Search This Blog

Thursday, October 22, 2015

მორალიზმი და ფარსი ქართულ პოლიტიკაში


რასაც დასთეს, იმას მოიმკი.
ხალხური

-         თქვენ გინდათ დემოკრატია?
-         კი, კი, გვინდა!
-         კი მაგრამ, მაშინ რატომ ღრიალებთ?

უცნობი სცენა ათენის აგორიდან





პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" სიმბოლო სწორედ ის ნიღბიანი მამაკაცია, რომელიც აღნიშნულ ვიდეომასალაში მოქალაქეს აუპატიურებს“. ამავე განცხადებაში იგი ნაციონალურ მოძრაობას „დანაშაულებრივ ორგანიზაციას“ უწოდებს და მიიჩნევს, რომ სახეზეა „არეულობისა და ქაოსის“ შექმნის მცდელობა. გარდა ამისა, იგი, ასევე, აცხადებს, რომ „დღეს მედიასივრცე გაჯერებულია მხოლოდ ტყუილით“ (წყარო: ინტერპრესნიუსი).

ამჟამად პოლონეთში ვიმყოფები და, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ინტერესით ვადევნებ თვალყურს იმას, რაც ჩვენს სამშობლოში ხდება. ვფიქრობ, რომ უკანასკნელ დროს განვითარებული მოვლენები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ.

პირველ რიგში, იმთავითვე გამოვკვეთ ჩემს პოლიტიკურ ორიენტირებს, რათა პარტიული მიკერძოებულობის ბრალდება გავაქარწყლო. როგორც აკადემიურ სფეროში მოღვაწე პირი, საკმაოდ დიდი სკეპტიციზმით ვარ განმსჭვალული პოლიტიკოსების მიმართ და მივიჩნევ, რომ საზოგადოება მათ ყოველთვის უნდა აკრიტიკებდეს. პოლიტიკოსები ყოველთვის უნდა იყვნენ ანგარიშვალდებულნი საზოგადოების წინაშე. მხედველობაში მაქვს ყველა პოლიტიკოსი: პარლამენტის წევრები (პოზიცია + ოპოზიცია), მინისტრები, პრემიერ-მინისტრები თუ პრეზიდენტები.

ის, რაც დღეს ხდება ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში, დიდწილად, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაშვებული შეცდომების შედეგია, რომლებიც საკმაოდ ბევრია იმისათვის, რათა მათ ამ პოსტში შევეხო. მიუხედავად მთელი რიგი დადებითი მომენტებისა, რაც მათ მმართველობას მოჰყვა შედეგად, მათ ელექტორატი დაკარგეს და არჩევნებიც წააგეს. ეს ფაქტობრივი ვითარებაა. მათმა ზედმეტმა თავდაჯერებულობამ მათივე მარცხი განაპირობა.

ჯონ დიუის ნაშრომის „თავისუფლება და კულტურა“ ჩემეული თარგმანის წინასიტყვაობაში მივუთითე ერთ სენზე, რომელსაც მყარად აქვს ფესვები გადგმული ქართულ პოლიტიკურ რეალობაში. ეს სენი წინა ხელისუფლებების გამუდმებული დამცირება და ლანძღვაა. საუბედუროდ, ამ სენით ბევრი ქართველი პოლიტიკოსი დაავადდა და ვშიშობ, რომ დღესაც ეს ვირუსი საკმაოდ მძლავრობს. შესაძლოა, ის ებოლასავით მომაკვდინებელი არ იყოს, მაგრამ მას საკმაოდ ცუდი თვისებები აქვს: თუკი ქრონიკულ თვისებაში გადადის, დემოკრატიის იმპოტენციას და აზროვნების დაჩლუნგებას იწვევს.

განსაკუთრებით საშიშია ის გარემოება, როდესაც პოლიტიკოსები მორალური კატეგორიებით მანიპულირებას იწყებენ. რა თქმა უნდა, ციხეში წამებას ჰქონდა ადგილი და ეს ყველაფერი საშინელებაა. ამ გამწარებულ ადამიანთა ტკივილზე წერას აზრი არა აქვს, რადგან ეს არაფერს შველის. ნორმალურ სახელმწიფოში ყველანაირად ეცდებოდნენ დამნაშავეთა დასჯას უსწრაფესად, დაზარალებულთა ანონიმურობის მაქსიმალურ გარანტირებას და მათთვის სათანადო ფსიქოლოგიური და ემოციური დახმარების აღმოჩენას.

მაგრამ ის ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ასეთი საშინელი ფაქტები ხდებოდა, არ უნდა ნიშნავდეს იმას,

რომ მართებულია ქალაქის ცენტრში, ტელეეკრანებზე აღნიშნული კადრების ჩვენება, მოსწავლეებისა და პედაგოგების წაყვანა საგანგებოდ ამისთვის მოწყობილ ღონისძიებებზე. ბოლოს და ბოლოს, გავუსწოროთ რეალობას თვალი და ვთქვათ, რომ, საბედნიეროდ, ჩვენ დახაუ და ოსვენციმი არ გვქონია. შესაბამისად, ამ ფაქტების შემდეგ საჭიროა ეფექტური გამოძიება და არა მასების ემოციებზე ზემოქმედება ვიდეოების მეშვეობით.

მიუხედავად იმისა, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში აქციის მონაწილეებს საკმაოდ მკაცრად გაუსწორდნენ (რისი შემსწრეც თავად ვიყავი), ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას,

რომ მთელი ნაციონალური მოძრაობა დამნაშავეთა ხროვად მოვიხსენიოთ და მათზე პოლიტიკური ნადირობა გამოვაცხადოთ. რა უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ამ საზიზღარი კადრების ხელახლა გამოჩენას და ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებას („მე ვფიქრობ, რომ სისხლიანი რეჟიმის, "ნაციონალური მოძრაობის", სააკაშვილის გუნდის პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს", წყარო: ინტერპრესნიუსი) სწრაფად მოჰყვა თავდასხმები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებზე ფოთში, გორში, ოზურგეთში, ქუთაისში, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაზე და ა.შ.



ეს უკვე ძალიან ცუდია. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ისევ ვკარგავთ რაციონალური განსჯის უნარს და ავადსახსენებელი 90-იანი წლების სულისკვეთებას ვუბრუნდებით. ბოღმის გადმონთხევა ბიბლიოთეკაზე უკიდურესი რეაქციონიზმის და სიბნელის გამოხატულებაა. 

კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩემს ცენტრალურ თეზისს: ჩვენ უნდა ვაკრიტიკოთ ყოველი ხელისუფლება. თუკი დემოკრატიის ჩამოყალიბება გვსურს, მაშინ გზა კრიტიკასა და დებატებზე გადის. წინააღმდეგ შემთხვევაში პუტინის რუსეთს და ლუკაშენკოს ბელორუსს მივიღებთ, სადაც საზოგადოებრივი აზრი დამბლადაცემულია და ადამიანთა დიდი ნაწილი, მხეცების მსგავსად, გონების ნაცვლად ინსტინქტებს ეყრდნობა. 




პოზნანში ყოფნისას ჩემთვის ნამდვილი კულტურული შოკი იყო ბელორუსი სტუდენტების აღმოჩენა: მათი აბსოლუტური უმრავლესობისათვის უცნობია, თუ რას ნიშნავს საერთოდ სიტყვა „დემოკრატია“, რატომ არის კარგი განსხვავებული აზრის არსებობა, რატომ უნდა ცდილობდე, რომ შენს ქვეყანაში რაღაც შეცვალო, „თუკი შეგიძლია, რომ იქედან უბრალოდ გაიქცე“ (ასეთია მათი დიდი ნაწილის ხედვა).





სრული დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ დღევანდელ ვითარებაში, როდესაც ჩვენზე ემოციები და ვნებები ბობოქრობენ, საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე ვდგავართ: 

ჩვენ უნდა გავიაზროთ (რაც არ უნდა რთული იყოს ეს), რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ უდრის ცოცხებსა და ციხის კადრებს. ჩემი ექსპედიციების დროს მე პირადად მინახავს საქართველოს სხვადასხვა სოფლებში ადამიანები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, უბრალო გლეხები იყვნენ. მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მათაც დავაკისროთ პასუხისმგებლობა?

სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელთა მორალისტური განცხადებები ამხელს იმ ფარსს, რომელშიც ყველანი ვიმყოფებით: აღტკინებულები და ანგაჟირებულები, ჩვენ ვმსჯელობთ მორალზე, ვყვირით, ვისვრით კვერცხებს და ბოთლებს და გვგონია, რომ ასე ავაშენებთ სამოქალაქო საზოგადოებას.

განვიხილოთ ჰიპოთეტური შემთხვევა: წარმოვიდგინოთ, რომ „რუსთავი 2“ გაქრა და „ნაციონალური მოძრაობაც“ წავიდა პოლიტიკური სცენიდან. ძალიან მაინტერესებს, მაშინ რაზე მოახდენს აპელირებას ჩვენი ხელისუფლება? „უკანმოუხედავად გაქცეული ლარი“, შლიგინ-შლიგინით გამოწერილი პრემიები, დენისა და გაზის შეზღუდული მიწოდება ის პრობლემებია, რომლებიც, სამწუხაროდ, სულ მალე ახალი ძალით იჩენენ თავს.

გარდა ამისა, ჯარში და ციხეებში ისევ კვდება ხალხი. ბოლო სამი წლის განმავლობაში „ინტერპრესნიუსის“ მეშვეობით ხშირად წამიკითხავს ასეთი სამწუხარო ფაქტების შესახებ. ახლახან კიდევ ჯარისკაცმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მომავალმა ხელისუფლებამ რომ ამ საქმეების გამოძიება დაიწყოს და შემზარავი ვიდეოები და დანაშაულები აღმოაჩინოს, მაშინ ვის მივდგეთ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს? განა ეს სწორი იქნება?

ეს წუთია, წავიკითხე, რომ „ქიბარ ხალვაშის სარჩელზე მოსამართლე გადაწყვეტილებას დღეს არ გამოაცხადებს“ (წყარო: ინტერპრესნიუსი). აშკარაა, რომ ამ არხის ირგვლივ სერიოზული ვნებები ბობოქრობენ. ხომ არ გახდება „რუსთავი 2“-ის შემთხვევა ის დამაჩქარებელი ფაქტორი, რომლის შესახებაც ადრეულ პოსტში ვსაუბრობდი? თუ ხელისუფლება ახალი, გადამწყვეტი დარტყმისთვის ემზადება? შეძლებს თუ არა პრეზიდენტი მარგველაშვილი ზომიერი ოპოზიციის შემოკრებას მის ირგვლივ და მოგვევლინება თუ არა იგი ახალ პოლიტიკურ ლიდერად? გადაწყვეტს თუ არა ქართული პოლიტიკის დამოკლეს მახვილი, ბიძინა ივანიშვილი, ღიად ჩაერთოს მიმდინარე პროცესებში?

ამას ჩვენი პოლიტიკური ფარს-სერიალის მომდევნო სერიებში ვიხილავთ. მთავარი კი ერთია: როგორც რიგითმა ამომრჩევლებმა და მოქალაქეებმა მოვუხმოთ ქრისტიანული ჰუმანურობის პრინციპებს, საღ აზრს, გონიერებას და არავის, არავის მივცეთ ჩვენით მანიპულირების საშუალება. ჯონ დიუის რომ დავესესხოთ, უნდა გვახსოვდეს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებას არადემოკრატიული გზებით ვერასოდეს ავაშენებთ.


P.S. ამ პოსტის უდიდესი ირონია ისაა, რომ 2007 წელს, როდესაც ჯერ კიდევ ბაკალავრიატის სტუდენტი ვიყავი, ვერაფრისდიდებით წარმოვიდგენდი, რომ დავწერდი ისეთ პოსტს, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ დაჩაგრულ მხარედ წარმოჩნდებოდა :-) იმედი მაქვს, რომ 2023 წელს ანალოგიური პოსტის დაწერა არ მომიწევს...

Tuesday, June 23, 2015

სტიქია თბილისში: განადგურებული ადგილები და ადგილებზე ზრუნვის მნიშვნელობა

ვაპირებდი, დამეწერა პოსტი ქართველი ფილოსოფოსის მერაბ მამარდაშვილის შესახებ სათაურით „მერაბ მამარდაშვილი: ფილოსოფოსი გამოქვაბულიდან“ („გამოქვაბულში“ საბჭოთა კავშირს ვგულისხმობ), თუმცა თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიებმა (მრავლობით რიცხვს შეგნებულად ვიყენებ), მაიძულა, ამ ჩანაფიქრის ასრულება ცოტა ხნით გადამედო.

მაშ ასე: საშინელმა წყალდიდობამ იმსხვერპლა ადამიანები და ცხოველები, გაანადგურა თბილისის ზოოპარკი და ქალაქის ინფრასტრუქტურა. ეს არის ის უაღრესად სამწუხარო შედეგი, რომლის მომსწრენიც გავხდით.





წყალდიდობის მეორე-მესამე დღეს მედიის მიერ აქტიურად შუქდებოდა „ბრალეულობის“ საკითხი. თუმცა, ჩემი აზრით, ეს გაშუქება ტენდენციური იყო (როგორც „პოზიციის“, ისე „ოპოზიციის“ მხრიდან). ვფიქრობ, „ბრალი“ კონკრეტულ პიროვნებებში კი არ არის საძიებელი, არამედ იმ სივრცობრივ პრაქტიკებში, რომლებიც თბილისში საბჭოთა პერიოდიდან ხორციელდება სახელმწიფოს მიერ. მოცემულ შემთხვევაში „სივრცობრივ პრაქტიკებში“ ვგულისხმობ ყველა იმ ქმედებას, რომელთა შედეგად, ადამიანთა აქტიურობის მეშვეობით, სივრცე გარკვეულ გარდაქმნებს ექვემდებარება.  

ამ შემთხვევაში ჩემთვის ამოსავალია არა წარმოების წესი (რომელიც სოციალისტურიდან კაპიტალისტურით ჩანაცვლდა), არამედ სახელმწიფოს ბიუროკრატიული აპარატის ზედამხედველობით განხორციელებული სივრცობრივი პრაქტიკები, რომელთა შედეგად შეიქმნა აბსტრაქტული და ჰომოგენური (ერთგვაროვანი) სივრცეები. ხაზს ვუსვამ, რომ მოცემულ მომენტში ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა სახელმწიფოს ფორმას (სოციალისტური თუ კაპიტალისტური). საერთოა ის, რომ ორივე შემთხვევაში სივრცეზე ძალადობა ხორციელდება.

შევეცდები, უფრო მეტი სინათლე მოვფინო ზემოთქმულს. ცნობილ ფრანგ ფილოსოფოსსა და სოციოლოგს ანრი ლეფევრს (1901-1991 წწ.) ეკუთვნის ძალზე საინტერესო ნაშრომი „სივრცის წარმოება“ (1974 წ.). მოცემულ შემთხვევაში ჩემი შთაგონების წყარო სწორედ ლეფევრის აღნიშნული ნაშრომია (ქვემოთ მითითებულია 1991 წლის ინგლისური გამოცემის გვერდები).




თანამედროვე სახელმწიფო, ლეფევრის აზრით, მთელი ძალით აწვება საზოგადოებას. ცოდნისა და ტექნოლოგიის მეშვეობით ის ახდენს საზოგადოების რაციონალურ (ამ სიტყვას ლეფევრი ბრჭყალებში სვამს, რითაც ეჭვქვეშ აყენებს რაციონალურობის რაციონალურობას) დაგეგმვასა და ორგანიზებას. ძალაუფლების მწვერვალზე მყოფთა პოლიტიკური იდეოლოგიებისა და კლასობრივი წარმომავლობის მიუხედავად, სახელმწიფო ერთგვაროვან ღონისძიებებს ახორციელებს. ამის შედეგად თანამედროვე სახელმწიფო (ეროვნული) საზოგადოებებისა და სივრცეების სტაბილურ ცენტრად გვევლინება (გვ. 23).

ამ პროცესების ფონზე, ლეფევრის მიხედვით, ყველაზე მეტად ბუნება ზარალდება: ის კვდება. მის მკვლელად გვევლინება ის, რაც არ არის ბუნება ანუ „ანტი-ბუნება“ – აბსტრაქცია, ნიშნები, სიმბოლოები, დისკურსი, თვით შრომა და მისი პროდუქტებიც კი (გვ. 70-71).

სახელმწიფოს აქტივობების შედეგად განვითარებული კაპიტალიზმის პირობებში აბსტრაქტული სივრცე წარმოიქმნება. ეს არის ინსტრუმენტული სივრცე, რომელიც მანიპულირდება ყველა სახის ხელისუფლების მიერ, ერთი სიტყვით, ის ძალაუფლების სივრცეა და მას კავშირი აქვს ტექნოლოგიასთან, გამოყენებით მეცნიერებებთან, ზოგადად ცოდნასთან (გვ. 50-51). აბსტრაქტული სივრცე კაპიტალიზმის და ნეოკაპიტალიზმის პროდუქტია. ის თავის თავში მოიცავს „მოხმარების საგნების სამყაროს“, ასევე, ფულისა და სახელმწიფოს ძალაუფლებას. ეს სივრცე ემყარება ბანკების, ბიზნეს-ცენტრების და მსხვილი საწარმოო ცენტრების უზარმაზარ ქსელს, ასევე, ავტომაგისტრალებს, აეროპორტებს და ინფორმაციულ ბადეებს (გვ. 53).

კაპიტალიზმის წიაღში წარმოქმნილი სივრცის ანალიზის პარალელურად, ლეფევრი „რკინის ფარდის“ მიღმა არსებული სივრცითაც ინტერესდება. იგი ძალზე საინტერესო შეკითხვას სვამს: წარმოშვა თუ არა სახელმწიფო სოციალიზმმა საკუთარი სივრცე? (გვ. 54). იმავე გვერდზე ლეფევრი სოციალიზმის სივრცეს „ტოტალურს“ უწოდებს. იგი სოციალიზმის განვითარების ორ ალტერნატივას განიხილავს, რომელთაგან პირველზე გავამახვილებ ყურადღებას. ეს გზა გულისხმობს ეკონომიკური ზრდის აჩქარებას ნებისმიერ ფასად (ზრდის კაპიტალისტური სტრატეგიების მსგავსად),  ფართომასშტაბიან წამოწყებებსა და მსხვილ ქალაქებზე დაყრდნობას. ეს ქალაქები, თავის მხრივ, ერთსა და იმავე დროს, წარმოებისა და ძალაუფლების დიდი ცენტრებია (გვ. 55).

რას მივიღებთ ამის შედეგად? არათანაბარ განვითარებას და მთელი რეგიონების გაუკაცრიელებას, მიიჩნევს ლეფევრი (იქვე).

სწორედ ამ პუნქტიდან დავუბრუნდები ჩვენს რეალობას. საქართველოში (და საბჭოთა კავშირში) სოციალიზმის განვითარების სწორედ ის ალტერნატივა განხორციელდა, რომელიც ზემოთაა გადმოცემული. როგორც ერთმა ჩემმა უფროსმა კოლეგამ მითხრა, 1950-იან თუ 1960-იან წლებში საქართველოს სსრ-ში საკმაოდ პოპულარული იყო ლოზუნგი „ვაქციოთ თბილისი მილიონიან ქალაქად!“ დაიწყო ახალი უბნების ინტენსიური მშენებლობა და თბილისის მიმდებარე გეოგრაფიული სივრცის ტოტალური გარდაქმნა, რის შედეგად მივიღეთ საბურთალოს, ვარკეთილის, ვაზისუბნის, დიდი დიღმის, გლდანის და ა.შ. ტოტალური, აბსტრაქტული და ჰომოგენური სივრცეები. ხელოვნური (და ძალადობრივი!) ურბანიზაციის პროცესმა მთელი რიგი რეგიონების დაცარიელება გამოიწვია (მაგალითად, ხევსურეთი სწორედ მაშინ გაუკაცრიელდა. ხახმატის, ბისოს, კისტანის, შატილის, მუცოს და სხვა სოფლების ადგილის პულსი უკიდურესად შენელდა ან საერთოდ შეჩერდა, ყოველდღიური მოძრაობისა და მოქმედების სივრცე, ფაქტიურად, გაქრა. სივრცემ დაკარგა თავისი არსებითი ელემენტი - მოქმედი სუბიექტები).







ამრიგად, თბილისი იქცა ქალაქად, სადაც უეცრად მკვეთრად გაიზარდა ყოველდღიური სივრცე. ადამიანთა მასები მოედვნენ ქალაქს, სადაც ცხოვრების ახალი ტემპი დამკვიდრდა, ძველი კი თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა. თბილისი იქცა ლოზუნგების, პლაკატების და ერთფეროვანი ბეტონის კორპუსების ქალაქად, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ისეთ ქალაქად, რომლის ერთიანი სივრცობრივი კოდი დაირღვა.

1990-იან წლებში ეს პროცესები კიდევ უფრო გამწვავდა. სამოქალაქო ომმა, ქალაქში მოსახლეობის (და ამის გამო სიდუხჭირის) ზრდამ და მკვეთრმა ეკონომიკურმა ვარდნამ თბილისი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი წარმატებული რესპუბლიკის დედაქალაქიდან ამიერკავკასიის ერთ-ერთი მიკარგული რესპუბლიკის უფერულ ქალაქად აქცია. თვითნებურმა მშენებლობებმა ისედაც დამახინჯებული ქალაქის სივრცობრივი კოდი კიდევ უფრო დაამახინჯეს.

2003 წლიდან, ახალი ხელისუფლების პირობებში, ახალი სივრცობრივი პოლიტიკა დაიწყო, რომელიც ახალი ადგილებისა და სივრცეების შექმნას და ძველის მსხვრევას გულისხმობდა. ბევრი თანამედროვესათვის (და ბევრი ახლაც ასე თვლის) 2003-2012 წლებში მიმდინარე სივრცის რეორგანიზაცია (ახალი მშენებლობები და პროექტები) ნამდვილად სჯობდა 1990-იანი წლების სტაგნაციას. თუმცა, ჩემი აზრით, „ნაციონალების“ ხელისუფლებას საბჭოთა ხელისუფლებასთან სულ მცირე, ერთი რამ მაინც ჰქონდა საერთო: ძალადობა სივრცეზე. სახელმწიფო თვითნებურად წყვეტდა სივრცის მთელი სეგმენტების (ესტაკადების გაყვანა, მოედნების, გვირაბების და ახალი ქალაქების (ლაზიკა) მშენებლობა, უცნაური და ჰიპერრეალისტური პროექტები ქალაქების ისტორიულ სივრცეებში - იუსტიციის სახლი, ხიდი და „გულივერის ფეხები“ თბილისის ძველ უბანში) რეორგანიზების საკითხებს. ხშირ შემთხვევაში ეს იწვევდა უკმაყოფილებას და პროტესტს, რომელსაც სახელმწიფო სწრაფად ახშობდა (აქვე აღვნიშნავ, რომ „ნაციონალების“ და ამჟამინდელი ხელისუფლების სივრცობრივი პოლიტიკის ანალიზი კიდევ უფრო სიღრმისეულ განხილვას იმსახურებს).








2012 წლის შემდეგ ახალი ხელისუფლება თითქოს უფრო ლიბერალურ პოლიტიკას ატარებს. მაგრამ უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ ეს საერთოდ არ არის პოლიტიკა. სახეზეა ე.წ. „შევარდნაძის ეპოქისა“ და „ნაციონალების“ მმართველობის გასაოცარი სიმბიოზი. ადგილებზე და სივრცეებზე ძალადობა კი ისევ გრძელდება: ისტორიული სივრცეების გაქრობა (საყდრისი), მეგა-სივრცითი პროექტები („პანორამა თბილისი“, ხუდონჰესი) და ა.შ.







ჩემი აზრით, ვერეს კატასტროფა, უპირველეს ყოვლისა, ბიუროკრატიის თვითნებობისა და უნიათობის თვალსაჩინო გამოვლინებაა, რომელიც, სოციალიზმიდან მოყოლებული, კეთრივითაა მოდებული ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკურ სხეულზე. სახელმწიფო პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ადგილებსა და სივრცეებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის საფრთხის ქვეშ დააყენებს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლეს. თუკი ხელისუფლების წევრები ფაქიზად არ მიუდგებიან ადგილებს, თუკი ისინი არ გაითვალისწინებენ ადგილების დინამიკასა და პულსს, შედეგები, შესაძლოა, სავალალო აღმოჩნდეს. ადგილებს, ადამიანთა მსგავსად, საკუთარი იდენტობები აქვთ, რომლებიც ისტორიული პერიოდის განმავლობაში ინდივიდთა ინტერაქციების შედეგად ყალიბდება. თუკი სახელმწიფო ადგილებს გაწირავს მსხვილი კაპიტალისტური ინტერესების სასარგებლოდ, მაშინ უადგილობა მძლავრად მოიკიდებს ფეხს და სოციალური ცხოვრების პათოლოგიებს კიდევ უფრო გააღრმავებს.

ვერეს კატასტროფამ განსაკუთრებული სიცხადით წარმოაჩინა, თუ როგორ უყვართ ადამიანებს ადგილები, თუ როგორ ზრუნავენ ისინი მათზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნათლად გამოჩნდა ადგილების შემომკრები და გამაერთიანებელი ბუნება. მაგალითად, „მზიურმა“ თავის გარშემო შემოიკრიბა ორივე სქესის და განსხვავებული ასაკის, ეროვნების, სარწმუნოებისა და პროფესიის ადამიანები, რომლებიც სპონტანურად, მაგრამ ორგანიზებულად მოქმედებდნენ. იდეები სპონტანურად ჩნდებოდა („კვება მოხალისეებს“, „უფასო ტაქსი მოხალისეებს“ და ა.შ.) და ისინი კონკრეტული ადგილისა და იქ მყოფი ადამიანებისაკენ იყო მიმართული. ამრიგად, „მზიურმა“, როგორც ადგილმა, აჩვენა, რომ ნახევრად განადგურებულ ადგილსაც შეუძლია, ინტენსიური კომუნიკაციისა და ზრუნვის კერა გახდეს. ტალახი, რომელიც თავდაპირველად სტიქიით გამოწვეულ განადგურებაზე მიანიშნებდა და შეძრწუნებას იწვევდა, სულ მოკლე ხანში ჯგუფური სოლიდარობისა და ერთიანობის სიმბოლოდ იქცა.













როდესაც ორშაბათს „მზიურში“ ჩემს სტუდენტებთან ერთად მივედი (რითაც სოლიდარობის ზღვაში ჩვენი წვეთი ჩავაწვეთეთ), თვალწინ ასეთი სურათი გადამეშალა: ირგვლივ ტალახის გუბეები იდგა და ხის ნაფოტები აქეთ-იქით ეყარა.  ე.წ. „დრუჟბები“ გამაყრუებლად ღრიალებდნენ. ამ ხმას უერთდებოდა ნიჩბების რაკუნი და ახალგაზრდობის (უმრავლესობა, ალბათ, 30 წელზე ნაკლები ასაკის იყო) გადაძახილები. მოქმედებდნენ ჯგუფებად და ეს ჯგუფები კონკრეტულ საქმეებს აკეთებდნენ: ზოგიერთს ტალახი გაჰქონდა, ზოგიერთს ხეები გადაჰქონდა, სხვები კი საკვებს არიგებდნენ. როდესაც მიმდებარე მაღაზიაში მოხალისეებისათვის საკვები და წყალი შევიძინეთ, გამყიდველმა ფასი დაგვიკლო და ერთჯერადი ჭიქების დიდი შეკვრაც გვაჩუქა. ჩამოსვლისას კი უცნობმა გოგონამ მოკლე გზით წამოგვიყვანა და დაკეტილი სადარბაზოების კარებები გაგვიღო.











ვერეს ტრაგედიამ აჩვენა, რომ ადგილები და ადგილებზე ზრუნვა ადამიანური ექსისტენციის (არსებობის) უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ადგილები მუდამ ჩვენთან არიან, უფრო სწორედ, ჩვენ ყოველთვის ვართ კონკრეტულ ადგილებზე, მაგრამ მხოლოდ ასეთ ტრაგიკულ მომენტებში შევიგრძნობთ მათ ასე მძაფრად. ამ დროს ადგილები ჩვენს თვალწინ ხსნიან ახალ - ზრუნვისა და პასუხისმგებლობის განზომილებას და საკუთარი იდენტობის გააზრებაში გვეხმარებიან.






როგორ შეგვიძლია მივაგოთ პატივი დაღუპული ადამიანებისა და ცხოველების ხსოვნას? იმ ადგილებზე ზრუნვით, სადაც ისინი დაიღუპნენ; ასევე, იმ მნიშვნელოვან ადგილებზე ზრუნვით, რომლებთანაც შეხება გვიწევს. მხოლოდ მაშინ შეგვეძლება იმის თქმა, რომ ისინი ტყუილად არ დაღუპულან; რომ ჩვენი შეკავშირება არ ყოფილა წამიერი; რომ გაწეული ძალისხმევა არ ყოფილა ამაო. დაე, სახელმწიფო უფრო ფრთხილი იყოს ადგილებთან მიმართებაში, ჩვენ კი - უფრო მომთხოვნი სახელმწიფოსთან მიმართებაში. თუკი შევძლებთ განადგურებული ადგილებისათვის შეწყვეტილი პულსის აღდგენას და მათთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვას, უკვე არსებული ადგილების მოფრთხილებასა და დაცვას, მაშინ ამით ყველაზე მეტ პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას და ხელს შევუწყობთ (თავისუფალი) სივრცეების შექმნას, რომლებიც მნიშვნელოვანი ადგილებით იქნება სავსე. უადგილობის დაძლევის ერთადერთი გზა ადგილებზე გადის. 












Sunday, February 22, 2015

რომელ საფეხურზე ვართ? გაზრდილი უკმაყოფილება, უკანმოუხედავად გაქცეული ლარი, (ისევ) კრიტიკული ცნობიერება და ნეილ სმელზერი სტრუქტურული დაძაბულობის შესახებ



ნება მომეცით, შებრუნებული თანმიმდევრობით დავიწყო. ნეილ სმელზერი (დაიბ. 1930 წ.) თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოჩენილი სოციოლოგია. წლების განმავლობაში იგი მოღვაწეობდა აშშ-ში, კალიფორნიის უნივერსიტეტში (ქ. ბერკლი). მისი ინტერესთა სფერო ფართოა და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სოციალური ცვლილება, მოდერნიზაციის თეორია, ეკონომიკური სოციოლოგია, კოლექტიური ქმედება, ფსიქოანალიზი და სხვ. სმელზერი საკმაოდ ახლოს იყო ცნობილ ამერიკელ სოციოლოგთან, ტოლკოტ პარსონსთან (1902-1979 წწ.), რომელთან ერთად დაწერა ნაშრომი „ეკონომიკა და საზოგადოება“ (1956 წ.), რომელიც საკვანძო მნიშვნელობისაა ეკონომიკურ სოციოლოგიაში. თავად სმელზერმა გადამწყვეტი მნიშვნელობა შეასრულა ამ დარგის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.


1962 წელს სმელზერმა გამოაქვეყნა მეტად მნიშვნელოვანი ნაშრომი: „კოლექტიური ქმედების თეორია“, სადაც სოციალური მოძრაობის წარმომშობი ფაქტორები გააანალიზა. ნაშრომში მოცემულია სქემა, რომელიც ექვსი ფაქტორისაგან შედგება. აღნიშნული ფაქტორების არსებობა აუცილებელია იმისათვის, რათა კოლექტიური ქმედება განხორციელდეს. ეს უკანასკნელი, შესაძლოა, დროებითი გატაცების, მღელვარების, პანიკის, ამბოხის, რეფორმის ან რევოლუციური მოძრაობის სახით გამოვლინდეს. სმელზერის აზრით, თითოეული ფაქტორი/საფეხური გარკვეულ „დამატებით ღირებულებას“ (ეს ტერმინი სმელზერმა ეკონომიკის სფეროდან აიღო) სძენს მთლიან პროცესს. ამიტომ სმელზერის თეორიას „დამატებითი ღირებულების თეორიის“ (value-added theory) სახელითაც იცნობენ (კლასიფიკაციის მხრივ ის სოციალური დაძაბულობის თეორიათა ჯგუფს განეკუთვნება).


რომელია ის ფაქტორები/საფეხურები, რომლებიც, სმელზერის აზრით, აუცილებელია კოლექტიური ქმედების აღსაძვრელად?

პირველია სტრუქტურული ხელსაყრელობა. ეს არის ფართო სოციალური კონტექსტი ანუ გარემო, რომელიც ხელს უწყობს სოციალური მოძრაობის ჩამოყალიბებას. აღნიშნული ფაქტორი ყველაზე უფრო ზოგადია. მაგალითად, ავტორიტარული ტიპის სახელმწიფოში, შესაძლოა, პოლიტიკური მიზნით ადამიანთა თავშეყრა აკრძალული იყოს. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში, კოლექტიური ქმედების ორგანიზება გაცილებით რთული იქნება. სტრუქტურულად ხელსაყრელი გარემო უპირველესი წინაპირობაა კოლექტიური ქმედების განხორციელებისათვის. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ფაქტორი საკმარისია სოციალური მოძრაობის წარმოქმნისათვის.
სტრუქტურულ დაძაბულობას სმელზერი განსაზღვრავს, როგორც სოციალურ სტრუქტურაში არსებულ გაურკვევლობებს, კონფლიქტებსა და წინააღმდეგობებს. მაგალითად, არსებული ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავლების კლებამ და წარმოქმნილმა ფინანსურმა გაურკვევლობამ, სამთავრობო ვალებმა, არჩევნებს შორის წარმოქმნილმა სირთულეებმა და სხვა წინააღმდეგობებმა, შესაძლოა, საერთო დაძაბულობა წარმოშვან საზოგადოების შიგნით. ინდივიდები გრძნობენ, რომ მათი მოლოდინები არ მართლდება და ალტერნატიული გზების ძიებაზე იწყებენ ფიქრს.
მესამე ფაქტორად სმელზერი ასახელებს განზოგადებულ რწმენებს. ამ ეტაპზე ჩნდება კონკრეტული შეხედულებები, რომლებიც არსებულ დაძაბულობას ამა თუ იმ მიზეზზე მითითებით ხსნიან. ინდივიდებს გაცნობიერებული აქვთ უკმაყოფილების გამომწვევი მიზეზები. სმელზერის აზრით, ხშირად ეს რწმენები პრიმიტიულია, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ზეგავლენას ვერ ახდენენ ადამიანებზე.
დამაჩქარებელი ფაქტორი არის მოვლენა, რომელიც ჩახმახის როლს ასრულებს. ის ერთგვარი ნაპერწკალია, რომელიც სოციალურ მოძრაობას ააგორებს. ეს, შესაძლოა, იყოს ცნობილი პიროვნების ან უბრალო ადამიანის დაკავება/მკვლელობა, პრობლემური კანონპროექტის მიღება და ა.შ. როდესაც ასეთი მოვლენა ხდება, ინდივიდები აცნობიერებენ, რომ მეტის მოთმენა არ შეიძლება და მოქმედებაზე გადადიან.
მონაწილეთა მობილიზაცია მოქმედებისათვის. ზემოთ დასახელებული ფაქტორების არსებობის შემთხვევაში, ერთადერთი რამ, რაც რჩება, არის სოციალური ჯგუფის ამოქმედება. ეს, შესაძლოა, გამოიხატოს პანიკის გავრცელებით, მტრობის დაწყებით, რეფორმის ინიცირებით ან რევოლუციური მოქმედებებით. მობილიზაციის ამ პროცესში, სმელზერის მიხედვით, უაღრესად მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ მოქმედებენ ჯგუფის ლიდერები.


სმელზერის სქემაში უკანასკნელ ფაქტორს წარმოადგენს სოციალური კონტროლის მექანიზმების მოქმედება. სმელზერი თვლის, რომ, გარკვეული აზრით, ეს ფაქტორი ყველა სხვა ფაქტორს მოიცავს. სოციალური კონტროლის მექანიზმები წარმოადგენს იმ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლებიც ხელს უშლის ზემოთ მოყვანილი ფაქტორების „დაგროვებას“ და კოლექტიური მოქმედების განხორციელებას. აღნიშნულ მექანიზმებს სმელზერი ორ ფართო ტიპად ჰყოფს: ა). სოციალური კონტროლის მექანიზმები, რომლებიც დაძაბულობის მინიმიზებას ახდენენ. ეს მექანიზმები აღკვეთენ კოლექტიურ ქმედებას კონკრეტულ ფაქტორზე შეტევით (მაგალითად, მთავრობას შეუძლია, გააუქმოს არაპოპულარული კანონი ან სულაც გააძლიეროს პოლიციური კონტროლი და ზედამხედველობა); ბ). სოციალური კონტროლის მექანიზმები, რომლებიც კოლექტიური ქმედების განხორციელების შემდეგ ამოქმედდებიან. ამ ტიპის მექანიზმების ეფექტურობის შესაფასებლად, გასაანალიზებელია, თუ როგორ მოქმედებენ კონტროლის შესაბამისი ორგანოები (პოლიცია, სასამართლო, პრესა, რელიგიური ავტორიტეტები და ა.შ.) კოლექტიურ ქმედებასთან მიმართებაში (ხისტი პოზიცია აქვთ თუ მერყევი, ხომ არ ემხრობიან ისინი მღელვარებას და ა.შ.).
აღნიშნული ექვსი ფაქტორის ანალიზის საფუძველზე სმელზერს სურდა, დაედგინა, თუ რა უდევს საფუძვლად ამა თუ იმ სახის კოლექტიური ქმედებას და რა იწვევს იმას, რომ კონკრეტული კოლექტიური ქმედება სწორედ მოცემული (და არა სხვა) ფორმით ხორციელდება. რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ყველა სახის თეორიას, სმელზერის კოლექტიური ქმედების თეორიასაც გამოუჩნდნენ კრიტიკოსები. ისინი აღნიშნავენ, რომ სმელზერის თეორიის მიხედვით, ინდივიდთა კოლექტიურ ქმედებებს ირაციონალური ფაქტორები განსაზღვრავს (შემდგომმა თეორეტიკოსებმა (მაგალითად, ალენ ტურენმა) ყურადღება გაამახვილეს კოლექტიური ქმედების საფუძველმდებარე რაციონალურ ფაქტორებზე); რომ სოციალური მოძრაობები, შესაძლოა, გაძლიერდეს დამაჩქარებელი ფაქტორების გარეშე და ა.შ. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში ჩემს მიზანს არ წარმოადგენს სმელზერის კოლექტიური ქმედების თეორიის კრიტიკული განხილვა. მე უფრო მაინტერესებს ამ თეორიის პრაქტიკული ღირებულება ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე (თუნდაც იმის დაშვებით, რომ ამ შემთხვევაში თეორიის გარკვეული ასპექტები საგრძნობლად გამარტივდება).
ჩვენს ქვეყანაში დღეს არსებული ვითარება ამ სახის განაზრებებისკენ მიბიძგებს. „ვინ წაიკითხავს შენს ნაწერს და რა შეიცვლება ამით?“ მკითხა რამდენიმე დღის წინ ჩემმა მეგობარმა, რომელიც საბანკო სფეროში მუშაობს. უნდა ვაღიარო, რომ ეს შეკითხვა მეც მაწუხებს. ამ შეკითხვაზე პასუხს ისევ და ისევ კრიტიკული თეორიის წარმომადგენელთა ნააზრევში ვეძებ. ჩემს წერილში „წინასაახალწლო დანამატები ანუ როგორ მოვრთოთ საახალწლო სუფრა გადამხდელთა ფულით“ (23.12.2014) ვახსენე გერმანელი ფილოსოფოსისა და სოციალური თეორეტიკოსის მაქს ჰორკჰაიმერის სტატია „ტრადიციული და კრიტიკული თეორია“, სადაც ავტორი საუბრობს საზოგადოებაში არსებულ არაჰუმანურ პრაქტიკებსა და კრიტიკული ცნობიერების საჭიროებაზე. ამჟამად ისევ აღნიშნულ სტატიაზე გავამახვილებ ყურადღებას (სხვათა შორის, ფილოსოფიითა და სოციალური თეორიით დაინტერესებულ ყველა ახალგაზრდას (და არა მხოლოდ მათ) ვურჩევ, თავად გაეცნონ ამ ნაშრომს). 



ჰორკჰაიმერი აღნიშნავს, რომ თანამედროვე საზოგადოებაში პროლეტარიატის მდგომარეობა არ არის სწორი ცოდნის გარანტია. ვფიქრობ, რომ დღევანდელ ვითარებაში შეგვიძლია, სიტყვა „პროლეტარიატი“ ჩავანაცვლოთ ტერმინით „დაბალი და საშუალო კლასი“. მაშ ასე, რას ნიშნავს წინადადება, რომ დაბალი და საშუალო კლასის მდგომარეობა არ არის სწორი ცოდნის გარანტია? პირველ რიგში იმას, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებების თანახმად, ნორმალურად და მართებულად მიიჩნევა ის, რაც სინამდვილეში ჩაგვრას და ექსპლუატაციას (სხვისი შრომის მითვისებას წარმოადგენს). მაგალითად, ითვლება, რომ თუკი ინდივიდი წარუმატებელია, ეს იმის ბრალია, რომ მან სწორი ინვესტიცია ვერ განახორციელა, რომ მან სათანადოდ ვერ განკარგა თავისი თანხები ან რომ მას არ გააჩნია შესატყვისი „უნარები“. ამ დროს იჩქმალება ის გარემოება, რომ ხშირ შემთხვევაში ინდივიდებს წარმატების მიღწევაში სწორედ სტრუქტურული მიზეზები უშლით ხელს (ადეკვატური განათლების მიუწვდომლობა, მშობლების უმუშევრობა, მძიმე ეკონომიკური და სოციალური ფონი და ა.შ.). ის, რომ ყველაფერი ეს საზოგადოებრივი ცხოვრების აუცილებელ მახასიათებლად ითვლება (სამწუხაროა, მაგრამ ნორმალურია ის, რომ ვიღაცეები ნაგვის ურნებში იქექებიან, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანის საზრუნავი არის „რა ვჭამოთ ხვალ“), გაბატონებული იდეოლოგიის ბრალია.


 ეს არ არის მარქსიზმის „ძველი“ და ხისტი ვერსიის აღორძინება. არ არის აუცილებელი, იდეოლოგიის განმახორციელებლად ფაშისტური ან კომუნისტური სახელმწიფო ან კიდევ რომელიღაც ფეშენებელური სასტუმროს ოთახში შეკრებილი „ბოროტი“ კაპიტალისტები მივიჩნიოთ; არ არის აუცილებელი, რომ იდეოლოგია ოფიციალურად იყოს რაიმე დოკუმენტზე დაწერილი პროგრამის სახით (როგორც ეს გულუბრყვილოდ ჰგონიათ შეთქმულების თეორიის მომხრეებს). დღეს არსებული გაბატონებული იდეოლოგია უბრალოდ, გაბატონებული შეხედულებების ერთობლიობას წარმოადგენს. ამ ლიბერალური შეხედულებების თანახმად, სამყაროს ცენტრში ინდივიდი დგას და მას ყველაფერი ხელეწიფება. ბილ გეითსი, სტივ ჯობსი და სხვა ე.წ. „ვარსკვლავები“ ვილებით ბევერლი-ჰილსზე ამ იდეოლოგიის საყვარელი მაგალითებია.





სწორედ ეს იდეოლოგია ანუ თანამედროვე შეხედულებების ერთობლიობა უშლის ხელს დაბალ  და საშუალო კლასს, სწორად გაიაზროს თავისი მდგომარეობა (ეს განსაკუთრებით ითქმის დაბალ კლასზე). ჰორკჰაიმერი ამის თაობაზე წერდა, რომ თვით პროლეტარიატისთვისაც კი სამყარო ზედაპირულად სულ სხვაგვარია და რომ რეალობა კიდევ სხვაა (შედარება კინოსამყაროდან: „მატრიცაში“ გამოკეტილმა ადამიანებმა არ იციან, რომ მატრიცის გარდა სხვა რეალობა არსებობს).


რა უნდა ქნას ასეთ ვითარებაში თეორეტიკოსმა? ჰორკჰაიმერის აზრით, მან კრიტიკულად უნდა იაზროვნოს და ხელი შეუწყოს მასების თვითცნობიერების ამაღლებას (ისევ შედარება კინოსამყაროდან: ნეოს გამოსაფხიზლებლად მორფეუსი სჭირდება. ოღონდ ჩვენს შემთხვევაში წარმოვიდგინოთ, რომ მორფეუსს ბევრი ნეოს გამოღვიძება მოუხდება). მან არა მხოლოდ უნდა აღწეროს ის კონფლიქტები, რომლებიც საზოგადოებაში არსებობს, არამედ თავად საზოგადოების ცვლილებას შეუწყოს ხელი. კრიტიკული ცნობიერების მქონე თეორეტიკოსი, ვისაც უკეთესი რეალობა სურს, თავად მონაწილეობს მის შექმნაში (ჩემს წერილში „კრიტიკული ცნობიერების ნაკლებობის და, მაშასადამე, მისი აუცილებლობის შესახებ“ (22.06.2014) კრიტიკული ცნობიერების განსხვავებული ანალიზია მოცემული (ჯონ ადამსის განაზრებებზე დაყრდნობით), თუმცა, ჩემი აზრით, როგორც აღნიშნულ, ასევე, წინამდებარე წერილში კრიტიკული ცნობიერების შესახებ განაზრებებს საერთო   სულისკვეთება კვებავს).
როგორ საზოგადოებას ესწრაფვის კრიტიკული ცნობიერება? ისეთს, რომელიც რაციონალურად და ჰუმანურად იქნება მოწყობილი (რადგან თანამედროვე საზოგადოება ასეთი არ არის. საქართველოში ამაში დასარწმუნებლად უბრალოდ ქუჩაში გასვლაა საჭირო). ჰორკჰაიმერი მიიჩნევს, რომ თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნოლოგიის განვითარების ფონზე ეს სულაც არ წარმოადგენს უტოპიას (გავიხსენოთ, რომ მან თავისი სტატია 1937 წელს დაწერა, ხოლო მას შემდეგ მეცნიერება და ტექნოლოგია განუზომლად სწრაფად განვითარდა). ადამიანებს შეუძლიათ, შეცვალონ რეალობა, ხოლო ცვლილებისათვის აუცილებელი წინაპირობები უკვე არსებობენ.
ამ დებულებით კვლავ სმელზერს დავუბრუნდები. სოციალური ცვლილება განუყრელ კავშირშია სოციალურ მოძრაობებთან, რომლებიც, თავის მხრივ, კოლექტიურ ქმედებებს ემყარება. გავიმეორებ ზემოთ დასმულ საკითხს: რამდენად სასარგებლოა პრაქტიკულ ჭრილში სმელზერის თეორია ჩვენს ქვეყანაში დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებასთან მიმართებაში?
თუ სმელზერის მიდგომის მიხედვით ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი ვითარება მესამე საფეხურს შეესატყვისება: ქვეყანაში არსებობს სოციალური დაძაბულობა და განზოგადებული რწმენები იმის შესახებ, თუ რატომ არის ვითარება ცუდი (რაც შეეხება პირველ ფაქტორს, ის როგორც ახლანდელი, ასევე, წინა ხელისუფლების ფარგლებშიც მოქმედებდა: კოლექტიური თავყრილობები და პროტესტის მშვიდობიანი გზით გამოხატვა კონსტიტუციურად შესაძლებელია). სოციალური დაძაბულობის არსებობა ნათელია: მზარდი უმუშევრობა, საზღვარგარეთ ემიგრაციის მზარდი მაჩვენებელი და ახალგაზრდებში ქვეყნის დატოვების სურვილის ზრდა („რა ჯანდაბა ვაკეთო ამ ქვეყანაში?“), სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი, ოკუპირებული ტერიტორიები და რუსეთის აგრესიის რეალური საფრთხე ყოველივე ეს ქართული საზოგადოების შიგნით ღრმა დაძაბულობებს წარმოშობს (ამის საპირისპიროდ ქართული ტელევიზია ხელოვნურად ფაბრიცირებული პრობლემებით მანიპულირებს: სექსუალური უმცირესობების თუ უმრავლესობის წარმომადგენელთა სენტიმენტალურ-გულისშემძვრელი ისტორიებით, რასაც თან ერთვის მაღალფარდოვან სტილში წარმოდგენილი უაზრო შეფასებითი დებულებები „ქართული მენტალობის“ შესახებ, სექსის თემატიკის უნიჭო გაშუქებით (რადგან შესაძლებელია ამ თემატიკის აზრიანი გაშუქებაც), ასევე უაზრო შოუებით, რომლებშიც მთავარია მწვავე პოლიტიკური განცხადებები და არა პრობლემის გადაჭრის რეალური გზების ძიება).


რაც შეეხება განზოგადებულ რწმენებს, ვფიქრობ, რომ ისინი ამჟამად ჩამოყალიბების პროცესშია: სამარშრუტო ტაქსებში, ავტობუსებში, გაჩერებებზე, კაფეებში თუ კერძო საუბრებში ხშირად გაიგონებთ განცხადებებს: „არაფერი არ მუშაობს“, „ყველაფერი გაჩერებულია“, „კრიმინალი გაიზარდა“, „დეპუტატები ერთმანეთს ჭამენ“ და ა.შ., რომელიც შემდეგ დაიყვანება ერთ ზოგად დებულებაზე: „მთავრობა უუნაროა“.
ამ სტატიაში ჩემი მიზანი არაა ამ კონკრეტული დებულებების მართებულობა-მცდარობის შემოწმება. ფაქტია, რომ ისინი არსებობენ მოსახლეობის საგრძნობ ნაწილში (დაე, პოლიტიკოსებმა, როგორც ხელისუფლების, ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებმა, თავიანთი გამოკვეთილი გამოიტანონ აქედან). ისიც ფაქტია, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს უკვე სერიოზულად აღიზიანებს მუდმივად წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა დანაშაულებრივ ქმედებებზე საუბარი (უფულობა და „რა ვჭამოთ ხვალ“ შეკითხვა დიახაც მწვავეა), რასაც თან ერთვის ხელისუფლების სრული უმწეობა, რაიმენაირად მაინც შეაჩეროს ლარის ვარდნა. მასმედიის მეშვეობით როგორც საქართველოს ყველაზე დიდი კაპიტალისტი, ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი, ასევე, სხვა პოლიტიკოსებიც მოსახლეობას უხსნიან, თუ რას ნიშნავს მსოფლიო ბაზარი, ნავთობის ფასი, რეგულაცია-დერეგულაცია, გლობალიზაცია, მონეტიზაცია, კაპიტალიზაცია და თუ რა კავშირშია ეს ყველაფერი ლარის ვარდნასთან. თუმცა, გულუბრყვილო პოლიტიკოსების საყურადღებოდ აღვნიშნავ, რომ ზუგდიდის, თელავის, ჭიათურის, ოზურგეთის და ა.შ. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოსახლეობას საერთოდ არ აინტერესებს ეს ტერმინოლოგიური ბრახაბრუხი. მათ იციან მხოლოდ ერთი: ლარი გაუფასურებას განაგრძობს და ეს არის ფაქტი და რა ხდება საუდის არაბეთსა და ბრიუსელში, საშუალო მოქალაქეს არ აინტერესებს. სამაგიეროდ, მას ძალიან აინტერესებს, რა ხდება მის საფულესა და მაცივარში და ისიც იცის, რომ თუ ასე გაგრძელდება, არჩევნებზე განსხვავებულად მოიქცევა (აი, რა უნდა ადარდებდეთ პოლიტიკოსებს, თუკი გაყალბებაზე არ ფიქრობენ).



შესაბამისად, საინტერესოა, იმ შემთხვევაში, თუ ლარის კურსი კიდევ უფრო დაეცა, იქნება თუ არა ეს დამაჩქარებელი ფაქტორი, რომელიც კოლექტიურ ქმედებებს (საპროტესტო აქციები, მღელვარებები) გამოიწვევს? ვფიქრობ, იქნება და აქვე დავძენ, რომ ეს სცენარი უაღრესად არასასურველია, რადგან ის საგრძნობ დესტაბილიზაციას გამოიწვევს. გამოცდილებამ აჩვენა, რომ სოციალური კონტროლის ის მექანიზმები, რომლებიც კოლექტიური ქმედების განხორციელების შემდეგ ამოქმედდებიან, არაეფექტური აღმოჩნდა. მხედველობაში მაქვს წინა ხელისუფლების დროს განხორციელებული რეპრესიული ღონისძიებები 2007 წლის 7 ნოემბერსა და 2011 წლის 26 მაისს. ამ აგრესიულმა ქმედებებმა კატასტროფულად შეამცირა ხელისუფლების ნდობა და უკვე ე.წ. „ციხის ვიდეოჩანაწერების“ გასაჯაროება დამაჩქარებელ ფაქტორად მოგვევლინა, რომელმაც, ამავე დროს, საზოგადოებას „გარეთ გასვლისკენ“ უბიძგა (მახსოვს, როგორ დაიწყეს ჩემმა სტუდენტებმა უეცრად ლექციების გაცდენა და აქციებზე სიარული. ბევრი მათგანი ალბათ თვლიდა, რომ ისინი რაღაც მნიშვნელოვან პროცესში იყვნენ ჩართული). ამ ფონზე „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებია.





ამრიგად, სოციალური კონტროლის რეპრესიული მექანიზმების ამოქმედება არ უნდა იყოს გონივრული ალტერნატივა არსებული ხელისუფლებისათვის, რადგან ის სწორედ ამ რეპრესიული აპარატის გაუქმებას შეჰპირდა მოსახლეობას (ამის ნაცვლად შსს-ს უფლებამოსილებები გაეზარდა, რაც ერთობ უცნაურია). შესაბამისად, სმელზერის მოდელის თანახმად, ხელისუფლება მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს სოციალური დაძაბულობის მინიმიზებას. ეს არ გულისხმობს მხოლოდ ლარის გამყარებას. თუმცა, პირველ რიგში, ესაა მისაღწევი. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს გულისხმობს სამუშაო ადგილების შექმნას და მოსახლეობისათვის იმის ჩვენებას, რომ ქვეყანაში რაღაც პოზიტიური ხდება. სამწუხაროდ, მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი დღეს საპირისპიროს ფიქრობს. ნათელია: მთავრობას მთელი თავისი რესურსების მობილიზება მოუწევს status quo-ს დასაბრუნებლად (ასეთ ვითარებაში რაიმე პროგრესზე საუბარი, ალბათ, ერთობ რთულია). ხელისუფლების მხრიდან იმის იმედი, რომ „ნაციონალები“ იმდენად დისკრედიტირებულები არიან, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მათ გარშემო ვერ დაირაზმება, კარგი იდეა არ უნდა იყოს. შესაძლოა, სხვა ძალა გამოვიდეს ასპარეზზე, რომელიც მოსახლეობის ქმედებების კოორდინირებას და გარკვეული მიმართულებით წარმართვას შეეცდება. აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საზოგადოება უამრავი აქტორისაგან შედგება და ხშირად ინდივიდუალური და სოციალური აქტორების მიზანმიმართულ ქმედებებს გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვება ხოლმე. ლარის დასტაბილურება რომც მოხერხდეს, შესაძლოა, სხვა დამაჩქარებელი ფაქტორი აღმოცენდეს, რაღაც ისეთი მოვლენა, რომლის არსებობასაც ამჟამინდელი პერსპექტივიდან ვერ განვჭვრეტთ და რომელიც კარდინალურად შეცვლის არსებულ ვითარებას.


ამ ბოლო აბზაცში მივუთითებ იმ დებულებებზე, რომლებიც მხედველობაში მქონდა, როცა აღნიშნულ წერილს ვწერდი: საჭიროა, რომ მმართველი კლასის წევრებმა (ახლანდელმა და ყველა მომავალმა) უფრო მეტად გააცნობიერონ მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა და კრიტიკაზე უფრო ჯანსაღი რეაგირება მოახდინონ. როცა საზოგადოების მოთხოვნილებები ერთია, ხოლო პოლიტიკოსების პასუხები და გეგმები სადღაც ანდრომედას გალაქტიკაშია საძიებელი, ეს ვერაფერი ნუგეშია მმართველობის ქვეშ მყოფი ადამიანებისათვის. რაც ყველაზე უფრო მთავარია, მოქალაქეები კიდევ უფრო აქტიურები, კიდევ უფრო კრიტიკულები და მომთხოვნები უნდა გახდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლევიათანი ანუ სახელმწიფო თავისი კლანჭებით კიდევ უფრო ღრმად ჩაებღაუჭება საზოგადოების სხეულს და ვაი მას, ვისაც ეს მომწამვლელი კლანჭები გაედება.