Search This Blog

Tuesday, May 28, 2019

სახელმწიფოებრივი პოზიცია თუ ემოციების აყოლა? ბევრისთვის არც თუ ისე სასიამოვნო წერილი

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში სულ უფრო ხშირად მხვდება დავით გარეჯის მონასტერთან დაკავშირებული ემოციური განცხადებები. ქართულ ინტერნეტ-სივრცეში წაიკითხავთ წერილებს, რომლებშიც აზერბაიჯანის მხარეს ადანაშაულებენ მცოცავ ოკუპაციაში, ხოლო ჩვენს სახელმწიფოს - უმოქმედობაში. ამ წერილების ავტორები იხსენებენ ჩვენს ისტორიას და აქტიური ქმედებებისკენ მოუწოდებენ ადამიანებს.


არც აზერბაიჯანულ ინტერნეტ-სივრცეშია სამოთხისებური სიმშვიდე. ბევრი რუსულენოვანი წერილი (სამწუხაროდ, აზერბაიჯანული არ ვიცი) საქართველოს და ქართველების წინააღმდეგაა მიმართული. ქართულ სახელმწიფოს და ქართველებს შოვინიზმში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ არც ერთ მტკაველ აზერბაიჯანულ მიწას არ დათმობენ.

თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ თუ ასე გაგრძელდა, რისი საშიშროებაც ნამდვილად არსებობს, ეს კარგს არაფერს მოუტანს არც საქართველოს და არც აზერბაიჯანს.

დავიწყოთ ისტორიით. ქართულ სივრცეში ამტკიცებენ, რომ ისტორიულად ეს სივრცე საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო, რომ ეს ქრისტიანული მონასტერი იმთავითვე ქართული კულტურის წიაღში ამოიზარდა და განვითარდა. კი ბატონო, გასაგებია ეს პოზიცია. მაგრამ ის, რაც ქართულ სივრცეში ხშირად გვავიწყდება, არის ის, რომ აზერბაიჯანულ მხარეს თავისი ისტორია აქვს, ისტორიის თავისი ხედვა, რომლის თანახმად ეს ტერიტორია აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს.

მიუხედავად იმისა, თუ ვის მხარესაა ისტორიული სამართლიანობა (თავისთავად ძალზე საკამათო ცნება, მე თუ მკითხავთ), ერთი რამ, ჩემი აზრით, ცხადია: ისტორიული ფაქტების დახვავება, რომლებსაც როგორც ერთი, ისე მეორე მხარე თავის სასარგებლოდ იშველიებს, დაძაბულობის ესკალაციას უწყობს ხელს და არანაირად არ შველის პრობლემის გადაჭრას.

ისტორიული ფაქტების არგუმენტებად მოყვანას მაშინ ექნებოდა საბოლოო მნიშვნელობა, რომ ყოფილიყო მესამე მხარე, რომელსაც წარვუდგენდით ამ არგუმენტებს როგორც ქართველები, ასევე, აზერბაიჯანელები და შევეცდებოდით, რომ იქ გვემტკიცებინა ამა თუ იმ პოზიციის სამართლიანობა.

მაგრამ ახლა რას ვიღებთ „დიადი“ ისტორიული ფაქტების ფრიალით როგორც ქართველები, ასევე, აზერბაიჯანელები? ზიზღის და სიძულვილის დიდ დოზებს ერთმანეთის მიმართ, დაძაბულობის ზრდას რეგიონში და უსიამოვნო პროგნოზებს.

მაშ, რა უნდა იყოს გამოსავალი?

გამოსავლად მესახება პოლიტიკის სფეროს გააქტიურება, რომელსაც უპირატესი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ისტორიასთან შედარებით. ერთია ის, რაც იყო და რაც მოხდა და მეორეა ის რეალობა, რომლის წინაშეც ვდგავართ როგორც ქართველები, ასევე, აზერბაიჯანელები. ორივე მხარე უნდა დაფიქრდეს იმაზე, აწყობს თუ არა დაძაბულობის ესკალაცია. არა მგონია, გონივრულ პოლიტიკოსს ასეთი დაძაბულობა ნორმალურად მიაჩნდეს.

ამიტომაც, საჭიროა სახელმწიფო პირებს შორის უმაღლეს დონეზე გაირკვეს ეს საკითხი. ჩვენი ხელისუფლების მეთაურებმა კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ საზოგადოებისთვის დავით გარეჯის საკითხი ძალზე მტკივნეულია. საკითხს კი არ უნდა წაუყრუონ, არამედ ეფექტურად იმოქმედონ და პირისპირ გაარკვიონ აზერბაიჯანულ მხარესთან ის პრობლემები, რომლებიც არსებობს. ამავე დროს, ჩვენი საზოგადოება ამ პროცესების შესახებ მაქსიმალურად ინფორმირებული უნდა იყოს. ჩვენ გვაქვს უფლება, ჩვენს მიერ არჩეულ ხელისუფლებას ანგარიშის ჩაბარება მოვთხოვოთ.

მაგრამ ახლა მეჩვენება, რომ საზოგადოება ერთ მხარესაა აღშფოთებული და გამწყრალი, ხოლო ხელისუფლება - მეორე მხარეს, ზემოთ, მაღლა იყურება, აქაოდა არაფერი მომხდარა. ნეტაი ერთი თქვენ, რაღაზედ შფოთავთ და ჯავრობთო.

როგორ არ ვიჯავროთ და ვიშფოთოთ, პატივცემულო ხელისუფლებავ, როდესაც დღითიდღე ვხედავთ, როგორ იზრდება, ზვავივით როგორ იკრებს ძალას სიძულვილი და ზიზღის ენა. ერთი პატარა ნაპერწკალი და საქმე შეიძლება წახდეს. ერთი პატარა გაუგებრობა რომ მოხდეს დავით გარეჯში, შელაპარაკება, ჩხუბი, გაწევ-გამოწევა, ცუდ შედეგებს მივიღებთ ყველანი, ქართველებიც და აზერბაიჯანელებიც.

არ შეიძლება ასე. გონივრული პოლიტიკა ვერ იქნება შემთხვევითობებსა და ემოციებზე დამოკიდებული. გონივრული პოლიტიკა უფრო მეტად თავით უნდა აზროვნებდეს და არა მხოლოდ გულით. ემოციებმა და აღტკინებამ გადაჩეხა იტალიელები და გერმანელები უფსკრულში მეორე მსოფლიო ომის დროს. დიადი იდეებით შეპყრობილებს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რა მოცემულობა გვაქვს, როგორი რეალობა და სინამდვილე.

მერედა როგორია ეს სინამდვილე?

საქართველოში საკმაოდ ბევრი ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს. დარწმუნებული ვარ, ეს კონფლიქტი მათ ერთობ უხერხულ მდგომარეობაში აგდებს. კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს, ამის წარმოდგენაც არ მინდა. ამაზე საქართველოს ხელისუფლებამაც უნდა იფიქროს და აზერბაიჯანის მთავრობამაც.

გარდა ამისა, რა გახდა ეს საზღვარი ასეთი დაუდგენელი? თუ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ (ვგულისხმობ 1991 წელს) დავით გარეჯის ტერიტორიის იმ ნაწილს, რომელზეც ახლა დავა მიმდინარეობს, აზერბაიჯანული მხარე აკონტროლებდა, მაშინ, მე თუ მკითხავთ, ეს მხარე აზერბაიჯანს უნდა დარჩეს, მხოლოდ იმ პირობით, რომ ქართველი მომლოცველები და მნახველები იქ ნებისმიერ დროს შეძლებენ შესვლას. ხოლო თუკი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ტერიტორიის ეს ნაწილი ჩვენი იყო და შემდეგ გადმოვიდა იქ აზერბაიჯანული მხარე, ეს ძალიან ცუდია და ეს ცუდია ორმაგად: 1. იმიტომ, რომ ჩვენ ვერ დავიცავით ის, რაც ჩვენი იყო და 2. ასეთ შემთხვევაში აზერბაიჯანულ მხარეს აუღია ის, რაც მისი არ იყო.

ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტობრივი მოცემულობა უსიამოვნო გვაქვს. კონფლიქტის გადასაჭრელად უნდა არსებობდეს მკაფიოდ გამოხატული პოლიტიკური ნება. მესმის, რომ ქართული ეკლესიისთვის არასასიამოვნოა მონასტრის ტერიტორიის აზერბაიჯანულ მხარედ აღიარება, მაგრამ ისიც კარგად უნდა გაცნობიერდეს, რომ კონფლიქტის ესკალაციამ კიდევ უფრო არასასიამოვნო შედეგები შეიძლება მოიტანოს. დავით აღმაშენებელმა სახელმწიფო პრინციპებს დაუქვემდებარა თავისი პოლიტიკა. ჩვენს შემთხვევაშიც გადამწყვეტი სიტყვა სახელმწიფომ უნდა თქვას.

ჩემს ნათქვამს შემდეგნაირად შევაჯამებ:

• ისტორიული ფაქტების ემოციურ კონტექსტში ჩართვა პრობლემას ვერ წყვეტს. ფაქტია, ვითარება კიდევ უფრო იძაბება.
• წინა პლანზე უნდა გამოვიდნენ პოლიტიკოსები, ხელისუფლების წარმომადგენლები და ისინი პირისპირ კონტაქტზე უნდა გავიდნენ აზერბაიჯანულ მხარესთან. ხელისუფლებამ ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ უნდა წარმართოს.
• ერთხელ და საბოლოოდ დადგინდეს, რა ნაწილია დავით გარეჯში ჩვენი და რა - არა. ვინც ამას წაიკითხავს და იტყვის, გიორგი თავაძე ტერიტორიების გადაცემის მომხრეაო, ვეტყვი, რომ ტყუის. მე არ ვარ ტერიტორიების გადაცემის მომხრე. მაგრამ თუკი მეორე მხარესაც ასევე იზრდება დაძაბულობა, მაშინ კი ბატონო, ვემზადოთ ომისთვის და უბედურებისთვის.
• ომი და უბედურება არ მსურს. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩვენმა სახელმწიფოებმა ეს საკითხი გონივრულად უნდა გადაწყვიტონ, ურთიერთდათმობების საფუძველზე (ამას ხაზს ვუსვამ. რაღაც უნდა დათმოს საქართველომ, რაღაც - აზერბაიჯანმა). ეს რომ მოხდეს, ამისთვის კეთილგონიერება და ჭკვიანი პოლიტიკაა საჭირო. ურაპატრიოტული ფრაზების ფრიალი რომ ტერიტორიებს არ გვიბრუნებს, ხომ ვხედავთ ამას, არა? რა ვიცი, მე მგონი, არ გვიბრუნებს.
• საზოგადოების ცნობილმა წევრებმა, ეკლესიის წარმომადგენლებმა (განსაკუთრებით მაღალი რანგის იერარქებმა) სასურველია, უფრო მოზომილი განცხადებები აკეთონ. დენთის კასრს ანთებული ასანთით არ ეთამაშებიან. და ამ დენთის კასრზე ახლა საქართველო და აზერბაიჯანი ერთად სხედან. 
• ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რა გვინდა, რა გვსურს: მშვიდობა რეგიონში თუ დაძაბულობა. თუ დაძაბულობა გვსურს, მაშინ გავაგრძელოთ ბაქი-ბუქი ორივე მხარემ და ვნახავთ, რომ მოგებული არავინ დარჩება. ამის გაკეთება უფრო ადვილია, მაგრამ შედეგები იქნება ცუდი. ხოლო თუკი მშვიდობა გვსურს, მაშინ ჯერ უნდა დავფიქრდეთ და მერე უნდა ვთქვათ, ჯერ ასჯერ უნდა გავზომოთ და შემდეგ უნდა გავჭრათ. ეს რთულია, ალბათ ძალიან რთულიც, მაგრამ მომავალი თაობებისთვის გაცილებით კეთილისმყოფელ შედეგებს მოიტანს. ვნახოთ, რა მოხდება.