Search This Blog

Wednesday, April 2, 2014

რუსეთი: იმპერიული სივრცის კონსტრუირება

„რუსეთი: იმპერიული სივრცის კონსტრუირება“ წარმოადგენს ჩემს ახალ პროექტს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შევეცდები, ვაჩვენო, თუ როგორ ახდენდა (და ახდენს) რუსეთი იმპერიული სივრცის კონსტრუირებას. ეს პროცესი გულისხმობს ჰომოგენური ანუ ერთგვაროვანი სივრცის შექმნას, რომელზეც მაქსიმალური შეღწევადობა სლავურ კულტურას ექნება. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული პროცესი XV საუკუნიდან დაიწყო და მას შემდეგ მეტ-ნაკლები წარმატებით გრძელდება: რუსეთის სახელმწიფო ჯიუტად ესწრაფვის მიმდებარე ტერიტორიების დაპყრობას და მათ საკუთარ შემადგენლობაში მოქცევას. იმპერიული სივრცობრივი პრაქტიკები აუცილებლობით ემყარება/ემყარებოდა ძალადობას და იწვევს/იწვევდა სხვა სივრცეების ანიჰილირებას და იქ მაცხოვრებელი ხალხების (პოლონელების, ქართველების, ჩერქეზების, ჩეჩნების და ა. შ.) ყოველდღიური გეოგრაფიების გაქრობას და მათ ათქვეფას ერთ მთლიან, იმპერიულ სივრცეში, რომელიც გულგრილია (და, ამავე დროს, სასტიკია) კულტურული განსხვავებების მიმართ.



იმპერიული სივრცე ძალაუფლების დისკურსებს წარმოქმნის, ანუ იქმნება ერთგვარი ინფორმაციული ველი, რომელშიც წერილობითი, ზეპირი და ვიზუალური კომუნიკაციის ფორმები იმპერიული პრაქტიკების გამართლებას ესწრაფვიან: რუსულ ლიტერატურაში, მხატვრობაში, არქიტექტურაში, მეცნიერებასა და მასმედიაში აშკარად იკვეთება იმპერიული სივრცის გაფართოების, განმტკიცებისა და ძალადობრივი სივრცობრივი პრაქტიკების გამართლების დაუოკებელი ტენდენცია.

ამით, რა თქმა უნდა, იმას როდი ვგულისხმობ, რომ მთელი რუსული კულტურა იმპერიალისტურია. ეს ძალზე ტრივიალური წანამძღვარი იქნებოდა ჩემი პროექტისათვის. ჩემი მიზანია, ვაჩვენო, რომ ეს ტენდენცია საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რუსეთის საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში. რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიულ სივრცობრივ პრაქტიკებსა და იმ დისკურსს შორის, რომელიც ამ პრაქტიკების განხორციელების პროცესში ჩამოყალიბდა, მარტივი მიმართება არ არსებობს: შეიძლება ითქვას, რომ ისინი ერთმანეთის მხარდამხარ ვითარდებიან და ამავე დროს, ერთმანეთს განმსჭვალავენ.

თუ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიული სივრცობრივი პრაქტიკები ისტორიის სახელმძღვანელოებიდან სკოლის მოსწავლეებისთვისაც კია ცნობილი (ციმბირისა და ალიასკის დაპყრობა და ადგილობრივი კულტურების დაქვემდებარება; დაპყრობები ევროპაში, შუა აზიასა და კავკასიაში), ამ სივრცობრივი პრაქტიკების გამამართლებელი და განმამტკიცებელი დისკურსის ადეკვატური სისტემური ანალიზი ჯერაც არ განხორციელებულა. ვფიქრობ, ამის მიზეზი შესასწავლი მასალის უზარმაზარი მოცულობა და თავად იმპერიული სივრცის დისკურსის მოუხელთებლობაა: ის თითქოს ყველგანაა და, ამავე დროს, ხელიდან გვისხლტება, რადგან ცდილობს, თავი შეაფაროს ხელოვნებას ან კიდევ მეცნიერულ ობიექტურობას.

შესაბამისად, ჩემი აზრით, საჭიროა აღნიშნული დისკურსის კრიტიკული ანალიზი და მისი უცნობი, წყალქვეშა დინებების გაზომვა, მისი უხილავი ლანდშაფტის კრიტიკულ რუკაზე გადატანა და მისი ფარული ძალაუფლებრივი მექანიზმების გამოააშკარავება, ერთი სიტყვით, იმპერიული სივრცის დისკურსის ვივისექცია, რათა დაფიქსირდეს და თვალსაჩინო გახდეს კავშირი ძალადობრივ სივრცობრივ პრაქტიკებსა და მასთან შეწყვილებულ ძალადობრივ სივრცის დისკურსს შორის. ამისთვის აუცილებელია იმ მხატვრული ნაწარმოებების, ხელოვნების ნიმუშების და მეცნიერული პრაქტიკების კრიტიკული ანალიზი, რომლებიც იმპერიული სივრცის დისკურსს განამტკიცებენ და ამართლებენ. რა თქმა უნდა, ჩემი პროექტის შემთხვევაში ძირითად აქცენტს საქართველოზე/კავკასიაზე გავამახვილებ და შევეცდები, გავარკვიო, საქართველოს/კავკასიის ფიზიკური დაპყრობის კვალდაკვალ, როგორ იპყრობდა რუსეთი ამ რეგიონს მენტალურად, მარტივად, რომ ვთქვათ, თუ „როგორ შემოდიოდა რუსეთი ჩვენში“. მაგრამ მხოლოდ ეს არაა საკმარისი. საჭიროა იმის გარკვევაც, თუ „რა დარჩა რუსეთისგან ჩვენში“, რადგან ეს დაგვეხმარება, ავხსნათ ის სადომაზოხისტური დამოკიდებულება, რომელსაც რუსეთთან მიმართებაში ამჟღავნებს საქართველოში/კავკასიაში მცხოვრებ ადამიანთა გარკვეული ნაწილი. სადომაზოხიზმი აქ იმაში ვლინდება, რომ რუსეთის მიერ ამ რეგიონში მცხოვრებ ადამიანთა ყოველდღიური სივრცეების მსხვრევისა და ამ სივრცეების დაუფლების (ამ სიტყვის სექსუალური კონოტაციის ჩათვლით) შედეგად, ადამიანთა გარკვეულ ნაწილში წარმოიშვა „თავისუფლებიდან გაქცევის“ (ე. ფრომი) მარადიული მოთხოვნილება, რომლის გამოც ისინი ვერ ახერხებენ ახალ, დამოუკიდებელ ქართულ/კავკასიურ სივრცეში ცხოვრებას და საკუთარ სურვილებს და ილუზიებს ან წარსულის ქარიზმატულ რელიქტებს (სტალინი) უკავშირებენ, ან კიდევ სულითა და გულით ესწრაფვიან იმპერიულ სივრცეში გათქვეფას, რომელიც პროტევსივით ახალ-ახალ სახეს იღებს (ცარისტული რუსეთი, საბჭოთა კავშირი, ევრაზიული კავშირი და ა. შ.). ასეთი სადომაზოხისტური დამოკიდებულება იმპერიული ჩექმის მიმართ გაუკუღმართებული ცნობიერების გამოხატულებად მიმაჩნია, ხოლო ასეთი ცნობიერება ისეთ ცნობიერებად, რომელშიც „თმები ისეა ჩაზრდილი, რომ იქ აზრები ისე დახეტიალობენ, როგორც ტყეში და ვერც ერთი მათგანი ვერ ახერხებს ჩამოყალიბებას“ (მ. მამარდაშვილი, „ცნობიერება და ცივილიზაცია“).

ფუკოს მსგავსად შეიძლება ჩავთვალოთ, რომ იმპერიული სივრცის დისკურსის კრიტიკული ანალიზი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იქნება ამ დისკურსისათვის წინააღმდეგობის გასაწევად. სწორედ ამიტომ, პოსტის დასასრულს გთავაზობთ რემბრანდტის ცნობილ ტილოს „დოქტორ ნიკოლას ტულპის ანატომიის გაკვეთილი“ (1632 წ.). მართალია, ვივისექცია ცოცხალ ორგანიზმებზე ტარდება, ხოლო რემბრანდტის ტილოზე დოქტორი ტულპი მიცვალებულს კვეთს, მაგრამ ჩემს პოსტში ამ ტილოს რეპროდუქციის ჩასმით მსურს, ჩემი ირონიული დამოკიდებულება გამოვხატო: იმისათვის, რათა ძალადობრივი სივრცის დისკურსის ანალიზი განხორციელდეს, ეს დისკურსი უნდა ფუნქციონირებდეს და ცოცხლობდეს; თუმცა, იმედს ვიტოვებ, რომ აღნიშნული დისკურსი, კრიტიკული ანალიზის შედეგად, ადრიან ადრიანსზოონის (რემბრანდტის ტილოზე გამოსახული ცხედარი) ბედს  გაიზიარებს, სულ მცირე, იმ ადამიანებისთვის მაინც, რომლებიც მის ძალაუფლებრივ მიმართებას შეუპოვარი წინააღმდეგობის შედეგად დააღწევენ თავს.