Search This Blog

Friday, June 21, 2019

რა სჭირდება რესპუბლიკას?



გუშინდელი სამწუხარო მოვლენების შემდეგ დასკვნების გამოტანის დროა, ვიდრე ეს ჯერ კიდევ არ არის დაგვიანებული.
დავიწყოთ ლგბტ-სა და „კომბლების“ საკითხის განხილვით.
ქვეყანაში არსებობს ლგბტ საზოგადოება, რომელსაც ე.წ. „პრაიდის“ ანუ სიამაყის აღლუმის ჩატარება სურდა (და ალბათ, ახლაც სურს). ასეთი აღლუმები დასავლეთის ქვეყნებში XX ს-ის 70-იანი წლებიდან ტარდება. ქართული ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლებს ამ ტრადიციის საქართველოში დანერგვა სურთ.
მეორე მხრივ, არსებობს საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომლისთვისაც ამგვარი აღლუმი კატეგორიულად მიუღებელია. „სიამაყის“ მარში მათთვის მორალური დაცემისა და დაკნინების გამომხატველია.
როგორ შეიძლება ამ ურთიერთდაპირისპირებული ნაკადების შეთავსება? როგორ არის შესაძლებელი, რომ, ერთი მხრივ, სახელმწიფომ გაითვალისწინოს უმრავლესობის ინტერესი და, ამავე დროს, არ შელახოს უმცირესობის უფლებები?
ბელგიელი პოლიტიკის თეორეტიკოსი, ქ-ნი შანტალ მუფი (დაიბ. 1943 წ.) ასეთ ვითარებას „დემოკრატიულ პარადოქსს“ უწოდებს. იგი თვლის, რომ ლიბერალური დემოკრატიების წიაღში გადაულახავი წინააღმდეგობა არსებობს, ერთი მხრივ, დემოსის ანუ ხალხის ინტერესებსა და მეორე მხრივ, ინდივიდუალურ უფლებებს შორის. მუფი მიიჩნევს, რომ ლიბერალური დემოკრატია ამ ორი შეურიგებელი ტენდენციის მორიგების ილუზიას ქმნის, მაშინ როდესაც ასეთი რამ პრინციპულად შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, მუფის აზრით, საჭიროა, უარი ვთქვათ ე.წ. „საყოველთაო კონსენსუსის“ მოდელებზე და ვაღიაროთ, რომ დემოკრატიის შიგნით ყოველთვის იქნებიან დაპირისპირებული ჯგუფები, რომლებიც ვერასოდეს მორიგდებიან. თუმცა, ამ ჯგუფებს შორის დაპირისპირება მუფისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება (ანტაგონიზმი) როდია. მისი აზრით, საჭიროა „აგონიზმის“ ანუ კონკურენციის არსებობა ამ ჯგუფებს შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ჯგუფები ერთმანეთს სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში დაუპირისპირდებიან.
მუფს ვეთანხმები იმაში, რომ ე.წ. ლიბერალური დემოკრატიის წიაღში მართლაც არსებობს მოურიგებელი წინააღმდეგობა. თუმცა, ეს პრობლემა გაცილებით უფრო ძველია. მე მას „დემოსისა და სოკრატეს დაპირისპირებას“ ვუწოდებ. დემოკრატიული ათენი სიკვდილით სჯის სოკრატეს, რადგან მის შეხედულებებს და მის ფიგურას მიუღებლად მიიჩნევს. ინდივიდისა და საზოგადოების დაპირისპირება კაცობრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, რომელიც (თავს ვერ ვიკავებ, რომ არ აღვნიშნო) ქართული მთების ღვიძლმა შვილმა ვაჟა-ფშაველამ შესანიშნავი დრამატიზმით ასახა თავის შემოქმედებაში.
რა შეიძლება ითქვას ლგბტ საზოგადოებისა და „კომბლების“ საკითხთან დაკავშირებით ამის ფონზე?
წინააღმდეგობა, რომელიც არსებობს საზოგადოების დიდ ნაწილსა და ლგბტ საზოგადოებას შორის, არ არის მხოლოდ ერთი გარკვეული ჯგუფის პრობლემა, რომლის წევრებსაც წარმოუდგენიათ, რომ ამ საკითხის გადაჭრა კომბლების თლით, ლოცვით ან ვიღაცეებისთვის თავ-პირის დამტვრევითაა შესაძლებელი. პრობლემა უფრო სიღრმისეულია და ჩემი აზრით, ის აჩვენებს, რომ ქართული საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის მზად ლიბერალური დემოკრატიისთვის. ქართულ „დემოკრატიაში“ ჯერ ხალხმა, დემოსმა ვერ მონახა თავისი ადგილი. შესაბამისად, მცირე ჯგუფების ბრძოლაც ემანსიპაციის ანუ გათავისუფლებისთვის ხალხის (დემოსის) გაღიზიანებას იწვევს, რადგან თავად ქართველი ხალხი არაა ჯერ კიდევ ბოლომდე გათავისუფლებული ეროვნული, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ჩაგვრისგან.
მსგავსი არგუმენტი აქვს კარლ მარქსს თავის ნაშრომში „ებრაელთა საკითხის შესახებ“ (1844 წ.), სადაც იგი საყვედურობს ებრაელებს, რომ ისინი ეგოისტები არიან, რადგან მხოლოდ თავიანთთვის ითხოვენ ემანსიპაციას მაშინ, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი თავად არაა ემანსიპირებული.
მე მარქსივით ხისტი არ ვიქნები. ვიტყვი იმას, რომ ჩემი აზრით, ადამიანთა დიდი ნაწილისთვის ლგბტ საზოგადოების საკითხები მეასეხარისხოვანი და გამაღიზიანებელია სწორედ იმის გამო, რომ თავად საზოგადოება როგორც მთლიანი, თავად ხალხი განიცდის სამი სახის ძირითად ჩაგვრას:
1. ხალხი განიცდის ეროვნულ ჩაგვრას რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან - უამრავი ადამიანი ვერ ბრუნდება თავის მშობლიურ მიწა-წყალზე. ეს ჩვენი ერის შეუხორცებელი იარაა და მისი წყლულები თავს ყოველდღიურად გვახსენებენ;
2. ხალხი განიცდის ჩაგვრას პოლიტიკური ელიტების მხრიდან, რომლებიც, როგორც კი ხელისუფლების სათავეში აღმოჩნდებიან, მალევე ივიწყებენ ჭეშმარიტი რესპუბლიკანიზმის პრინციპებს. რომელია ეს პრინციპები? ხელისუფლების შტოთა შორის მკაცრი ბალანსის დაცვა და სახალხო კეთილდღეობაზე ზრუნვა. ჯერჯერობით, ყოველი ხელისუფლება თავის კლანურ ინტერესებზე ზრუნავდა და ნაკლებად ფიქრობდა სახალხო კეთილდღეობაზე.
3. ხალხი განიცდის სოციალურ-ეკონომიკურ ჩაგვრას მსხვილი კორპორაციებისგან, რომლებიც სახელმწიფოსთან შეთანხმებულად სისხლს წოვენ ჩვენს მოსახლეობას და ცხოვრებისთვის უღირს პირობებს ქმნიან, რის გამოც ათეულ ათასობით ჩვენი მოქალაქე გარბის მშობლიური ქვეყნიდან უცხო მხარეში. მაღალი ფასები პროდუქტებზე, საწვავზე, სხვადასხვა საქონელზე, უხარისხოდ შესრულებული ტენდერები, რომლებითაც სახელმწიფოსთან გარიგებული კომპანიები და სახელმწიფო მოხელეები ჯიბეებს ისქელებენ, კატასტროფულად დაბალი ხელფასები და ამის ხარჯზე მდიდართა პარპაში ჩვენს ქვეყანაში აუტანელ და ცინიკურ ხასიათს იღებს. ხოლო როდესაც ხელისუფლება უძლურია, აღკვეთოს ეკონომიკური სიდუხჭირე (და სულაც, ხელს უწყობს მას), მაშინ, როგორც ჯერ კიდევ ამერიკელი ფილოსოფოსი ჯონ დიუი აღნიშნავდა, იწყება დემოკრატიული ინსტიტუტების კრიზისი, თავად დემოკრატია დგება ეჭვქვეშ.
ეს სამი სახის ჩაგვრა ერთად აწვება საქართველოს მოქალაქეებს. ვერ გავიზიარებ მემარცხენეების პოზიციას, რომლებიც ყველაფერს ნეოლიბერალიზმს აბრალებენ და იშვიათად წაცდებათ სიტყვა ეროვნულ ჩაგვრაზე. ვერ გავიზიარებ მემარჯვენეების პოზიციასაც, რომლებიც ყველაფერს მხოლოდ რუსეთს აბრალებენ. საქართველოს მოქალაქეები საკუთარი ხელისუფლებებისგან და მსხვილი კომპანიებისგან არანაკლებ ტანჯვას განიცდიან! ჩემი აზრით, ქართული დემოკრატიის წინაშე არსებული პრობლემის გააზრებას მხოლოდ მაშინ დავიწყებთ, როდესაც გავაცნობიერებთ, თუ რა იწვევს ჩვენს ტანჯვას.
მაგრამ მხოლოდ პრობლემის გაცნობიერება საკმარისი არაა, თუკი ამ პრობლემების გადაჭრა ხალხის კეთილდღეობაზე მზრუნველმა ჯგუფმა არ აიღო ხელში. ქართული საზოგადოების პრობლემად ის მიმაჩნია, რომ ჩვენ არ შეგვწევს ადეკვატური პოლიტიკური სივრცის ორგანიზების უნარი: აღტკინებულები ვყვირივართ, ვიბრძვით და ბოლოს მაინც არაფერი გამოგვდის; ვირჩევთ ლიდერებს, რომლებიც სწრაფად გვბეზრდება; ჯერ ვაღმერთებთ მათ, შემდეგ კი მათ კერპებს ვამსხვრევთ და ამ ნამსხვრებებს აღგზნებულები ვთელავთ; ძალიან ბევრ ემოციას ვხარჯავთ და გონივრულად კი საქმეს არ ვუდგებით.
ხალხის კეთილდღეობაზე ორიენტირებული რესპუბლიკის შექმნას, პირველ რიგში, გაწონასწორებული და დაბალანსებული, შორსმჭვრეტელი ლიდერები სჭირდება და არა ემოციურ ტალღაზე მყოფი ავანტიურისტები. გუშინდელი მოვლენების შემდეგ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ „ხალხი თავად იღებს სადავეებს ხელშიო“. ასეთი განცხადებები საშიშია. აღტკინებული ხალხი ყოველთვის სპონტანურია და ემოციური. მას შემდეგ, რაც ემოციები ჩაცხრება, პოლიტიკოსებმა უნდა იმუშაონ და ხალხის საკეთილდღეოდ ემოციების დაოკებისკენ უფრო ისწრაფონ, ვიდრე მღელვარებებისა და ქაოსისკენ იმ იმედით, რომ მღვრიე წყალში თავიანთი ოქროს თევზის დაჭერას უფრო ადვილად შეძლებენ. ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ერთნაირად მიუღებელია როგორც ხელისუფლების მხრიდან ყველაფრის ოპოზიციაზე გადაბრალება, ასევე, ოპოზიციის გარკვეული ჯგუფების მიერ ხალხის სახელით მანიპულირება. ჩემი აზრით, ვერც არსებული ხელისუფლება და ვერც ოპოზიცია პოლიტიკური კულტურის მაგალითს ვერ გვიჩვენებს. მათ ერთმანეთის ლანძღვა-გინებას გადააყოლეს ხალხის ინტერესები. მათ ვერ მოახერხეს მორიგება ვერც ერთ პრინციპულ საკითხზე და ქართული პარლამენტი კლოუნადად გადააქციეს.
რა სჭირდება რესპუბლიკას?
1. რესპუბლიკას სჭირდება ხალხის ინტერესების გამომხატველი ხელისუფლება.
2. ეს ხელისუფლება უნდა იყოს მუდმივი დიალოგისა და დებატების რეჟიმში ოპოზიციასთან და არა მუდმივი ლანძღვის რეჟიმში. ის ხელისუფლებაცა და ის ოპოზიციაც, რომლებიც მუდმივად ერთმანეთს ლანძღავენ, ერთნაირად უსარგებლონი არიან ხალხისთვის.
3. რესპუბლიკას სჭირდება აქტიური მოქალაქეები! „რესპუბლიკა“ ხომ ლათინური სიტყვაა და „ხალხის საქმეს“ ნიშნავს. თუკი არ გავაცნობიერებთ, რომ, მაგალითად, უხარისხოდ შესრულებული ტენდერი ყველას ჯიბიდან ფულის მოპარვას ნიშნავს, ვერ გვექნება რესპუბლიკა. რესპუბლიკის ნაცვლად გვეყოლება მმართველი პარტიები, რომელთა დამქაშები ისევ ჩვენი სახელით სისულელეებით გამოგვიჭედავენ თავს და რომლებიც მხოლოდ საკუთარი ჯიბეების გასქელებაზე იზრუნებენ.
4. ჯერ თავად ხალხი უნდა გამოერკვეს, გამოთავისუფლდეს, წამოდგეს ფეხზე, ის ბორკილები შეარხიოს და შეანჯღრიოს, რომლებიც მის ხორცშია ჩამჯდარი და მის თავისუფალ მოძრაობას უშლის ხელს. სამმაგი ჩაგვრა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები, ქართული დემოსი განიცდის, ლიბერალური დემოკრატიის მოდელის ერთი-ერთზე გადმოტანის საშუალებას არ გვაძლევს და კიდევ კარგა ხანი არ მოგვცემს. ლგბტ საზოგადოების და კიდევ სხვა ჯუფების პრობლემების გადაჭრა იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მდგომარეობაში იქნება ხალხი. ვიდრე ეროვნული, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ჩაგვრის გაერთიანებული შედეგები გავარვარებული დაღივით აწვება ქართული საზოგადოების სხეულს, დემოსი მუდამ გაღიზიანებული შეხვდება მისი ცალკეული ნაწილების ინტერესების გამოხატვის მცდელობებს. ათენი ისევ დასჯის სოკრატეს სიკვდილით.
5. ეს რომ არ მოხდეს, მეტი წინდახედულება გვმართებს, როგორც ერს. ჩვენი ფიცხი ბუნება და თანდაყოლილი სიამაყე ხელს გვიშლის იმაში, რომ რესპუბლიკაზე ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ. თუმცა, რესპუბლიკას ორივე მათგანი ყოველთვის სჭირდება: ფიქრიც და მოქმედებაც. რესპუბლიკა ხომ ხალხის საქმეა, ხალხი კი ცოცხალი ორგანიზმია. მაშ, ვეცადოთ, რომ უკეთესი პოლიტიკოსები გამოვარჩიოთ, რომლებისთვისაც ამოსავალი წერტილი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება კი არა, არამედ ხალხის სამსახური იქნება; ისეთი პოლიტიკოსები, რომლებისთვისაც სანიმუშო იქნება დიდი ქართველი მამულიშვილის სიტყვები:
მას ნუღარ ვსტირით; რაც დამარხულა,
რაც უწყალოს დროთ ხელით დანთქმულა;
მოვიკლათ წარსულ დროებზედ დარდი...
ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს,
ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი,
ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს...

6. თუმცა, ხალხის სახელით პოლიტიკოსებმა შესაძლოა, მრავალი უმსგავსობა ჩაიდინონ (აკი, სჩადიან კიდეც!). შესაბამისად, საჭიროა ხელისუფლების შტოთა მუდმივი საზოგადოებრივი კონტროლი. ეს იმიტომ, რომ ჩვენთან თავად ხელისუფლება ამას ვერ ახერხებს. ქართული აღმასრულებელი ხელისუფლება ბაყბაყ-დევივით ნთქავს საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას. ნამდვილად დიდ მადას აღძრავს საქართველოს მშვენიერი ჰაერი მასში და ვერც თბილისში არსებული გამონაბოლქვი უკარგავს ჩვენს ხელისუფლებებს ამ მშვენიერ მადას. ჰოდა. ამიტომაც, საჭიროა ალიკაპი ამოედოს ამ უმსგავსობას, კონსტიტუციის უმოწყალო გაუპატიურებები რომ ახლავს ფონად თან.
7. კლასიკური კონსტიტუციონალური მოდელის თანახმად, ხალხი უზენაეს ძალაუფლებას ფლობს, ხოლო ხელისუფლება - შეზღუდულ ძალაუფლებას. ქართულ სახელმწიფოში ეს შეტრიალებულია. ხელისუფლებები ფლობენ შეუზღუდავ ძალაუფლებას და რასაც სურთ, იმას აკეთებენ, ხოლო ხალხის ძალაუფლება შეზღუდულია. სწორედ ამიტომ, მკაცრი აზრით, თუ ვიტყვით, 1992 წლის შემდეგ ჩვენ დემოკრატია კი არა, ოლიგარქია გვაქვს. სახელმწიფო კრიზისები რომლებიც ჩვენ გვქონდა, სხვადასხვა ოლიგარქიული რეჟიმების კრიზისებია, რომლებიც თავს დემოკრატიებად ასაღებდნენ. დემოკრატიული რესპუბლიკა ანუ სახალხო რესპუბლიკა, სადაც ხალხი მის წინაშე ანგარიშვალდებული წარმომადგენლების მეშვეობით საკუთარ თავს მართავს, ჩვენ ჯერ კიდევ შესაქმნელი გვაქვს. ასე რომ, რესპუბლიკას, პირველ რიგში, რესპუბლიკის შექმნა სჭირდება! ამის განხორციელება კი მხოლოდ რესპუბლიკანური სულისკვეთებით განმსჭვალულ ადამიანებს შეუძლიათ, quod nullus sit patriae consulendi modus aut finis bonis (რადგან კარგი ადამიანების თავდადება სამშობლოს მიმართ უსაზღვროა). ამით დროებით გემშვიდობებით. Vale.
რესპუბლიკის მეგობარი