინვალე ლიტერატურული სტილითა და მგზნებარებით გადმოსცა.



საბჭოთა მემკვიდრეობის ნეგატიური ასპექტები: დამშრალი არალის ზღვა და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური

ანტიკურმა სამყარომ შემოინახა მსოფლიოს შვიდი საოცრების ხსოვნა. მათგან ერთ-ერთი იყო ალექსანდრიის შუქურა, რომელიც ხმელთაშუა ზღვის ქარტეხილებს გამორიდებულ გემებს ალექსანდრე დიდის მიერ დაარსებულ მულტიკულტურულ პოლისთან მიახლოებას აუწყებდა. იმავე პერიოდში მოღვაწეობდა პლატონი, რომლის შრომების კითხვისას ევროპელი ადამიანი საკუთარ ინტელექტუალურ ფესვებს შეიგრძნობს. დღეს ალექსანდრიის შუქურა არ არსებობს და, შესაბამისად, მისი შუქი გემებს ნავსაყუდელისაკენ არ მიუძღვება. საბედნიეროდ, ჩვენ ხელთ გვაქვს პლატონის თხზულებები, რომელთა წაკითხვა გვეხმარება, გავიგოთ, თუ საიდან იწყებოდა ევროპა, ევროპული სახელმწიფოს იდეა. პლატონის შუქურა ისევ ანათებს.