Search This Blog

Monday, April 30, 2018

უნდა იყოს თუ არა სამართლებრივად დასჯადი „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“? ფილოსოფოსის კომენტარი


ბოლო დღეებში ჩვენს საზოგადოებაში სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია საკითხმა, უნდა იყოს თუ არა „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“ სამართლებრივად დასჯადი. სავარაუდოდ, „გაბუნიას ინციდენტმა“ მკაცრი ზომების მომხრეებს უბიძგა, მოეხდინათ ისეთი კანონპროექტის ინიცირება, რომელიც სამართლებრივ სანქციებს დააწესებს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე. ის, რომ ასეთი მიდგომა, ჩემი აზრით, არასწორია, ადრევე აღვნიშნე, როდესაც გაბუნიას ქმედება დავახასიათე როგორც მორალურად არასწორი, მაგრამ არა როგორც სამართლებრივად დასჯადი. როგორც ჩანს, მაინც საჭიროა დამატებითი არგუმენტების მოყვანა, რომლებიც, დიდი ალბათობით, ძალაუფლების მქონეთა ყურებამდე თუ არა, საზოგადოების დანარჩენ წევრებამდე მაინც მიაღწევენ.

ჯერ კიდევ 1859 წელს გამოჩენილი ინგლისელი ფილოსოფოსი ჯონ სტიუარტ მილი წერდა:

„თუკი მთელ კაცობრიობას, ერთი ადამიანის გამოკლებით, ერთი შეხედულება ექნებოდა, მაშინ კაცობრიობას ისევე არ ექნებოდა უფლება, დაედუმებინა ეს ერთი ადამიანი, როგორც ამ ადამიანს არ ექნებოდა კაცობრიობის გაჩუმების უფლება“ („თავისუფლების შესახებ“).


„ჯერ კიდევ 1859 წელს“ იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოებაში გარკვეულ ადამიანებს ჰგონიათ, რომ დღეს, 2018 წელს, მათ აქვთ უფლება, დაადუმონ სხვა ადამიანები მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოსწონთ ის, რასაც ეს უკანასკნელნი ამბობენ.

მე არ მიმაჩნია, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა გამართლებულია. ვფიქრობ, მორალურად არასწორია, როდესაც ვინმე აკეთებს ისეთ საჯარო განცხადებას, რომელშიც რელიგიურ ფიგურებს/მოვლენებს სატირულ ან კარიკატურულ კონტექსტში წარმოაჩენს. 


მაგრამ ეს ჩვენს საზოგადოებას არ აძლევს იმის უფლებას, სამართლებრივი სანქციები დაუწესოს ასეთ ადამიანებს. როგორც საზოგადოების წევრს, მე, შესაძლოა, ბევრი რამ არ მომწონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაქვს უფლება, სამართლებრივი სანქციების დაწესება მოვითხოვო იმ ადამიანების მიმართ, რომელთა განცხადებები უბრალოდ არ მომწონს.

თავისუფალი გამოხატვის უფლება არ არის მხოლოდ იმ ადამიანის უფლება, რომელიც ამა თუ იმ კონკრეტულ აზრს გამოხატავს. ის მთელი საზოგადოების ხელშეუვალ და უზენაეს უფლებას წარმოადგენს. განა სწორედ თავისუფალი გამოხატვის საშუალებით არ მიაღწია ქრისტიანობამ გასაოცარ ტრიუმფს რომის იმპერიაში? მით უფრო საოცარია, რომ ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ტრადიციის ქვეყანაში ჩვენ გვინდა, შევზღუდოთ ის უფლება, რომელიც მთელ განათლებულ კაცობრიობას სწორედ ქრისტიანობამ უბოძა. ამით მხოლოდ სასაცილონი გავხდებით დანარჩენი მსოფლიოს თვალში და პატივს ნამდვილად ვერ მოვიპოვებთ.

გარდა ამისა, ვინ უნდა დაადგინოს, რა ჩაითვლება შეურაცხყოფად? თუკი საზოგადოების წევრი მორწმუნეთა რელიგიურ გრძნობებს უხეშად შეურაცხყოფს, თავად საზოგადოება გაკიცხავს მას და დამერწმუნეთ, ასეთი მორალური გაკიცხვა გაცილებით უფრო უარესია, ვიდრე სახელმწიფოს მიერ დადგენილი სანქცია. როგორ, ჩვენ გვინდა ქრისტეს ან მუჰამედის შეურაცხყოფაზე ფულადი ჯარიმები დავაწესოთ? რაში სჭირდება, მაგალითად, ქართულ მართლმადიდებლურ სამოციქულო ეკლესიას, რომელმაც ისტორიულ ქარტეხილებს გაუძლო, სახელმწიფოს რეპრესიული ფუნქციით შეშველება? გარდა ამისა, რელიგიური გრძნობების გარდა, სხვა გრძნობებიც ხომ არსებობს? მათ შეურაცხყოფაზეც ხომ არ დაგვეწესებინა სანქციები? იქნებ ის ადამიანები, რომლებიც ასეთი კანონპროექტის სასარგებლოდ საუბრობენ, გარკვეული პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ? ჩვენ ვხედავთ, რა მოუტანა ბრიტანეთს პოპულიზმმა და ცხელ გულზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ ევროკავშირთან მიმართებაში: ნისლიანი ალბიონის მკვიდრნი გვიან მოეგნენ გონს და ახლა სინანულით დამღერიან: „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“...

ნუთუ ისიც არაა დასაფიქრებელი, რა სიგნალს გავუგზავნით ჩვენს მოკავშირეებს შავი ზღვის იქით? დასავლეთი (და არა რუსეთი) მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას (რაც არ უნდა ფორმალური იყოს ეს მხარდაჭერა, ის მაინც მხარდაჭერაა) და ჩვენ ვიზალიბერალიზაციაც მოვიპოვეთ. ასეთი პრობლემური გადაწყვეტილების მიღებით ჩვენ შევამცირებთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ ინდექსს (რომელიც ისედაც შემცირებულია უკანასკნელი დაკვირვებებით, რაც არ უნდა თქვან ამის შესახებ ჩვენმა პოლიტიკოსებმა) და უფრო მეტად ჩავიგდებთ თავს სასაცილო მდგომარეობაში. სახელმწიფო, რომელიც თავის საზღვრებსაც კი ვერ იცავს ხეირიანად „მცოცავი ოკუპაციისაგან“ და მოქალაქეთა გატაცებებისაგან, ახლა რელიგიური გრძნობების დაცვას იღებს თავის თავზე...


გასაგებია, როდესაც ამბობენ, რომ არ გვინდა, ჰოლანდიის მსგავსნი ვიყოთ. კი ბატონო, მაგრამ რატომ უნდა დავემსგავსოთ ჩრდილოეთ კორეას, საუდის არაბეთს, ან ირანს? რატომ ჰგონია ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რომ რაც უფრო მეტ რეპრესიულ ღონისძიებას გავატარებთ, მით უფრო მეტად უკეთესები გავხდებით? კანონთა სისასტიკე სულაც არ მეტყველებს მორალური სიქველეების სიჭარბეზე. სტალინის მეთოდები (დავხვრიტოთ, გადავასახლოთ, ჩავაბეტონოთ...) ბევრს რომ პროგრესის მიღწევის ერთადერთი გზა ჰგონია, ეს უფრო საშიშია, ვიდრე ამა თუ იმ რელიგიაზე დაბოღმილი ცალკეული ადამიანები და მათი გამოხტომები.

აზრის თავისუფალი გამოხატვის უფლება ფუნდამენტური ადამიანური უფლებაა. ადამიანი ირჩევს იმას, რა უნდა თქვას და სწორედ ამით ყალიბდება პიროვნებად. საზოგადოება ადამიანს სწორედ მისი განცხადებების საფუძველზე აფასებს. თუკი ჩვენ ადამიანს შევუზღუდავთ გამოხატვის უფლებას, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვაკნინებთ მის პიროვნებასა და ღირსებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მას თავისუფალი მოქმედების საშუალებას ვართმევთ. ადამიანს აქვს უფლება, შეცდომა დაუშვას. კაცობრიობის დიადმა შემოქმედმა სწორედ ეს უფლება უწყალობა ადამიანებს და სწორედ ეს იქცა ჩვენი მოდგმის განმსაზღვრელად: ბიბლიის თანახმად, ადამმა და ევამ ედემის ბაღში შეცდომა დაუშვეს. მათ იცოდნენ, რომ დაისჯებოდნენ, მაგრამ მაინც მოიქცნენ ისე, როგორც მოიქცნენ. სწორედ ამან განსაზღვრა მათი, როგორც ადამიანების, პიროვნება და შემდგომი ისტორიული ხვედრი. თუკი ჩვენ ავუკრძალავთ ადამიანებს, გამოთქვან თავიანთი (თუნდაც მორალურად გაუმართლებელი) შეხედულებები, ჩვენ უკანონობას დავაკანონებთ: სახელმწიფო, ადამიანთა უფლებების განმამტკიცებლის ნაცვლად, მათ შემზღუდველად მოგვევლინება. მაშ, რატომ ვისწრაფვით ევროკავშირისაკენ? რატომ ვეთანხმებით ქარტიებს, რომელთა მიზანი ადამიანთა უფლებების განმტკიცებაა? რატომ ვამსხვრევთ მარცხენა ხელით იმას, რასაც მარჯვენა ხელით ვქმნით?

ზემოთ ნახსენები ჯონ სტიუარტ მილი 1861 წელს წერდა:

„როდესაც ჩვენ გარკვეულ რაიმეს ადამიანის უფლებას ვუწოდებთ, ჩვენ ვგულისხმობთ, რომ ამ ადამიანს სამართლიანად შეუძლია, მოსთხოვოს საზოგადოებას, დაიცვას მისი ეს უფლება ან კანონის ძალით, ან კიდევ განათლებითა და საზოგადოებრივი აზრის მეშვეობით... ასე რომ, უფლების ქონა ნიშნავს ისეთი რამის ფლობას, რომლის შენარჩუნებაც ჩემში საზოგადოებამ უნდა უზრუნველყოს“ („უტილიტარიზმი“).

ხოლო მილზე უფრო ადრე, 1795 წელს, გამოჩენილი გერმანელი ფილოსოფოსი იმანუელ კანტი წერდა:

„[ქვეყნის მმართველმა] უნდა განკარგოს ის, რაც ყველაზე უფრო წმინდაა ღმერთისთვის დედამიწაზე, ანუ ადამიანთა უფლებები. ყოველ წამსა და წუთს ის იმის ცდაში უნდა იყოს, რომ თვალისჩინივით გაუფრთხილდეს და არ შებღალოს ეს ღვთითკურთხეული ძღვენი“ („მარადიული მშვიდობისაკენ“).


ამიტომ, უცნაური კანონპროექტების ინიცირების ნაცვლად, უმჯობესია, დემოკრატიის განმტკიცებას მივყოთ ხელი, რადგან დემოკრატიული რესპუბლიკა მმართველობის სწორედ ის ფორმაა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო 1991 წელს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. თუკი ასეთი სახის მმართველობის პირობებში გვსურს ცხოვრება, მაშინ პატივი უნდა ვცეთ და გავუფრთხილდეთ დემოკრატიულ და რესპუბლიკურ პრინციპებს და XXI საუკუნეში მყოფებს შუა საუკუნეებში დაბრუნება არ უნდა გვეწადოს.

„ბორკილახსნილი აზროვნების დიდო მოწილევ,
თავისუფლებავ, შენ დილეგში ასკეცად ბრწყინავ,
რადგან იქ მხოლოდ გაკერპებულ გულში გაქვს ბინა,
გულში, შენს გარდა სხვა რომ ვერვინ დაისადგურებს.

და როცა შენს შვილებს საწამებლად ბნელ ჯურღმულში ჩაჰყრიან გვემით,
მათ სამშბოლო მათი ღვაწლით ფრთებს გაშლის ზევით,
და ყველა გრიგალს შენს სახელთან დააქორწინებს.“

ბაირონი, „შილიონის პატიმარი“

თარგმნა თ. ერისთავმა.