Search This Blog

Monday, April 14, 2014

ნახეთ, რა ვუქენით ჩვენს ქვეყანას...

ბაღებს ამაუროტელები დიდად აფასებენ. აქ მოჰყავთ ყურძენი, ნაირნაირი ხილი, ბაღებს ამშვენებს ბალახი და ყვავილები. ყველაფერი იმდენად კარგად არის მოვლილი და ისე გამოიყურება, რომ სხვაგან არსად მინახავს მსგავსი სიუხვე და სილამაზე. ისინი ასეთ გულმოდგინებას იჩენენ არა მარტო იმიტომ, რომ ეს სიამოვნებას ჰგვრით, არამედ იმიტომაც, რომ ქუჩები ერთმანეთს ეჯიბრებიან საკუთარი ბაღების მოვლაში. ყოველ შემთხვევაში, ქალაქში უფრო საჭიროსა და თან ლამაზს ვერაფერს ნახავთ. ეტყობა, ქალაქის დამაარსებელი არაფერზე ისე არ ზრუნავდა, როგორც ამ ბაღებზე.

თომას მორი, „უტოპია“

ამ დღეებში თბილისი - გომბორი - თელავის მიმართულებით მომიხდა მგზავრობა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რისი აღიარებაც ადრე არ მინდოდა: სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ეკოლოგიური ცნობიერება საკმაოდ დაბალია. გზების გასწვრივ დაყრილი პლასტმასის და შუშის ბოთლები და სხვა ნივთები, ასევე, სოფლების განაპირას ხელოვნურად მოწყობილი „სანაგვეები“ (ადგილი, სადაც, უბრალოდ, ბევრი ნაგავი ყრია) ჩემს არასასიამოვნო დასკვნას განამტკიცებდა.



იმავე დასკვნამდე მივყავარ ჩემს „ქალაქურ“ გამოცდილებას: თბილისი საკმაოდ დაბინძურებულია. ე. წ. „დეზერტირების ბაზრობაზე“, მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ბაზრობასა და კიდევ სხვა მრავალ ადგილზე, უბრალოდ, გულისამრევი სიბინძურეა. ვწუხვარ, რომ ვერ მოვესწარი იმ თბილისს, რომელსაც ამდენი შესანიშნავი სიმღერა მიეძღვნა.

არც საქართველოს სხვა ქალაქებშია სახარბიელო მდგომარეობა: ჩემს მშობლიურ ქალაქ ფოთში ზღვის მიმდებარე ტერიტორია საკმაოდ დაბინძურებულია, მატარებლიდან მინახავს სენაკში დაყრილი ნაგავი და ა. შ. ამ ფონზე რამდენიმე შეკითხვა მიჩნდება: რატომ არაფერი კეთდება ამ მხრივ? არ შეიძლება, რომ სოფლებში სანაგვე ურნები დაიდგას, ხოლო ქალაქების სისუფთავეს უფრო მეტი ყურადღება მიექცეს? ნუთუ არ არის სირცხვილი, უცხოელ ტურისტებს ჩვენს ქვეყანას რომ ვუქებთ? ამდენ დაბინძურებულ ადგილს რომ ნახავენ, რას იფიქრებენ ის ადამიანები ჩვენზე? რატომ არის გავრცელებული შეხედულება, რომ თურმე ჩვენს მეზობელ ქვეყნებში „ბინძური და სუნიანი“ ხალხი ცხოვრობს? დარწმუნებული ვარ, უცხოელის თვალით რომ შევხედოთ ჩვენს ქვეყანას, ნაკლებად ვიფიქრებთ, რომ ქართველები სუფთა ხალხია. მდინარის ნაპირზე აშენებული საპირფარეშოს დანახვისას ადამიანს ეს აზრი ნამდვილად არ გაუელვებს თაში.

როგორც ჩვენი ქვეყნის რიგით მოქალაქეს, კარგად მესმის, თუ რა მძიმე სტრუქტურული ვითარება არსებობს საქართველოში: 1. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, უმუშევრობის მაჩვენებელი საქართველოში 15%-ის ტოლია, 2009 წელს კი სულაც 16,9 %-ს შეადგენდა. არადა, ვფიქრობ, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დიდია; 2. ოკუპირებული ტერიტორიები და იძულებით გადაადგილებული პირები; 3. შიდაპარტიული დაპირისპირება, რომელსაც თითქმის გადააყოლეს საქართველო. აბა, ვის სცალია ახლა ნაგვის ურნებისათვის...



სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო. კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ ამ პოსტს ვერ (არ) წაიკითხავენ ის ადამიანები, რომლებიც ავტობუსიდან ჩამოსვლის შემდეგ ბილეთებს ქუჩაში ყრიან, რომლებიც სიგარეტის ნამწვავებს, ლუდის ბოთლებს და ნაყინის ქაღალდებს მანქანებიდან გარეთ ისვრიან, რომლებსაც საერთოდ არ ადარდებთ, ბინძური იქნება თუ სუფთა საქართველო, რადგან ღმერთს მათთვის თვალები კი მიუცია, რომ სიბინძურე დაინახონ, მაგრამ გონება არა აქვთ იმდენი, რომ სიბინძურისაგან გათავისუფლება ისურვონ და რაიმე ქმედითის გაკეთება იკადრონ.

2013 წლის ოქტომბერში ჩემს სტუდენტებთან ერთად მეტროსადგურ „ღრმაღელე“-ს მიმდებარე ტერიტორია დავასუფთავე. მახსოვს, როგორი გაკვირვებული თვალებით გვიცქერდნენ გარემოვაჭრეები და გამვლელები, ასევე, „ბირჟავიკები“. ეს მცირე აქცია, მისი დასრულებიდან ორ საათში, ალბათ, მონაწილეების გარდა ნაკლებად თუ ახსოვდა ვინმეს. მაშინ ძალიან მინდოდა, რომ ჩემს სტუდენტებთან ერთად ამგვარი რამ განმეხორციელებინა და გავაკეთეთ კიდეც. ოღონდ შემდეგ ამას გაგრძელება არ მოჰყოლია. ალბათ, მე გამომიჩნდა ბევრი საქმე ან ჩემს სტუდენტებს. ან სულაც ორივე ერთად.

ვფიქრობ, ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას ამ მიმართულებით. იქ, სადაც საზოგადოებრივი აქტიურობა დაბალია, ინიციატივა მმართველი წრეებიდან უნდა მოდიოდეს. ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება მიზანმიმართული და თანმიმდევრული პოლიტიკა უნდა იყოს. ამ მიმართულებით ბევრი რამის განხორციელება შეიძლება: დაწყებული გარემოს დაცვითი პოლიციის შექმნით დამთავრებული ნაგვის განცალკევებით და სოფლისთვის სანაგვე ურნების სისტემის დამონტაჟებით.

ნაგვის განცალკევების იდეა გერმანიაში ვნახე და ძალიან მომეწონა: წარმოიდგინეთ, ქაღალდი ცალკე გროვდება, პლასტმასები - ცალკე, ყავისფერი, თეთრი და მწვანე ბოთლები - ასევე, ცალ-ცალკე, თუნუქის ქილები - ცალკე და ა. შ.! შედეგად სახეზეა თითქმის იდეალური სისუფთავე: გარემოს 90-95% სუფთაა და სასიამოვნო.




რა თქმა უნდა, მე კარგად ვაცნობიერებ ეკონომიკურ უფსკრულს გერმანიასა და საქართველოს შორის და ისიც ვიცი, რომ ასეთ ნაბიჯებს ჩვენ ასე სწრაფად ვერ გადავდგამთ. თუმცა, ჩემი აზრით, დაწყება აუცილებელია, რადგან, ტავტოლოგიურად რომ ვთქვათ, დასაწყისის გარეშე არც არაფერი დაიწყება. დაწყება კი აუცილებელია იმისათვის, რათა ჩვენი შემდგომი თაობისათვის (და უცხოელი სტუმრებისთვისაც) დანანებით სათქმელი არ გაგვიხდეს: „ნახეთ, რა ვუქენით ჩვენს ქვეყანას...“