Search This Blog

Tuesday, October 16, 2018

დაკარგული სინამდვილე: ქართული საზოგადოება მითების ტყვეობაში


უკანასკნელ პერიოდში მასმედიით გადმოცემული სიუჟეტები, ჩემი აზრით, ნათლად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ჩვენთვის საერთოდ გაქრა სინამდვილე: ჩვენ მირაჟებით ვართ გარემოცულნი და არც კი ვიცით, რომელ მითს დავუჯეროთ. ბიძინა ივანიშვილი კრემლის აგენტია? იქნებ მიხეილ სააკაშვილია კრემლის აგენტი? აგვისტოს ომი ჩვენ დავიწყეთ და ყველაფერი ჩვენი იმდროინდელი მთავრობის ავანტიურა იყო თუ რუსეთი მართლაც ამზადებდა ჩვენს მიმართ სამხედრო აგრესიას? ახლახან „რუსთავი 2“-ზე გასული ჩანაწერები სიმართლეა თუ მონტაჟი? ე.წ. „ცოცხების საქმე“ დადგმული ხომ არ იყო? უბრალო მოქალაქეს უკვე ვერ გაუგია, სად მთავრდება სიმართლე და სად იწყება ტყუილი ამ ვირტუალურ ფანტასმაგორიაში. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების (როგორც ხელისუფლების, ასევე, ოპოზიციის) მიერ გადმოფრქვეული სიძულვილი, ზიზღი და პოლიტიკური კულტურის საკმაოდ დაბალი დონე ადამიანთა დიდ ნაწილში უკიდურეს გულგრილობას წარმოშობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების მიმართ. ამით, რა თქმა უნდა, ხეირობენ ის პოლიტიკოსები, რომლებიც კარგად არიან გაწაფულნი ლაყბობაში და რომელთა ინტელექტი მათ მიერ წარმოთქმული პოპულისტური ლოზუნგების ეფექტურობით იზომება.

თვით ის ფაქტი, რომ ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი (ერიც და ბერიც) ამდენ ხანს მთელი მგზნებარებით განიხილავდა მარიხუანასთან დაკავშირებულ საკითხებს, უკვე საგანგაშო სიმპტომია. საერთოდ იციან კი ჩვენმა პოლიტიკოსებმა, თუ რომელია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები? დაკარგული ტერიტორიების, ოკუპაციის მუდმივი საფრთხის, მზარდი სიღარიბისა და სოციალური სიძულვილის ფონზე ჩვენ ისეთ საკითხებს განვიხილავთ, რომლებიც, პრინციპში, არცაა საკითხები. მასმედიას ამაში ლომის წილი მიუძღვის. საზოგადოება იმდენადაა გაჯერებული სკანდალებით, რომ ადამიანები უკვე აღარც კი რეაგირებენ მათზე... თუკი პოლიტიკოსები უფრო მეტად არ გააცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას, ხოლო მოქალაქეები უფრო კრიტიკულად არ იაზროვნებენ (თუკი ისინი ბრმად გააგრძელებენ შემოთავაზებული გამაბრუებელი აბების - სკანდალების, „ნიუსების“ და „შოუების“ - ყლაპვას), მაშინ ისევ სიმულაციაში დავრჩებით და მატრიცას თავს ვერ დავაღწევთ...