Search This Blog

Thursday, March 28, 2019

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შესახებ


ბევრი დაიწერა და ბევრიც დაიწერება იმის შესახებ, თუ ვინ იყო პირველი, ვინ დაიწყო სამხედრო მოქმედებები. ამით ცდილობენ დამნაშავის დადგენას. თუმცა, საკითხისადმი ასეთი მიდგომა იმთავითვე მცდარად მიმაჩნია. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვის ჰქონდა უფლება, გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა. რა თქმა უნდა, როგორ გაკეთდა ის, რაც გაკეთდა, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში თავად გაკეთება/არგაკეთების საკითხი მაინტერესებს. გვქონდა თუ არა უფლება, დაგვეწყო სამხედრო მოქმედებები? რა თქმა უნდა, გვქონდა!
სახელმწიფოს, როგორც თავისი არსებით პოლიტიკურ ერთიანობას, ეკუთვნის jus belli (ომის სამართალი), ანუ რეალური შესაძლებლობა, მოცემულ სიტუაციაში საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე განსაზღვროს ის, თუ ვინ არის მტერი და შეებრძოლოს მას. ომის წარმოების ტექნიკური საშუალებები, არმიის ორგანიზაცია და ომში გამარჯვების პერსპექტივები მეორეხარისხოვანია, თუკი პოლიტიკურად ერთიანი ხალხი მზადაა, იბრძოლოს საკუთარი არსებობისა და დამოუკიდებლობისთვის. ეს ხალხი სწორედ საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე განსაზღვრავს, თუ რა წარმოადგენს მის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას.
/კარლ შმიტი, პოლიტიკურის ცნება, თარგმნა , თავაძემ )/

ისრაელი ერთი წუთითაც არ ყოყმანობს, რათა საკუთარი მოქალაქეების ინტერესები დაიცვას. ჩვენს მეზობელ რუსეთს დიდად არ უყოყმანია, როდესაც ჩეჩნეთის რეალური განცალკევების საფრთხე იგრძნო. აზერბაიჯანი და სომხეთი დღემდე დავობენ და არ თმობენ საკამათო ტერიტორიებს. ნუთუ ჩვენ უნდა ვდავობდეთ იმის შესახებ, გვქონდა თუ არა უფლება, დაგვეწყო სამხედრო მოქმედებები? შმიტის ამ სიტყვებს ვეთანხმები. თუკი ამაზე დიდხანს ვიყოყმანებთ, მაშინ სირაქლემას მდგომარეობაში ამოვყოფთ თავს. როდესაც სახელმწიფოს 20% ოკუპირებულია, მაშინ ერი ყოველდღე საგანგებო მდგომარეობაშია. და ხანდახან კიდევ ბჭობენ იმის შესახებ, გვქონდა თუ არა უფლება... საოცარია პირდაპირ :-) :-)




Friday, March 8, 2019

სარვამარტო



https://www.youtube.com/watch?v=VuPC10SZ8nU

ქალბატონებს ვულოცავ 8 მარტს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ! რატომღაც მომინდა, რომ ცნობილი ქალი პოლიტიკური ფილოსოფოსის, შანტალ მუფის (დაიბადა 1943 წელს) ეს ვიდეო გამეზიარებინა, სადაც იგი დემოკრატიის შესახებ საუბრობს. 

ამ ვიდეოში შანტალ მუფი 74 წლისაა! ჩვენს საზოგადოებაში ამ ასაკის ქალები, ძირითადად, პენსიონერებად წარმოუდგენიათ, რომლებიც ჩამოცილებულნი არიან საზოგადოებრივ ცხოვრებას და მხოლოდ შვილიშვილებზე ზრუნვით არიან დაკავებულნი. ქ-ნი შანტალი კი გვიჩვენებს, რომ ამ ასაკშიც შესანიშნავად შეიძლება ისაუბრო ღრმა და მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ და თან ქალი იყო!

მართალია, მთელ რიგ მის დებულებებს არ ვეთანხმები, თუმცა, ეს მეორეხარისხოვანია. მთავარი ისაა, რომ ქალბატონებს შეუძლიათ, ღირსეულად იმოღვაწეონ ინტელექტუალურ ასპარეზზე. ჩვენს საზოგადოებაში ამ მხრივაც მრავალი სტერეოტიპია დამკვიდრებული, რომლებიც დასაძლევია... 

დაბოლოს, არიან ისეთებიც, რომლებიც მოაზროვნეს მისი სამეტყველო აქცენტის მიხედვით აფასებენ და არა იმის მიხედვით, თუ რას საუბრობს იგი. ეს „ინტელექტუალური კეკლუცობა“ ჩვენთანაც შეინიშნება (განსაკუთრებით, ინგლისურ ენასთან მიმართებით) და მიმაჩნია, რომ მას ინტელექტუალიზმთან არაფერი აქვს საერთო. უფრო მნიშვნელოვანია ის, რას საუბრობ, ვიდრე ის, თუ როგორი აქცენტით მეტყველებ. კარგია, თუკი ადამიანს უცხო ენის კარგი აქცენტი აქვს, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ იგი საინტერესოდ ან სიღრმისეულად ისაუბრებს :-)

ერთი სიტყვით, კიდევ ერთხელ ვულოცავ ქალბატონებს და ვუსურვებ მათ დიდ ენერგიას პიროვნული რეალიზების იმ რთული ამოცანისთვის, რომელიც ყველა ადამიანის ხვედრად მიმაჩნია :-)