Search This Blog

Wednesday, November 14, 2018

[საპრეზიდენტო] არჩევნების შესახებ შექმნილი ისტერიის გამო:



თუკი დემოკრატიის პირობებში გვსურს ცხოვრება, პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის არჩევანს და იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენი სასურველი კანდიდატი ვერ გაიმარჯვებს, ლანძღვა-გინებას კი არ უნდა მოვყვეთ, არამედ დაველოდოთ, რას გააკეთებს არჩეული კანდიდატი მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. რა თქმა უნდა, მთავარია, რომ არჩევნები არ გაყალბდეს. ეს კი მაშინ მოხდება, როდესაც ორივე მხარე დაინტერესებული იქნება სამართლიანობით და ერთმანეთს მაქსიმალურად გააკონტროლებს.
ნებისმიერი საუბარი იმის შესახებ, რომ საპირისპირო პოლიტიკური ძალა არის დამნაშავე და ასაკრძალი, ან ოლიგარქის მართული და მოღალატე და .. და .. და მათი მხარდამჭერი ადამიანების ბრმებად, მიამიტებად ან სულაც სულელებად მონათვლა სრული პოლიტიკური და ადამიანური უკულტურობაა და მეტი არაფერი. დიახ, მე შეიძლება არ მომეწონოს ის კანდიდატი, რომელიც გაიმარჯვებს, მაგრამ თუკი არჩევნები გაყალბების გარეშე ჩატარდება, მაშინ მე უნდა მივიღო ეს შედეგი და შევეცადო, საზოგადოებრივ ცხოვრებაში სხვა კუთხით გავაქტიურდე.
დემოკრატიის მხარდამჭერის წარმოსახვითი დიალოგი საკუთარ თავთან:
- ხომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც არჩევნებში გაუმარჯვია იმას, ვისაც მე ვუჭერდი მხარს ან ის გადაწყვეტილება მიუღიათ, რომელსაც მე ვემხრობოდი?
- ყოფილა.
- მომწონდა თუ არა ეს?
- კი, მომწონდა, რადგან მიმაჩნდა, რომ ეს ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის უკეთესი იქნებოდა.
- მაგრამ მაშინ ხომ არსებობდნენ ადამიანები, რომლებისთვისაც ჩემი არჩევანი მიუღებელი იქნებოდა?
- კი, რა თქმა უნდა, არსებობდნენ.
- და რას ფიქრობდი ამ ადამიანების შესახებ?
- იმას, რომ თუ არჩევნები სამართლიანად იყო ჩატარებული მათ უნდა ეღიარებინათ დამარცხება და კანონიერად ეცნოთ არჩევნების შედეგები.
- გაგიხარდებოდა, ამ ადამიანებს შენთვის პოლიტიკურად ბრმა, სულელი და მოსყიდული რომ ეწოდებინათ?
- რა თქმა უნდა, არა.
- და შენ დაუწყებდი მათ ასეთი სიტყვებით შემკობას?
- არა, მართალი რომ გითხრა, იმდენი ზრდილობა კი მაქვს, რომ ასეც რომ მეფიქრა მათზე, საჯაროდ მაინც არ გამოვხატავდი ჩემს სიძულვილს.
- რატომ?
- იმიტომ, რომ დემოკრატია ასე მუშაობს: თუკი ორივე მხარე კანონიერად აღიარებს თავად არჩევნების პროცესს, მაშინ მათ კანონიერად უნდა აღიარონ მისი შედეგიც. შესაძლოა, მე ვფიქრობდე, რომ ვიღაც პოლიტიკურად გულუბრყვილოა. მაგრამ ვინ არის ამის შემფასებელი? იქნებ ეს ადამიანები საპირისპიროს მიიჩნევენ სწორად და მე მთვლიან გულუბრყვილოდ? თუკი ჩვენ არჩევნების მეშვეობით ვცდილობთ საზოგადოებრივი პრობლემების გადაჭრას, ეს იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო ურნასთან უნდა გამოვხატოთ ჩვენი აზრი და დაველოდოთ შედეგებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად დემოკრატიას გამოვუთხრით ძირს: გამოდის, რომ ჩვენ იმ ადამიანებს ვაცხადებთ პოლიტიკურ ბრმებად ან მოსყიდულებად, რომლებიც ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ქმნიან, ჩვენს თავს კი მათზე მაღლა ვაყენებთ. თუმცა, დემოკრატიულ საზოგადოებაში პიროვნულად ყველა თანასწორია და ყველას ღირსებას თანაბარი წონა უნდა ჰქონდეს.
- მაშინ ვინ გამოდის ის ადამიანი, რომელიც მუდამ უშვერად ლანძღავს თავის პოლიტიკურ ოპონენტებს და სიძულვილის ენას აფრქვევს?
- პოპულისტი და მხოლოდ საკუთარი ინტერესების გამტარებელი ეგოისტი, რომელსაც სინამდვილეში საზოგადოება ნაკლებად აინტერესებს. რადგან როგორც მშობელი აძლევს საკუთარ შვილებს თავისი ბილწსიტყვაობით ცუდ მაგალითს, ასევეა ის, ვინც საჯაროდ აფრქვევს სიძულვილს. როგორც ქრისტემ თქვა, ის საკვები კი არ ბილწავს პირს, რომელიც პირში შედის, არამედ ის ბილწი სიტყვები, რომლებიც მისგან მოედინება.
------
ნამდვილად დასანანია იმის ცქერა, რაც ჩვენს საზოგადოებაში ხდება წინასაარჩევნო პერიოდში. ერთმანეთს დანასისხლად გადაკიდებული ოპონენტები, ერთმანეთის უშვერი ლანძღვა... საერთოდ ესმით ამ ადამიანებს, თუ რას ნიშნავს დემოკრატია? ამის შემყურეს ნამდვილად არ გაგიკვირდება, თუ რატომ დაიწყო სამოქალაქო ომი 1990-იან წლებში...