Search This Blog

Sunday, May 8, 2016

ცუდი ტრადიცია ანუ რატომ არის არასასურველი 9 მაისის აღნიშვნა

გორში ხვალ ფაშიზმზე გამარჯვების 71- წლისთავი აღნიშნება. გორის მერიის ინფორმაციით, 11:00 საათზე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ფაშიზმზე გამარჯვების დღეს მეორე მსოფლიო ომის გორელ მონაწილეებს ტრადიციულად გორის ცენტრში, საბრძოლო დიდების მუზეუმთან მიულოცავენ და ომში დაღუპულთა მემორიალს გვირგვინებით შეამკობენ. ვეტერანების პატივისაცემად გორის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის აღსაზრდელები ღონისძიებას გამართავენ.

ვლადიმერ პუტინი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მოქალაქეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს. მილოცვა განკუთვნილია საქართველოს მოქალაქეებისთვის და ცალკე გამოყოფილია აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „მოქალაქეები“.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“



ზედაპირულად მოაზროვნე ადამიანებმა, ამ წერილის ავტორი შესაძლოა, ვეტერანთა უპატივცემულობაში ან სულაც ფაშიზმისადმი ერთგულებაში დაადანაშაულონ. იმთავითვე ვიტყვი, რომ ეს ასე არ არის. ირონიულ კონტექსტში მოხსენება იმ ჯარისკაცებისა, რომლებსაც გულწრფელად სწამდათ, რომ სამშობლოსათვის იბრძოდნენ, ჩემს საქმეს არ წარმოადგენს. არც ფაშიზმის თუ ნაციზმის იდეალიზებას ვესწრაფვი. იმ ფოტოებისა თუ ვიდეოების ნახვა, რომელიც ჰოლოკოსტის და ზოგადად, მეორე მსოფლიო ომის საშინელებებს ასახავს, სრულებით საკმარისია, რათა ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანში ფაშიზმისა და ნაციზმის მიმართ სიძულვილი აღძრას.

მაშ, რატომ მიმაჩნია 9 მაისის აღნიშვნა ცუდ ტრადიციად? რატომ ვთვლი, რომ ასეთი პრაქტიკა ოკუპანტი სახელმწიფოს ანუ რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს, ვიდრე ჩვენსაზე?

დავიწყოთ იმით, რომ თანამედროვე საერთაშორისო ვითარება სრულიად განსხვავებულია უწინდელი ვითარებისაგან. თანამედროვე გერმანია უწინდელი ფაშისტური გერმანიის აჩრდილსაც კი არ წარმოადგენს და თავგამოდებით იბრძვის დემოკრატიის დასამკვიდრებლად ევროპაში. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აქტიურად იღვწის სირიელ ლტოლვილთა დასახმარებლად და ამ მხრივ ენერგიულ ნაბიჯებსაც დგამს. ყოველი სირიელი ლტოლვილისათვის, რომლებმაც სამოქალაქო ომის საშინელებები იწვნიეს, ეს ქალბატონი იმედის განსახიერებაა, ხოლო გერმანია ის ნავთსაყუდელია, სადაც ჩაღწევასაც ყველა, დიდი თუ პატარა, ცდილობს.



როდესაც რაიმეს ვზეიმობთ, მაშინ ტრადიციას ვცემთ პატივს და წარსულში მომხდარი მოვლენების გამო სიამაყეს ვგრძნობთ. 9 მაისის აღნიშვნას საბჭოთა კავშირის ხელისუფლებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ამით ხდებოდა დიადი საბჭოთა მითის („დაუმარცხებელი საბჭოთა ხალხის“) განმტკიცება, რაც მერტონის აშკარა ფუნქციას შეიძლება შევადაროთ. ხოლო ამ პომპეზური ღონისძიებების ლატენტური (ანუ ფარული) და გაცილებით მნიშვნელოვანი ფუნქცია, ჩემი აზრით, არაცნობიერ განზომილებაში უნდა ვეძიოთ. მერტონის სახელგანთქმულ მაგალითში ჰოპის ტომის ინდიელთა წვიმის ცეკვის აშკარა ფუნქცია წვიმის მოყვანაა, ხოლო ლატენტური ფუნქცია იმაში ვლინდება, რომ ეს ცეკვა ხელს უწყობს ტომის წევრთა შეკავშირებას და ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის გრძნობის განმტკიცებას. ჩემი აზრით, საბჭოთა პერიოდში 9 მაისის აღნიშვნის ლატენტური ფუნქცია დაახლოებით მსგავსი იყო: გრანდიოზული აღლუმები, რომლებიც მოსკოვში, წითელ მოედანზე იმართებოდა (და რომლებიც მცირე მასშტაბით სსრკ-ს უამრავ სხვა ქალაქში მეორდებოდა), ხელს უწყობდა ხალხის მასებში რწმენის გაღვივებას, რომ მათ რაღაც საერთო ჰქონდათ და რაც მთავარია, რომ ისინი („დიადი საბჭოთა ხალხი“) არსებითად განსხვავდებოდნენ „მათგან“ (ანუ ბურჟუაზიული და „დამპალი“ კაპიტალისტური სამყაროსაგან).




ამრიგად, ერთი მხრივ ხდებოდა იმის დემონსტრირება, რომ „ჩვენ“ გავიმარჯვეთ, „ჩვენ“ დავამარცხეთ ფაშიზმი და გადავარჩინეთ სამყარო, რომ „ჩვენ“ მაგრები და უძლეველები ვართ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ვეტერანებს, ხოლო არაცნობიერად ღვივდებოდა და მტკიცდებოდა რწმენა იმისა, რომ „ჩვენ“ უკეთესები ვართ, ვიდრე „ისინი“; ჩვენ გვაქვს რაღაც ისეთი, რაც „მათ“ არა აქვთ; ჩვენ უკეთესი ადამიანები ვართ, ვიდრე „ისინი“.

ვფიქრობ, რომ რუსეთის ფედერაციაში 9 მაისის აღნიშვნას დღესაც ეს აშკარა და ლატენტური ფუნქციები შეესატყვისება. რუსეთის იმპერიალისტური ხელისუფლებისათვის 9 მაისის დისკურსი ანუ ინფორმაციული ველი (ფილმები, ფოტოები, საგაზეთო სტატიები, მითები და ლეგენდები მეორე მსოფლიო ომის შესახებ, ცოცხალი ვეტერანები თუ აღლუმები) საუკეთესო ინსტრუმენტია იმისათვის, რათა ფენიქსივით ააღორძინოს მითი, რომლის სიყალბეც სრულიად ნათელი გახდა საქართველოში ეროვნული მოძრაობის აღმავლობის დროს. ეს არის მითი, რომელიც წარსულის იდეალიზებას, ყოველივე არასასურველის მიჩქმალვასა და გადახაზვას ესწრაფვის, რათა შექმნას ერთმანეთთან ჰარმონიაში მყოფი რუსის, ბელორუსის, უკრაინელის, ქართველის და ა.შ. სურათი, ოღონდ ისევ რუსის დომინანტობით! ნიშანდობლივია ისიც, რომ 9 მაისის და ზოგადად, მეორე მსოფლიო ომის გაიდეალება ხდება ბელორუსიაშიც, სადაც ლუკაშენკო პატრიოტულ მოტივებზე თამაშით საკუთარი ავტორიტარიზმის შენიღბვას ცდილობს (თუმცა, უხეიროდ). ამას ისიც უნდა დავამატოთ, რომ ევროპაში კაპიტულაცია 8 მაისს აღინიშნება და რომ 9 მაისის აღნიშვნა ტიპიურად საბჭოთა ფენომენია (თავდაპირველად გერმანიის კაპიტულაცია მოხდა ქ. რეიმსში 7 მაისს, ცენტრალური ევროპის დროით - 8 მაისს. ამით უკმაყოფილო სტალინმა ცალკე კაპიტულაცია მოითხოვა, რომელიც ძალაში მოსკოვის დროით 9 მაისს შევიდა).




თუკი 9 მაისის დიდი ზარ-ზეიმით აღნიშვნა რუსეთის ამჟამინდელი არადემოკრატიული და იმპერიალისტური მთავრობის სასიცოცხლო ინტერესებში შედის, ცოტათი (ბევრად თუ არა) ბუნდოვანია, თუ რას აღვნიშნავთ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები. და აქ თავს იჩენს მეორე არგუმენტი:

საკმაოდ ხშირად სათანადო ყურადღება არ ექცევა იმ ვითარებას, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ბევრი ქართველი (ზოგიერთი ცნობით, 30 000-მდე ჯარისკაცი) ფაშისტური გერმანიის მხარეს იბრძოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. მათ სანუკვარ მიზანს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა წარმოადგენდა. ალბათ არასწორი იქნება იმის მტკიცება, რომ მათ დაწვრილებით იცოდნენ, თუ რა საშინელებებს აკეთებდა ფაშისტური გერმანია. მათი მიზანი, ისევე როგორც საბჭოთა მხარეზე მებრძოლი ქართველი ჯარისკაცებისა, ერთი იყო: საკუთარი სამშობლოს დაცვა და ბოლშევიკებისგან შელახული ღირსების აღდგენა. ჩვენი ტრაგიზმი ისაა, რომ ეს ჯარისკაცები ფრონტის განსხვავებულ მხარეს იბრძოდნენ: როგორც საბჭოთა, ასევე, ფაშისტური გერმანიის მხარეს მებრძოლი ჯარისკაცები არსებული ვითარების მსხვერპლნი იყვნენ. რა უნდა ითქვას რიგით მებრძოლებზე, როდესაც წამყვანმა ქართველმა ინტელექტუალმა გრიგოლ რობაქიძემ საბედისწერო შეცდომა დაუშვა და ჰიტლერსა და მუსოლინის ქებით აღსავსე ესეები მიუძღვნა. საბჭოთა კავშირში არანაკლებ უარეს ვითარებაში აღმოჩნდნენ ქართველი მწერლები და პოეტები, რომლებიც ხოტბას ასხამდნენ ლენინს, სტალინსა და სოციალიზმს...




ესეც მეორე მნიშვნელოვანი არგუმენტი იმისათვის, რომ 9 მაისის აღნიშვნა ცუდი ტრადიციაა. მეორე მსოფლიო ომი ჩვენთვის განსაკუთრებით ტრაგიკული ომია. თუკი ბელორუსები, უკრაინელები და რუსები პირდაპირი აზრით იცავდნენ საკუთარ სამშობლოს (რაც ნაწილობრივ ხსნის 9 მაისის ინტერპრეტირებას პატრიოტულ ჭრილში ამ ქვეყნის მაცხოვრებლების მხრიდან), ჩვენ თითქმის არ გვქონია ბრძოლები საქართველოს ძირითად ტერიტორიაზე. ისევე, როგორც პირველი მსოფლიო ომის დროს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ჩართული აღმოჩნდა გაუგებარ, აბსურდულ და საშინელ სასაკლაოში. ქართველების ამბივალენტურ, ორაზროვან მდგომარეობას ნათლად აჩვენებს 1945 წლის აპრილის აჯანყება კ. ტექსელზე: მაშინ, როდესაც ევროპაში ომი, ფაქტიურად, დასრულდა, გერმანული ლეგიონის ქართველი ჯარისკაცები გერმანელებს აუჯანყდნენ. ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტა 20 მაისამდე გაგრძელდა. ამ დღეს კუნძულზე კანადელები მოვიდნენ... ამიტომ 9 მაისს უფრო მეტად ჩაფიქრება გვმართებს და არა ზეიმი. ჩაფიქრება იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები უცხო ომში დაიღუპნენ. თუკი ფაშიზმი დამარცხდა, სამაგიეროდ, კომუნიზმი კიდევ უფრო გაძლიერდა და საბჭოთა კავშირი თავისი გულაგებითა და რეპრესიებით კვლავ განაგრძობდა არსებობას ოთხ ათეულ წელზე მეტ ხანს. 9 მაისს ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ნაცისტური გერმანიის მხარეზე მებრძოლი ქართველების მიზანს სწორედ ამ უმოწყალო და სისხლიანი რეჟიმის განადგურება წარმოადგენდა. მათ ხსოვნასაც სათანადო პატივი უნდა მივაგოთ. 9 მაისის ნაცვლად აქცენტის გაკეთება ისევ 26 მაისზე, დამოუკიდებლობის დღეზე სჯობს, რადგან ეს დღე საუკეთესო საშუალებაა იმათ მოსაგონებლად, ვინც სამშობლოს დამოუკიდებლობას თავი შესწირა (დიდგორზე, კრწანისზე, პირველი თუ მეორე მსოფლიო ომის დროს, აგვისტოს ომში და ა.შ.).

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ვეტერანებს ყურადღება მოვაკლოთ. დაე, სახელმწიფო დაეხმაროს მათ და მეტი ყურადღება მიაქციოს მათ ჯანმრთელობას. მაგრამ ვაქცევთ თუ არა ყურადღებას „ქართული ლეგიონის“ ვეტერანებს? ნუთუ ისინი არ იმსახურებენ ჩვენს პატივისცემასა და ყურადღებას? 9 მაისის აღნიშვნითა და ფაშიზმზე გამარჯვებით ტრაბახით ჩვენ უგულებელვყოფთ ქართველი ლეგიონის ჯარისკაცების თავდადებას და ძალაუნებურად რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის ინტერესებს ვემსახურებით.


შალვა მაღლაკელიძე და ქართველი ლეგიონერები. 1942 წელი.


ქართული ლეგიონის სამკლავური



ქართველი ლეგიონერები გერმანული 81 მმ-იანი ნაღმსატყორცნით.




ქართველი ლეგიონერები ჰოლანდიის სანაპიროზე. 

Thursday, March 31, 2016

გულუბრყვილო შეკითხვები ქალაქ თბილისის მოქმედ (და ყველა მომავალ) მერს

        დღეს მნიშვნელოვანი დღეა. 25 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს ჩვენს ქვეყანაში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის შედეგების საფუძველზე საქართველომ 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
            თუმცა, ჩემი დღევანდელი წერილი, როგორც ამას სათაური აჩვენებს, ამ შესანიშნავ მოვლენას არ ეხება. პოლონეთში Erasmus-ის სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ფარგლებში ექვსთვიანი ყოფნის შემდეგ საქართველოში სამი კვირის წინ დავბრუნდი. სამშობლოში დაბრუნებულს საკმაოდ ბევრი რამ მომხვდა თვალში. სამწუხაროდ, ძირითადად უარყოფითი. ამჯერად მსურს, ერთ-ერთ მათგანზე გავამახვილო ყურადღება.
            დღეს დიდ დიღომში სეირნობის შემდეგ რამდენიმე გულუბრყვილო შეკითხვა გამიჩნდა. არც კი გავიფიქრებდი თბილისის მერისთვის მიმემართა მხოლოდ ამ შეკითხვების გამო. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სივრცეების და ადგილების კვლევა ჩემი სამეცნიერო-კვლევითი ინტერესების ძირითად სფეროს განეკუთვნება, თავი მაინც ვერ შევიკავე. გარდა ამისა, ამ შეკითხვას იმდენად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, რომ მის ადრესატად თბილისის არა მხოლოდ მოქმედი, არამედ ყველა მომავალი მერი მიმაჩნია (გარკვეულწილად, ყოფილებიც). შესაბამისად, მიმართვის დროს მრავლობით რიცხვს გამოვიყენებ.
            მაშ ასე, ბატონებო, ქალაქდაგეგმარების ექსპერტი არ გახლავართ, თუმცა მინახავს  და დამითვალიერებია როგორც დიდი, ასევე, მცირე ევროპული ქალაქები (ბერლინი, ვარშავა, რომი, ჰამბურგი, პოზნანი, კრაკოვი, ფლორენცია, გდანსკი, გოსლარი, ფიუჯი და სხვები). თბილისში ნაცხოვრებს მუდამ თვალს მჭრიდა მწვანე საფარის სიუხვე და როდესაც ასეთ ადგილებში მოვხვდებოდი ხოლმე, ძალიან მიხაროდა, რადგან სიმწვანე მიყვარს. ამასთანავე, ერთგვარად მწყინდა კიდეც, რომ ჩვენს შესანიშნავ დედაქალაქში სიმწვანის ნაკლებობაა და დედაქალაქი თბილისი, ამავე დროს, ბეტონ-ქალაქიცაა.
            ბატონებო, დიდ დიღომში მეორე წელია რაც ვცხოვრობ. როდესაც საცხოვრებლად ქალაქის ამ ნაწილში გადმოვედი, გამიხარდა, რადგან თავისუფალი, ღია სივრცე მომხვდა თვალში. მართალია, მოშიშვლებული და მოტიტვლებული, ვერანა სივრცე, მაგრამ მაინც გამიხარდა, რადგან ბეტონის კორპუსების ცქერამ, მომიტევეთ და, დამღალა.
            პოლონეთიდან დაბრუნებულს მშენებლობის ბუმი დამხვდა დიდ დიღომში. რა თქმა უნდა, უაღრესად კეთილშობილური და მისასალმებელია, რომ მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე რაღაც მაინც შენდება. მაგრამ იმან, რაც ვნახე გამაჯავრა და ასეთი გულუბრყვილო შეკითხვები გამიჩნდა:



            ბატონებო, თქვენს უფლებამოსილებას, ტალანტს, ინტელექტსა და ნიჭს ეჭვქვეშ ვერ დავაყენებ, რადგან ხალხის მიერ ხართ არჩეულნი. მაგრამ ნება მიბოძეთ, შეგახსენოთ ერთი სიტყვა, რომელიც მშენებლობის მოყვარულებს ნამდვილად და(გ)ავიწყდათ.

            პარკი, ბატონებო, პარკი! არა, პოლიეთილენის პარკი კი არა, ყოველ მეორე ხეს რომ ამშვენებს საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოსავით, არამედ ისეთი პარკი, სადაც ბევრი ხე დგას, სადაც ბავშვები თამაშობენ, მოხუცები და ახალგაზრდები სეირნობენ და სადაც გავლა და დასვენება ყველა ჯანსაღი შეგნების ადამიანს უხარია.




            ბატონებო, მაინტერესებს, დაგიხედავთ თუ არა თქვენ ან თქვენი ქალაქდაგეგმარების სამსახურის წარმომადგენლებს Google Maps-ის სატელიტურ რუკებზე? ღრმად განათლებულო ბატონებო, თქვენ შეგიძლიათ თქვენი თვალებით იხილოთ, თუ რა ადგილი უჭირავს ევროპულ ქალაქებში მწვანე სივრცეს.


            ბატონებო (და აქ ჩემი შეკითხვა ყოფილ მერებს თუ ქალაქდაგეგმარების სამსახურის წარმომადგენლებსაც ეხება), რატომ აქციეთ თბილისი საქართველოში ეკოლოგიურად ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქალაქად?
            ბატონებო, რატომ ემტერებით ასე გააფთრებით ღია სივრცეს, რატომ აშენებთ ასეთი გამალებით ყველა თავისუფალ ადგილზე ბეტონის კორპუსებს?
            (ერთ-ერთმა ტაქსისტმა მითხრა, ამ საქმეში ფული კეთდებაო. ალბათ, ასე უნდა იყოს)




            ბატონებო, სად უნდა ითამაშონ ჩვენმა ბავშვებმა? სად უნდა ისეირნონ ჩვენმა მოხუცებმა და ახალგაზრდებმა? უგანათლებულესო ბატონებო, ყველამ ვაკის პარკში და მთაწმინდაზე ვიაროთ?
            პატიოსანო და პასუხისმგებლობით აღსავსე ქალაქის თავნო, რატომ არ არის დიდი პარკი ან ნორმალური სკვერი ქალაქის ყველა უბანში? სად არის პარკი დიდ დიღომში? ისანში? მუხიანში? ან თუ არის, რა მდგომარეობაშია ისინი?
            ბატონებო, რატომ არ ქმნით ქალაქში დიდ პარკებს? განა არ გსურთ, თქვენი სახელი რაღაც ამაღლებულსა და მშვენიერს დაუკავშირდეს? ვეჭვობ, კორპუსებმა მოგიტანონ სახელი. რატომ უჭედავთ ყურებს პატიოსან მოქალაქეებს მილიონ ხესა თუ პანორამებზე საუბრებით? პატივი ეცით თავისუფალ სივრცეს და მიეცით ქალაქს მეტი სიმწვანე!
            ის თბილისი, რომლის დამახინჯებაშიც საბჭოთა ხელისუფლებამ დიდი წვლილი შეიტანა, თქვენ კიდევ უფრო დაამახინჯეთ და ეს პროცესი ისევ გრძელდება. კიდევ მეტი მშენებლობა, უფრო მეტი ბეტონი და რეკლამა! კეთილდღეობის ნიღაბს ამოფარებული კაპიტალიზმის საფარქვეშ გაბატონებული ელიტა აგრძელებს საზოგადოების ექსპლუატაციას. თუკი მათი (იქნებ თქვენიც, ბატონებო) შვილები ევროპის ქალაქებში იგრილებენ ფილტვებს, საზოგადოების სხვა წევრებმა რა დააშავეს?




                     

ბატონებო, ის რაც ხდება, საგანგაშოა. მოსახლეობის მკვეთრი მატება და რეკრეაციული სივრცის უკიდურესი სიმწირე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს მოქალაქეებზე. ქალაქის ჩქარი ტემპით გადაღლილი ადამიანები ვერ შეძლებენ განტვირთვას (ყველა ვერ დადის გუდაურ-ბაკურიან-ურეკ-ქობულეთში). ეს კი გაზრდის ნევროზების, დანაშაულებრივი შემთხვევების და უსაზრისობის განცდას. თქვენ რას იტყოდით ამასთან დაკავშირებით?

       ვისურვებდი, რომ თქვენი პასუხი მხოლოდ სიმწვანის შექმნით შემოფარგლულიყოს.