Search This Blog

Thursday, March 28, 2019

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შესახებ


ბევრი დაიწერა და ბევრიც დაიწერება იმის შესახებ, თუ ვინ იყო პირველი, ვინ დაიწყო სამხედრო მოქმედებები. ამით ცდილობენ დამნაშავის დადგენას. თუმცა, საკითხისადმი ასეთი მიდგომა იმთავითვე მცდარად მიმაჩნია. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვის ჰქონდა უფლება, გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა. რა თქმა უნდა, როგორ გაკეთდა ის, რაც გაკეთდა, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში თავად გაკეთება/არგაკეთების საკითხი მაინტერესებს. გვქონდა თუ არა უფლება, დაგვეწყო სამხედრო მოქმედებები? რა თქმა უნდა, გვქონდა!
სახელმწიფოს, როგორც თავისი არსებით პოლიტიკურ ერთიანობას, ეკუთვნის jus belli (ომის სამართალი), ანუ რეალური შესაძლებლობა, მოცემულ სიტუაციაში საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე განსაზღვროს ის, თუ ვინ არის მტერი და შეებრძოლოს მას. ომის წარმოების ტექნიკური საშუალებები, არმიის ორგანიზაცია და ომში გამარჯვების პერსპექტივები მეორეხარისხოვანია, თუკი პოლიტიკურად ერთიანი ხალხი მზადაა, იბრძოლოს საკუთარი არსებობისა და დამოუკიდებლობისთვის. ეს ხალხი სწორედ საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე განსაზღვრავს, თუ რა წარმოადგენს მის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას.
/კარლ შმიტი, პოლიტიკურის ცნება, თარგმნა , თავაძემ )/

ისრაელი ერთი წუთითაც არ ყოყმანობს, რათა საკუთარი მოქალაქეების ინტერესები დაიცვას. ჩვენს მეზობელ რუსეთს დიდად არ უყოყმანია, როდესაც ჩეჩნეთის რეალური განცალკევების საფრთხე იგრძნო. აზერბაიჯანი და სომხეთი დღემდე დავობენ და არ თმობენ საკამათო ტერიტორიებს. ნუთუ ჩვენ უნდა ვდავობდეთ იმის შესახებ, გვქონდა თუ არა უფლება, დაგვეწყო სამხედრო მოქმედებები? შმიტის ამ სიტყვებს ვეთანხმები. თუკი ამაზე დიდხანს ვიყოყმანებთ, მაშინ სირაქლემას მდგომარეობაში ამოვყოფთ თავს. როდესაც სახელმწიფოს 20% ოკუპირებულია, მაშინ ერი ყოველდღე საგანგებო მდგომარეობაშია. და ხანდახან კიდევ ბჭობენ იმის შესახებ, გვქონდა თუ არა უფლება... საოცარია პირდაპირ :-) :-)