Search This Blog

Thursday, November 6, 2014

სოციალური თეორია პრაქტიკაში ანუ ძალაუფლების ნეგატიური დისბალანსი მმართველ კოალიციაში

გუშინ სოციოლოგიის მიმართულების სტუდენტებთან ავსტრიული წარმოშობის ამერიკელი სოციოლოგის, პეტერ ბლაუს (1918-2002 წწ.) თეორიაზე ვსაუბრობდი, რომელიც სოციალურ თეორიაში გაცვლის თეორიის (exchange theory) სახელითაა ცნობილი. როდესაც განვიხილეთ ბლაუს შემოქმედების ის ასპექტი, რომელიც ძალაუფლების დისბალანსს (imbalance of power) ეხებოდა, ვიფიქრე, რომ სოციალურ ურთიერთობათა სტრუქტურისა და გაცვლის ბლაუსეული მოდელი დაგვეხმარებოდა, უკეთ გაგვეაზრებინა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მიმდინარე უახლესი მოვლენები (ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენება და კოალიციის შემადგენლობიდან „თავისუფალი დემოკრატების“ გასვლა).


PeterBlau.jpg

როგორია ეს მოდელი და რომელია მისი შემადგენელი კომპონენტები?

გაცვლის თეორიის მნიშვნელოვანი წარმომადგენლის, ჯორჯ ჰომანსის (1910-1989 წწ.) მსგავსად, ბლაუ დაინტერესებული იყო იმ პროცესების შესწავლით, რომელიც საფუძვლად ედო ადამიანთა უშუალო, პირისპირ (face-to-face) ინტერაქციებს. თუმცა, ჰომანსისაგან განსხვავებით, რომელიც ინტერაქციის საფუძველმდებარე ფსიქოლოგიური პრინციპების უპირატესობას აღიარებდა, ბლაუ მიიჩნევდა, რომ ინტერაქციის დროს ძალაუფლება და უთანასწორობა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, რადგან სოციალურ ურთიერთობებში ხშირად არსებობს ჯილდოებისა (rewards) და დანახარჯების (costs) დისბალანსი.

რას ნიშნავს „ჯილდოები“ და „დანახარჯები“?

როდესაც ტანსაცმლის მაღაზიაში შევდივართ და კონკრეტული საქონელი მოგვეწონება, ბუნებრივია, მისი ფასით დავინტერესდებით. იმ შემთხვევაში, თუ ჩავთვლით, რომ საქონლის ფასი („დანახარჯი“) შეესატყვისება მის ხარისხს („ჯილდო“), მაშინ ჩვენ საქონელს ვყიდულობთ. ანალოგიურად, გაცვლის თეორიის წარმომადგენლების აზრით, ინდივიდები სოციალური ინტერაქციის დროს რაციონალურად „ანგარიშობენ“, რას მოუტანს მათ ეს ინტერაქცია („დანახარჯი“ მეტი იქნება თუ „ჯილდო“) და ამის საფუძველზე ამყარებენ ურთიერთობებს ერთმანეთთან.




„აშკარაა, რომ ძალაუფლების დიფერენციაცია წარმოშობს დისბალანსს ძალაუფლების უთანასწორობის სახით“, - აღნიშნავს ბლაუ თავის ნაშრომში „გაცვლა და ძალაუფლება სოციალურ ცხოვრებაში“ (Exchange and Power in Social Life, 1964. ქვეთავს ეწოდება „ორმხრივობა და დისბალანსი“). ძალაუფლების განხორციელებამ, შესაძლოა, დისბალანსის ორი განსხვავებული სახე წარმოშვას: პოზიტიური დისბალანსი დაქვემდებარებული ინდივიდებისათვის ან ნეგატიური დისბალანსი, რაც ექსპლუატაციასა და ჩაგვრაში გამოიხატება.




იმ შემთხვევაში, თუკი ორგანიზაციის წევრები (ან, ზოგადად რომ ვთქვათ, მმართველობის ქვეშ მყოფი პირები) მიღებული ჯილდოების საფუძველზე მიიჩნევენ, რომ მათ მიმართ მმართველების მიერ წაყენებული მოთხოვნები სამართლიანია, მაშინ წარმოიშობა პოზიტიური დისბალანსი, რომელიც ლეგიტიმაციას ანიჭებს და ამყარებს მმართველთა ძალაუფლებას. მაგრამ თუკი დაქვემდებარულები თვლიან, რომ მათ მიერ გაწეული დანახარჯები ბევრად აღემატება იმ ჯილდოებს, რომლებსაც ისინი მმართველებისაგან იღებენ, მაშინ მათი იმედგაცრუება წარმოშობს უკმაყოფილებასა და ანტაგონიზმს არსებული მმართველობის მიმართ. თუკი ეს ინდივიდები ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ უკმაყოფილებას, მაშინ მმართველების მიმართ კოლექტიურმა მტრობამ, მათ, შესაძლოა, ოპოზიციის ჩამოყალიბებისაკენ უბიძგოს. ამრიგად, ოპოზიცია გადაჭარბებულ მოთხოვნებზე ერთგვარი პასუხია, რომელიც სოციალური სტრუქტურის შიგნით კონფლიქტს, უთანასწორობასა და დისბალანსს წარმოშობს. „ორგანიზებული ოპოზიცია გამოააშკარავებს ლატენტურ კონფლიქტებს და მათ აშკარა, ღია კონფლიქტებად აქცევს“, - აღნიშნავს ბლაუ.





როგორ შეიძლება ზემოთქმული მივუყენოთ ბოლო პერიოდში მმართველ კოალიციაში განვითარებულ მოვლენებს?

ჩვენი ჰიპოთეზა, შესაძლოა, ასეთი სახით ჩამოვაყალიბოთ: ალასანია და მისი ჯგუფი თავიდან კოალიციას იმის გამო დაუკავშირდა, რომ ისინი ამით „გარეგან სარგებელს“ იღებდნენ. გარეგანი სარგებელი (extrinsic reward), ბლაუს მიხედვით, უშუალოდ იმ პიროვნებას/ჯგუფს კი არ უკავშირდება, რომელთანაც ინდივიდი კავშირს ამყარებს, არამედ ის არის სარგებელი, რომელიც ამ ინდივიდთან/ჯგუფთან ასოციაციის შედეგად მიიღწევა. შესაბამისად, სხვებთან დაკავშირება ამ შემთხვევაში საშუალებაა რაღაც სხვა მიზნის მისაღწევად. იგივე შეიძლება ითქვას ივანიშვილი-ღარიბაშვილის ჯგუფზეც. მათთვისაც ალასანიას ჯგუფთან კავშირი გარკვეული გარეგანი სარგებლის მიღებას უკავშირდებოდა. თუ ალასანიასა და მისი ჯგუფის შემთხვევაში ეს, შესაძლოა, ხელისუფლებაში მოსვლის გზა ყოფილიყო (რადგან ნაციონალებთან ცალკე დაპირისპირების შემთხვევაში გამარჯვებას, სავარაუდოდ, ვერ შეძლებდნენ), ივანიშვილი-ღარიბაშვილისათვის ეს, შესაძლებელია, ყოფილიყო ევროატლანტიკურ სივრცესთან ინტეგრაციისათვის საჭირო აუცილებელი ელემენტი.




გარკვეული პერიოდის განმავლობაში არსებული დისბალანსი შენარჩუნებული იყო (დისბალანსი იმიტომ, რომ მმართველობის ოფიციალური სადავეებს ივანიშვილი-ღარიბაშვილი ფლობდნენ). ირაკლი ალასანიას მიერ კოალიციაში დარჩენა უკავშირდებოდა შემდეგ გარემოებას: ის სარგებელი, რასაც ალასანია და მისი გუნდი იღებდა მმართველ კოალიციაში ყოფნის შედეგად, გაცილებით აღემატებოდა მათ მიერ გაწეულ „დანახარჯებს“ ანუ იმ დათმობებს, რაზეც ისინი მიდიოდნენ.  იმ პერიოდისათვის როგორც ირაკლი ღარიბაშვილის გუნდისათვის, ასევე, ალასანიას ჯგუფისათვის ერთად ყოფნა გარკვეულ გარეგან (და არა შინაგან!) სარგებელს უკავშირდებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ჯგუფები ერთად იყვნენ არა იმის გამო, რომ თავად კავშირს აფასებდნენ, არამედ იმიტომ, რომ ერთად ყოფნით უკეთ ახორციელებდნენ დასახულ მიზნებს.

მაგრამ ბალანსირებული სოციალური მდგომარეობა, ბლაუს აზრით, გულისხმობს დისბალანსის არსებობას სხვა სოციალურ მდგომარეობებში. ის ძალები, რომლებიც აღადგენენ წონასწორობას ერთი ასპექტით, მას სხვა ასპექტებში არღვევენ. ბლაუს შემდეგი მაგალითი მოჰყავს: თუკი ბიჭს ძალიან მოსწონს გოგონა, მაშინ მან, შესაძლოა, დიდი დანახარჯები გაიღოს იმისათვის, რათა ამ უაკანასკნელს თავი მოაწონოს (ბიჭმა, შესაძლოა დიდი ენერგია დახარჯოს იმის გასაგებად, თუ რა მოსწონს გოგოს; დახარჯოს ფული; პაემანის დროს მოიქცეს არა ისე, როგორც მას სურს, არამედ ისე, როგორც გოგოს მოეწონება და ა.შ.). დავუშვათ, რომ ბიჭმა მიაღწია წარმატებას და რომ გოგოსთვის ბიჭთან ყოფნა ისეთივე ჯილდოა, როგორც თავად ბიჭისთვის - ამ გოგოსთან ყოფნა. სახეზეა ორმხრივი მოწონება. თუმცა, აღნიშნავს ბლაუ, ეს ორმხრივობა გაცვლაში არსებული დისბალანსის შედეგია. ერთად ყოფნით ორივე ჯილდოს იღებს, თუმცა ამ ჯილდოს მიღებისათვის გაწეული დანახარჯები არაპროპორციულია. ერთმანეთთან ყოფნისათვის ისინი თავიანთ დროს გამოყოფენ, რაც დროის გატარების ალტერნატიულ საშუალებებზე უარის თქმას ნიშნავს. თუმცა, ბიჭის მხრიდან გაწეული ძალისხმევა აღემატება გოგოს მხრიდან გაწეულ ძალისხმევას. შესაბამისად, არსებული ბალანსი მყიფეა და თუ ერთმა მხარემ ჩათვალა, რომ გაწეული დანახარჯები ზედმეტია, მაშინ იგი უკუაგდებს თავის ჯილდოს. თუ მეორე მხარეც ანალოგიურად მოიქცა, მაშინ მათ შორის არსებული ურთიერთობა წყდება.



როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენი ჰიპოთეზის მიხედვით, კოალიციაში არსებული ძალაუფლების დისბალანსი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ორივე მხარეს (ამ შემთხვევაში: ივანიშვილი-ღარიბაშვილი და ალასანიას გუნდი) აწყობდა. თუმცა, არსებული დისბალანსი ვერ ჩამოყალიბდა პოზიტიურ დისბალანსად, რასაც მმართველი გუნდის ძალაუფლების ლეგიტიმაცია მოჰყვებოდა. მოხდა საპირისპირო რამ: ივანიშვილი-ღარიბაშვილის ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ მათ მიერ გაწეული დანახარჯები (ღარიბაშვილის თქმით, ჯარისკაცების კვების საკითხი, შესყიდვებსა და ტენდერებზე არსებული პრობლემები და ა.შ.) არაპროპორციული იყო იმ სარგებელთან, რასაც ალასანიას ჯგუფის კოალიციაში ყოფნა ქმნიდა. შესაბამისად, როდესაც ალასანიას ჯგუფისათვის დანახარჯები (ალასანიას თქმით, პროკურატურის უსაფუძვლო ბრალდებები, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ჩაშლა) გაიზარდა და გადააჭარბა სარგებელს, რაც მათთვის კოალიციაში ყოფნას მოჰქონდა, ალასანიამ და მისმა გუნდმა კოალიციის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. ამ შემთხვევაში კოალიციაში დარჩენა მათთვის უფრო მეტ დანახარჯებთან იყო დაკავშირებული, ვიდრე კოალიციიდან გამოსვლა.

როგორი იქნება დანახარჯებისა და სარგებლის შეფარდება რესპუბლიკური პარტიის შემთხვევაში? ჩათვლიან თუ არა ისინი ძალაუფლების დისბალანსს პოზიტიურად (რაც ღარიბაშვილის პოზიციას, ალბათ, კიდევ უფრო გააძლიერებს)? თუ მიიჩნევენ, რომ ძალაუფლების დისბალანსი ნეგატიურია (რაც, ფაქტიურად კოალიციის საბოლოო რღვევის მანიშნებელი იქნება)? გადადგამს თუ არა მმართველი კლასი საბედისწერო ნაბიჯს და შეეცდება თუ არა ის ალასანიას დაპატიმრებას? სარგებელი/დანახარჯების რა პროპორცია შეექმნება ამით ნაციონალებს? როგორი იქნება პოტენციური სარგებელი/დანახარჯი იმ შემთხვევაში, თუკი ალასანიას ჯგუფი ნაციონალებს დროებით დაუკავშირდება (მიუხედავად იმისა, რომ საპირისპირო განცხადება გააკეთეს)? ამას მხოლოდ მომავალი გვიჩვენებს.

ჩემი აზრით, ეს უაღრესად საინტერესო შეკითხვებია. თუმცა, ბლაუს გაცვლის თეორია (და ალბათ, ვერც ერთი სოციალური თეორია) ყოვლისმომცველ კონცეპტუალურ ჩარჩოს ვერ მოგვცემს სოციალურ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესების აღსაწერად. აღნიშნული ჰიპოთეზის ჩამოყალიბება უნდა განვიხილოთ როგორც ერთობ მოკრძალებული მცდელობა იმის ნათელსაყოფად, რომ სოციალური თეორიები არც თუ ისე აბსტრაქტული თეორიული კონსტრუქტებია, როგორც ეს ზოგჯერ სოციოლოგიის სტუდენტებს (და არა მხოლოდ მათ!) ჰგონიათ :-)

Tuesday, August 26, 2014

„გემრიელი“ ეთნოგრაფია ხევსურეთში: სრული სვლით წინ, კისტანისაკენ!



მაშ ასე, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ისევ ვახერხებ პოსტის დაწერას. ეს პაუზა, დიდწილად ჯონ დიუისა და ნიცშეზე ინტენსიური მუშაობის „ბრალი“ იყო, რომელმაც თავისუფალი დრო თითქმის არ დამიტოვა. ამის გამო მიმდინარე მოვლენებს საკმაოდ ჩამოვრჩი და ძალიან გამიკვირდა, როდესაც „ფეისბუქში“ შესულს თავზე წყალმოთქარუნე ხალხი დამხვდა. იდეით საკმაოდ აღვფრთოვანდი, თუმცა არა იმდენად, რომ ეს ქმედება გავიმეორო :-) თუმცა, „ვედროს“ დანახვაზე გამახსენდა ერთი საკმაოდ გემრიელი „ვედრო“, რომელიც წელს პირიქითა ხევსურეთში, კისტანში მომართვეს. „ვედროში“ კისტანში დაყენებული სვიანი ლუდი ესხა, რომელიც პირადად მე არაჩვეულებრივად მეგემრიელა და მაქსიმალურად შევეცადე, მისი დაგემოვნების (იმ დღეს უკვე მერამდენედ!) პროცესი გამეხანგრძლივებინა.



უკვე მესამე წელია, რაც პროექტ „ადგილი და იდენტობა“-ს ფარგლებში ხევსურეთში ექსპედიციებს ვაწყობ და მასალებს ვაგროვებ. 2012 წელს სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები მყავდა წაყვანილი შატილში. შემდგომ წლებში მარტო ვახორციელებდი კვლევას.

მკვლევარი ადამიანია და, თავისთავად, მასზე ზემოქმედებას ახდენს იმ ადამიანთა კულტურა და წეს-ჩვეულებები, რომლებსაც იგი შეისწავლის. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც მკვლევარი წარმოედგინათ, როგორც „ობიექტური“ ცოდნის მფლობელი, რომელიც განსაკუთრებულ, ექსპერტულ ცოდნას ფლობდა და რომელსაც, ადგილობრივებისგან განსხვავებით, სადღაც ოლიმპოს მწვერვალზე დაედო ბინა. ერთი სიტყვით, ადრე მიიჩნეოდა, რომ მკვლევარი „გურუ“ იყო, ხოლო ადგილობრივები - მხოლოდ დაკვირვების პასიური ობიექტები.

მეოცე საუკუნის 70-იანი წლების შემდგომ ეს მიდგომა კარდინალურად შეიცვალა. დღეს მკვლევარი ისევ „მიწას დაუბრუნდა“. საკუთარი ემოციებისა და განცდების აღწერა სულაც არ ითვლება სუბიექტივიზმში „გადავარდნად“. პირიქით, ეს წახალისებულია კიდეც. კულტურული ანთროპოლოგიის ფარგლებში მეცნიერები სულ უფრო და უფრო ინოვაციური მეთოდების დანერგვას ესწრაფვიან და ცდილობენ, რეალობის მეტ-ნაკლებად ობიექტური აღწერა საკუთარ განცდებს შეუხამონ. ამავე დროს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივთა დამოკიდებულებების, მათი მიდგომებისა და შინაგანი სამყაროს წვდომის მცდელობას.

ერთ-ერთი ასეთი მიდგომაა „გემრიელი“ ეთნოგრაფია. პოლ სთოლერი და ჩერილ ოულქსი თავიანთ სტატიაში „ეთნოგრაფიული ფაქტების გემო“ (აქ things გადმოვიტანე როგორც „ფაქტები“) აჩვენებენ, რომ შეგრძნებებზე ყურადღების გამახვილება ანთროპოლოგიური წვდომებისა და ინტერპრეტაციების სრულიად ახალ სამყაროში შეგვაბიჯებინებს ფეხს. ნიგერში ჩატარებული კვლევის დროს მათ აღმოაჩინეს, რომ მასპინძლების მიერ მათთვის მორთმეული საწებელი და სოუსები ყოველთვის არ იყო გემრიელი (პირიქით, ხანდახან განზრახ უგემური და მწკლარტეც კი იყო!) და რომ ეს გარემოება უშუალოდ უკავშირდებოდა ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა ეთნიკური დაძაბულობა, უნდობლობა, დაპირისპირება დედმამიშვილებს შორის, ტრადიციის დარღვევა და ა.შ.

სთოლერისა და ოულქსისგან განსხვავებით მე ნამდვილად გამიმართლა. ვერ ვიტყვი, რომ ხევსურეთში ყოფნისას „წისქვილისა“ და „ფაეტონის“ მენიუები მედო წინ, მაგრამ ის, რასაც მივირთმევდი, გაცილებით გემრიელად მეჩვენებოდა, რაც არ უნდა „უბრალო“ ყოფილიყო სუფრა.

წინა წლებში ჩატარებული ექსპედიციების დროს ჩართული დაკვირვების „კულინარიული“ ასპექტები ჩემს მხედველობას (ენას :-) გამორჩა. ძირითადად, ადგილებზე და სივრცეებზე ვიყავი ფოკუსირებული. დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია, გაეცნოს ჩემს პატარა ნაშრომს „შატილი ფილოსოფიური გეოგრაფიის პერსპექტივიდან“ (2013 წ.), სადაც გადმოვცემ 2012 წელს შატილში ჩატარებული კვლევის შედეგებს.

თუმცა, წელს ათენგენობის ოთხივე დღე კისტანში გავატარე. დაძაბულად ვიმუშავე. განუწყვეტლივ ვმოძრაობდი სოფელსა და სალოცავს შორის (მათ ერთი მომცრო „ქედი“ ჰყოფს) აღმართ-დაღმართებზე. შეგრძნებები გამახვილებული მქონდა და ვცდილობდი, მაქსიმალურად „შემესრუტა“ მიმდინარე მოვლენები. გარდა ამისა, ხუცესმა გაბრიელ ჭინჭარაულმა უფლება მომცა, სალოცავის ტერიტორიაზე შევსულიყავი (ანუ იქ, სადაც ადგილობრივები არ შედიან) და ხუცობის რიტუალის პროცესი დამეფიქსირებინა. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ჩემთვის (და საპასუხისმგებლოც!), რადგან საქმე უშუალოდ საკრალურ ადგილებსა და სივრცეს ეხებოდა. კისტანი საკმაოდ იშვიათი გამონაკლისია ხევსურეთის სოფლებში, რადგან იქ ტრადიციული რიტუალი მეტ-ნაკლებად სრული სახით სრულდება. ხუცესისა და მედროშის გარდა წელს სალოცავში ე.წ. „ხელოსანი“ ანუ ხატის მსახურიც აირჩიეს (2013 წელს გარდაიცვალა ხელოსანი გიორგი ჭინჭარაული, გაბრიელ ჭინჭარაულის ძმა. როგორც ხუცესმა და მედროშემ მითხრეს, ორ ადამიანს არ ჰქონდა სალოცავში შესვლის უფლება. შესაბამისად, იმ წელს ხუცესი და მედროშე სალოცავში ვერ შევიდნენ. წელს საგანგებო წილისყრა ჩაატარეს და ხელოსანი აირჩიეს, რის შემდეგაც ხატის მსახურებს სალოცავში შესვლის უფლება ისევ ჰქონდათ. მომავალ წელს ვგეგმავ, გამოვაქვეყნო კვლევა კისტანის შესახებ: „კისტანი ფილოსოფიური გეოგრაფიის პერსპექტივიდან“).



გარდა ამისა, მიმდინარე წელს შევეცადე, ყურადღება დამეთმო ქალებისთვისაც, რადგან სწორედ ისინი აცხობენ საათენგენობო რიტუალურ ქადებს (ე.წ. ხავიწიანებს. ხავიწი ერბოში აზელილი ფქვილია) და ამზადებდნენ სუფრას მამაკაცებისათვის. სწორედ ქალების საქმიანობაზე დაკვირვებამ მომცა საშუალება, უფრო ღრმად „შემეხედა“ ათენგენობის „კულისებში“ და გამიკვალა გზა „გემრიელი ეთნოგრაფიის“ იდეისაკენ (რა თქმა უნდა, დიდი წილი ამაში სთოლერისა და ოულქსის სტატიასაც მიუძღვის!)




„საჯარე“ ეწოდება ქვით გადახურულ შენობას, რომელიც სალოცავის შორიახლოს დგას. ათენგენობის დროს ხუცესი და დასტურები (ანუ ის ადამიანები, რომლებიც წილისყრით აირჩევიან და სტუმრებს მასპინძლობენ) ღამით სწორედ საჯარეში რჩებიან (2013-ში ერთი ღამე საჯარეში გავატარე. 77 წლის ხუცესმა თავისი საბანი დამითმო. ჩემი პროტესტის მიუხედავად, იგი შეუვალი იყო). ჩართული დაკვირვების პროცესში ადგილებს შორის ჩემი მოძრაობა შეიძლება ასე გამოვსახო (პირობითი მაგალითი):

სოფელი (დილა) - საჯარე (დილა) - საქვაბე (დილა) - საჯარე (დილა, შუადღე) - სალოცავი (შუადღე) - საჯარე (დღის მეორე ნახევარი) - სოფელი (დღის მეორე ნახევარი) - საჯარე (საღამო) - სალოცავი (საღამო)

რა თქმა უნდა, განუწყვეტელი დაკვირვების პროცესი მღლიდა. „შუალედებს“ შორის, ძირითადად, საჯარეში შევჭამდი ხოლმე რამეს (ხავიწიანი ქადები, ხაშლამა, ლუდი, ლავაში, ყველი ანუ „პურსატანი“ ხევსურულად, პომიდორი, ლუდი, ლუდი და ისევ ლუდი. კვლევის კვალობაზე ეს ერთობ ნოყიერი და გემრიელი მენიუა :-).

ლუდი იყო ყველგან: ქვემოთ (ე.წ. „ნახარელას ნიშთან“), ზემოთ (სალოცავში), გვერდით (საჯარეში), სალოცავთან ახლოს (სასანთლეზე დაწყობილ თასებში), საქვაბეში (კოდებში იყო ჩასხმული და პირდაპირ უცდიდა, როდის ამოიღებდნენ და შესვამდნენ), საჯარის წინ (სკამზე დამსხდარი მამაკაცების ხელებში)... ლუდს სვამენ თასებით და მე მეჩვენებოდა, რომ სწორედ ეს თასები აძლევდნენ ამ ლუდს რაღაც სპეციფიკურ, თავისებურად განუმეორებელ გემოს. გარდა ამისა, ალბათ, ვერც ერთი მკვლევარი ვერ დააღწევს თავს ქართულ ტრადიციას: შემოთავაზებულ არაყზე უარს ვამბობდი, მაგრამ ლუდზე ამის გაკეთებას ვერ ვახერხებდი (უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში :-) შესაბამისად, ამ ხნის განმავლობაში მრავალი სახის ლუდი დავლიე გუდანში, კისტანში, შატილსა და მუცოში). საქვაბეში კოდის გახსნის რიტუალი ხომ თავიდან ბოლომდე „გემოთია“ გაჟღენთილი. შესაბამისად, წელს კისტანში გატარებულმა ოთხმა დღემ ყურადღება გამამახვილებინა და ჩამაფიქრა სწორედ იმ ასპექტებზე, რომლებსაც სთოლერი და ოულქსი აღწერენ თავიანთ სტატიაში. ადგილის „გემომ“ ფაქტიურად, სრულად შემოაღწია ჩემში. სვე ლუდს სიმწარეს აძლევს (მომწარო ლუდი უფრო „მამაკაცურად“ ითვლება). ალკოჰოლურ ზემოქმედებასაც, როგორც მითხრეს, სვია იწვევს. ბევრი ლუდის დალევა არ გათრობს, მაგრამ გთენთავს. როცა მზე დააჭერს (წელს მზე ძლიერ „იკბინებოდა“ კისტანში), გწყურია. მაგრამ უშუალოდ იქვე წყალი არაა, ხოლო რაც ბოთლებშია, ის სწრაფად თავდება. ამიტომ წყურვილის მოსაკლავად ისევ ლუდს სვამ. ასე იკვრება „ლუდის წრე“.






„კულინარიული“ განაზრებები მხოლოდ განსხვავებული გემოების ფიქსირებით და ამა თუ იმ საკვების/სასმელის მიერ ორგანიზმზე მოხდენილი ზემოქმედებით რომ შემოიფარგლებოდეს, მაშინ ამ ჩანაწერს საკმაოდ შემოზღუდულად მივიჩნევდი. საქმე ისაა, რომ ადგილზე დაყენებული ლუდი ხევსურული რიტუალის განუყოფელი ნაწილია. სვიანი ლუდი  და ხავიწიანი ქადები ათენგენობას განეკუთვნება par excellence. საკრალური ადგილები „გემრიელი“ ადგილებია: ისინი განუყოფლად უკავშირდებიან სპეციფიკურ საკვებს (ხავიწიანი ქადა) და სასმელს (ლუდი). ქადები საჭირო არაა მხოლოდ საქვაბეში კოდის გახსნის რიტუალის დროს, ანუ როდესაც დილით ახალი ლუდის ქვაბს ხუცესი საგანგებო ხუცობის შემდეგ ხსნის (კისტანში ეს ხდება შაბათს, ორშაბათსა და სამშაბათს). მაგრამ ყველა დანარჩენი რიტუალი ლუდისა და ქადების გარკვეულ კომბინაციას მოითხოვს (ამდენი და ამდენი თასი ლუდი და მაგალითად, სამი, ხუთი ან შვიდი ხავიწიანი ქადა). აღნიშნული რიტუალების დროს ლუდსა და ქადას ყველა იქ მყოფი აგემოვნებს. ხუცობის შემდეგ თასებს იქ მყოფებს აწვდიან. დიდ თასს ხუცესს მიაწვდიან, ან საპატიო სტუმარს, ან  კიდევ თანასოფლელს. ხუცესი დალოცავს („წყალობას იტყვის“) იქ მყოფთ და თემ-სოფელს. შემდეგ მასაც დალოცავენ. ითქმება სადღეგრძელოები, ხშირად ისმის ხუმრობები. ამ პროცესს ახალგაზრდებიც ესწრებიან. სწორედ ლუდიანი თასი აძლევს მათ საშუალებას, ჩაერთნონ რიტუალში, სიტყვა წარმოთქვან და თავი სოციალური ჯგუფის სრულფასოვან წევრად იგრძნონ. ეს შეგრძნება „გემრიელია“ იმ აზრით, რომ იგი იმთავითვე (ანუ იმ მომენტიდან როცა ახალგაზრდას პირველად მიაწვდიან თასს) ლუდისა და ქადის გემოთია გაჯერებული. ამ შეგრძნების (და გემოს) მნიშვნელობა კიდევ უფრო დიდია, რადგან, ხევსურეთის ახლანდელი დაცარიელების და არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, ბარში გადასახლებული ხევსურები ხშირად მხოლოდ წელიწადში ერთხელ, ათენგენობის დროს ახერხებენ მთაში ასვლას. რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო აძლიერებს და განუმეორებელს ხდის „იმ“ ლუდისა და ქადის გემოს, რომელიც „იქ“ მხოლოდ წელიწადში ერთხელ მზადდება. ასეთი სახის ჩართვა რიტუალში აძლიერებს ადგილისადმი მიკუთვნებულობის განცდას და ხელს უწყობს ექსისტენციალური ჩართულობას (ე. რელფის ტერმინი). თავის მხრივ, ადგილ(ებ)თან პოზიტიური იდენტიფიკაცია ხელს უწყობს იდენტიფიკაციის პროცესსაც (მე სრულიად ვეთანხმები რ. ჯენკინსს, რომ იდენტობა პროცესია. იხ. ჯენკინსის „სოციალური იდენტობა“). ამრიგად, აქ ერთმანეთს კვეთს სამი პროცესი: „გემრიელი“ ადგილი (ადგილი პროცესია, რადგან იქ ინტერაქციები და მოვლენები /კოდის გახსნა, საჯარეში შეკრება, ხუცობა და სხვ./ ხდება), იდენტიფიკაცია (ყოველი ამოსვლა კისტანში გარკვეულ ზეგავლენას ახდენს ინდივიდუალურ და კოლექტიურ იდენტობაზე: გარკვეული ასპექტები ძლიერდება, გარკვეული კი - სუსტდება), მობილობა (ხორციელდება მოძრაობა დუშეთიდან, მარტყოფიდან, ახმეტიდან, ქედიდან, თბილისიდან, ჯუგაანიდან კისტანში და პირიქით). ადგილები, იდენტობები და მობილობები მკვეთი პროცესებია.




თავის მხრივ, „გემრიელი“ საკრალური ადგილები კავშირშია სხვა „გემრიელ“ ადგილებთანაც. მართალია, ლუდი საქვაბეში მზადდება და მას ექსკლუზიურად მამაკაცები აყენებენ, მაგრამ ქადებს მხოლოდ ქალები აცხობენ. ი. გოფმანის დრამატურგიული მიდგომის ჭრილში, სალოცავის ტერიტორიასთან მიმართებაში სოფელი, შესაძლოა, განვიხილოთ როგორც „უკანა პლანი“, სადაც ქალები ამზადებენ იმ რეკვიზიტებს, რომლებმაც შემდეგ „წინა პლანზე“ თავისი ადგილი უნდა დაიკავონ. ეს პროცესი უკუკავშირს ემყარება: ჩემი იქ ყოფნის პროცესში სოფელში მყოფი ქალები რეგულარულად ეკითხებოდნენ მამაკაცებს, თუ რამდენი ქადის გამოცხობა იყო საჭირო, ან კიდევ ხუცესი და მედროშე დააბარებდნენ სალოცავიდან სოფელში მიმავალთ, თუ რა რაოდენობის ხავიწიანები სჭირდებოდათ ამა თუ იმ რიტუალისათვის. ამრიგად, „გემრიელი წრედი“ მუდამ შეკრული იყო. ქადების ცხობის პროცესის დროს საკრალური სივრცე სოფლის ყოველდღიურ სივრცეში იჭრება. როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა ქალმა მითხრა, „საჯვარო“ ქადის დამზადებას მისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან იგი კისტანში მოდიოდა „დიდი რწმენით, თავდაჯერებული და დარწმუნებული“, რადგან იცოდა, რომ ამ საქმეში მონაწილეობა მას და მის ოჯახს სასიკეთოდ წაადგებოდა.





შესაბამისად, ადგილების, ადამიანების და რიტუალური საკვების ურთიერთკვეთა არის ის, რაც ყველაზე უფრო მაინტერესებს მოცემულ მომენტში, რამაც მაიძულა, ცოტა ხნით გვერდზე გადამედო ღრმად პატივცემული დიუის „თავისუფლება და კულტურა“, ასევე, ნიცშეს „კერპების მწუხრი“ (რომელსაც წელს გამოვცემთ), თავი ამერიდებინა ყინულიანი წყლისთვის (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) და ისევ კისტანში წასვლა გადამეწყვიტა! რატომ? უბრალოდ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ მოვინახულო „გემრიელი“ ადგილები! მართალია, ათენგენობა უკვე იყო (და ის დავაგემოვნე), თუმცა კისტანს თავისი გემო ჩემთვის არ დაუკარგავს :-) მაშ ასე, სრული სვლით წინ, კისტანისაკენ! „გემრიელი“ ეთნოგრაფია ისევ გრძელდება!



P.S. ჩემი სურვილია, ეს პოსტი მომავალში (განვრცობილი) სტატიის სახით შემოგთავაზოთ დაგემოვნებისათვის სათაურით გემრიელი ადგილები ხევსურეთში: ლუდი, ხავიწიანი ქადები და ფილოსოფიური გეოგრაფია კისტანში“. ინგრედიენტები უაღრესად გასაიდუმლოებულია.