Search This Blog

Tuesday, April 9, 2019

„რაციონალიზმი“ და ირაციონალიზმი პოლიტიკაში

„უკვე მეშვიდე წელია, ქვეყანას მართავს რაციონალიზმზე დაფუძნებული პოლიტიკა“ - აცხადებს ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი. 

მე კი ვფიქრობ, რომ 1991 წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში საერთოდ არ გატარებულა „რაციონალიზმზე დაფუძნებული პოლიტიკა“. ჩვენ გვაქვს ფასადური და ძალიან სუსტი დემოკრატია, სუსტი სამოქალაქო საზოგადოება და ოკუპირებული ქვეყანა. პრობლემების რეალური გადაჭრა სწორედ პრობლემებისთვის თვალის გასწორებით იწყება და არა მათთვის თვალის არიდებით. 

ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ვწერთ, ვლაპარაკობთ და ნაკლებად ვმოქმედებთ, ნაკლებად ვფიქრობთ საყოველთაო სიკეთეზე და იშვიათად ვმოქმედებთ იმის საკეთილდღეოდ, რასაც res publica ანუ ხალხის საქმე ჰქვია. ჩვენ გვაკლია ის ეფექტური მექანიზმები (და ალბათ, პიროვნული თვისებებიც), რომელთა მეშვეობით პოლიტიკურ ელიტებს ვაიძულებდით, მარტო ერთმანეთის „შეჭმაზე“ კი არ ეფიქრათ, არამედ სახელმწიფოს, ხალხის კეთილდღეობაზეც. ჩვენ გვაკლია რესპუბლიკანიზმი ამ სიტყვის საკუთრივი გაგებით. ჩვენ ვხედავთ, რომ საკუთარ კეთილდღეობას პოლიტიკური ელიტები ხალხის კეთილდღეობად გვიცხადებენ, ვხედავთ, რომ განვითარება ნელია. რაღაცეები გამოსწორდა, თუმცა ახალი გამოწვევები ყოველთვის იჩენენ თავს. ჩვენ ვშფოთავთ, ვდრტვინავთ და საკუთარი შფოთვის წვენში ვიხარშებით. ბევრი ვეღარ უძლებს და ტოვებს ქვეყანას. ასეთებისთვის ხშირად სიტყვა „სამშობლო“ მხოლოდ კულტურის გარკვეულ ასპექტებს (ცეკვა, სიმღერა, ფილმი და ა.შ.) უკავშირდება... ამ დროს კი დემაგოგები და საკუთარი ძალაუფლების განვრცობის სურვილით შეპყრობილი ადამიანები თავიანთ პირად ამბიციებს საქვეყნო ინტერესებად აცხადებენ... სამწუხაროდ, პოლიტიკაში ეს ყოველთვის მოხდება და ამას გვერდს ვერ ავუვლით. თუმცა, თუ ხალხი, საზოგადოება, უფრო აქტიური, უფრო მომთხოვნი, სამშობლოს ბედზე უფრო დაფიქრებული და გულშემატკივარი იქნება, ქვეყნის სათავეში მყოფი პოლიტიკოსები იძულებულნი იქნებიან, ანგარიში გაუწიონ მათ და მხოლოდ ნარჩენების გადმოგდებით არ დაკმაყოფილდნენ. ადრეც ვხედავდით და ახლაც ვხედავთ თვითნებობას, კორუფციას, სამსახურებრივი უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენებას პოლიტიკოსების და საჯარო მოხელეების მხრიდან, მოქალაქეების ინტერესების ნაკლებად გათვალისწინებას... და ჩვენ ხშირად მხოლოდ მათ ვადანაშაულებთ, მხოლოდ ხელისუფლებას ვაბრალებთ ყველაფერს, მაშინ როდესაც მთავარი ძირი, გული პრობლემისა ისევ ჩვენშია, ჩვენს წიაღშია. განა ეს საჯარო მოხელეები და პოლიტიკოსები ისევ ხალხიდან არ გამოდიან და პოლიტიკური არენიდან ჩამონარცხების შემდეგ ისევ ხალხის წიაღს არ უბრუნდებიან? ამიტომაც, რაც უფრო მეტი იქნება ხალხში ჭეშმარიტი პატრიოტი, სამშბოლოს იდეით შეპყრობილი ადამიანი, მით უფრო უფრო მეტი იქნება ალბათობა იმისა, რომ პოლიტიკოსებში და საჯარო მოხელეებში უფრო განათლებული, გამოცდილი და ქვეყნის ინტერესებზე მზრუნველები გამოერიონ. „სამშობლო“ უნდა იყოს res publica, სახალხო საქმე და მხოლოდ თეატრით, სპორტით ან ცეკვით აღტკინება და თავმოწონება საქმეს არ შველის (თუმცა, უმაგისობაც არ იქნება :-) ). ვისაც უბრალო ადამიანების საზრუნავი, მათი ჭირ-ვარამი გულთან არ მიაქვს, მას „სამშობლოს“ ცნება არ გაუსიგრძეგანებია, გულთან არ მიუტანია, მისი სიტყვები მაღალფარდოვანი ლაყბობაა და ხალხის სვე-ბედთან, მის ჭეშმარიტ გულისტკივილთან საერთო არაფერი აქვს. ჩვენ არ გვჭირდება ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც ხალხზე „იზრუნებენ“, ასეთი ხალხი არაფრად ივარგებს. ჩვენ გვჭირდება პოლიტიკოსები, რომლებსაც ნამდვილად სტკივათ სამშბოლო, ადარდებთ res publica, მისი ნამყო, აწმყო და მომავალი.