Search This Blog

Sunday, April 14, 2019

ქართული ენის დღე




დღეს, ქართული ენის დღეს, რამდენიმე (მწარე) კრიტიკული შენიშვნა მინდა გამოვთქვა.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ფეისბუქზე ბევრჯერ მომხვდა თვალში წარსულთან დაკავშირებით გამოთქმული მადლობა თავისუფლებისთვის თუ გულისამაჩუყებელი ისტორია.
მადლობა ამ ხალხს ნამდვილად ეკუთვნის. ისტორიის მოცემულ მომენტში მათ გააკეთეს ის, რაც საჭიროდ ჩათვალეს. ზოგიერთი მათგანი შეეწირა კიდეც თავის არჩევანს.
თუმცა, მხოლოდ მადლობების ონლაინ-ფრიალი და წარსულის იდეალიზება თვითმიზანი არ უნდა იყოს.
ჩემს ბავშვობაში ზვიად გამსახურდიას სახელი ძალიან, ძალიან ბევრი ადამიანისთვის სალანძღავი სიტყვა იყო. დღეს კი ეროვნული გმირია და ბევრი ენას იტყავებს მისი ქება-დიდებით.
ზვიად გამსახურდია რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, ამას ჩემი აღნიშვნა ნამდვილად არ სჭირდება.
თუმცა, პიროვნების უპირობოდ გაიდეალებაც არაა კარგი. შევაფასოთ, დავაფასოთ და გვახსოვდეს, მაგრამ იმის გააზრებასაც თუ შევეცდებით, რა შეცდომები იყო დაშვებული და რა არ უნდა გამეორდეს, ესეც კარგი იქნება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალმხრივად იდეოლოგიზებულ ისტორიას მივიღებთ და არა წარსულის კრიტიკულ შეფასებას, რომელიც აწმყოში და მომავალშიც უნდა გამოგვადგეს.
ქართული ენის საკითხს დავუბრუნდები.
1978-ში რაც მოხდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ქართულ ენას მოფრთხილება სჭირდება დღესაც. არაა აუცილებელი, ენას მაინცადამაინც ბუა რუსეთი ემუქრებოდეს. ენას საფრთხე შიგნიდანაც ექმნება.
განა საბჭოთა პერიოდის აფხაზეთში მოდაში არ იყო შვილების რუსულ სკოლებში შეყვანა?
ისევ თანამედროვე პერიოდს რომ დავუბრუნდეთ: განა ფაქტი არაა ის, რომ ემიგრაციაში წასული ქართველების უკვე მეორე თაობა საკმაოდ ხშირად ოკრობოკრო ქართულით ლაპარაკობს (და ისიც, საუკეთესო შემთხვევაში)?
ჩემს ბავშვობაში გაუაზრებლად ვიძახდით: ბანკა, სმეტანა, სპიჩკა, ქვიშნა, სტოლბა, პრიჩოსკა (ამას ახლაც ამბობენ :-) :-), თუმცა დღეს მესმის: ფეშენ-ვიკი, ნერდი, ივენთი, ეიჩარი, ქვიზი....
ენის მოვლა-პატრონობა ყოველდღიური მუხლჩაუხრელი შრომა უნდა იყოს: საკუთარი ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ენის სიწმინდის დაცვა, ქართული ენის კლასიკოსების ხშირი კითხვა, ქართულ დიალექტებში გაბნეული ულამაზესი სიტყვების მოძიება და მათი დაგემოვნება - რა უნდა იყოს ამაზე კარგი იმ ადამიანისთვის, ვისაც მშობლიური ენა ძალუმად უყვარს?
რამდენი ჩვენგანი აკეთებს ამას? რამდენი ჩვენგანი დგას ქართულ ენასთან ერთად ყოველდღიური ბრძოლის ველზე?
უფრო მეტიც (და ყველაზე შემაშფოთებელი): ჩვენ, როგორც ერმა, ვერ მოვახერხეთ, ვერ შევაყვარეთ ჩვენში მცხოვრებ არაქართველებს ჩვენი ენა!
ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ საქართველოს ბევრ რეგიონში მაცხოვრებელი ადამიანები საერთოდ ვერ (ან არ) საუბრობენ ქართულად. ამას მხოლოდ მათ ნუ დავაბრალებთ. ჩვენ არ მოვინდომეთ, ჩვენ არ გავწიეთ სათანადო ძალისხმევა და იმიტომ!
რა გააკეთეს ჩვენმა ხელისუფლებებმა, მაგალითად, იმისთვის, რომ ახალქალაქში ქართული ენა უფრო დამკვიდრებულიყო? ტელევიზორებში, ქუჩებში ხშირად ვხედავ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ქართულად ვერ მეტყველებენ. ხშირად ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობენ ჩვენთან და მაინც რუსულად გვესაუბრებიან.
მე ნამდვილად არ ვარ რუსული ენის მტერი და არც იმ ანტირუსულ ისტერიას ვიზიარებ, რომელიც ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებშია გავრცელებული. თუმცა, ის კი ვიცი, რომ სახელმწიფო ენის ცოდნა სავალდებულო უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამ ენაზეა კანონმდებლობა, ამ ენაზეა სამართალწარმოება, ჩვენი რესპუბლიკის ხერხემალს ეს ენა ქმნის. ამიტომაც, ყველა უწვრილესი ნერვი ამ ხერხემალთან უნდა იყოს მიერთებული.
ხელისუფლება (და საზოგადოებაც!) უფრო მეტად უნდა დაფიქრდეს ამ საკითხზე. ენა, როგორც გერმანელი ფილოსოფოსი მარტინ ჰაიდეგერი იტყოდა, ყოფიერების სახლია და ვინც მას უგულებელყოფს, შესაძლოა უსახლკაროდ დარჩეს... ის კი, ვინც თავის ენას დაკარგავს, საკუთარ ფესვებსაც მოწყდება. ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა, ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
მათ, ვინც ეს წერილი წაიკითხა, მადლობა წაკითხვისთვის!
გილოცავთ ქართული ენის დღეს.