Search This Blog

Monday, May 20, 2019

„სამეფო კარის თამაშები“ – „ფილოსოფიური“ დასასრული?

გამოგიტყდებით: არ მეგონა, ოდესმე ამ სერიალის შესახებ თუ რაიმეს დავწერდი. „სამეფო კარის თამაშებს“ პირველად, თუ არ ვცდები, 2015 წელს ვუყურე. პირველივე სეზონიდან გამიჩნდა შინაგანი პროტესტის გრძნობა ნედ სტარკის სიკვდილით დასჯის გამო, რომელიც შემდგომში უფრო გამიმძაფრა სადიზმის, ხოცვა-ჟლეტისა და ტანჯვის ნატურალისტურმა კადრებმა. მიუხედავად ამისა, ყურებას რატომღაც მაინც განვაგრძობდი. ამას იმით ვხსნიდი, რომ უბრალოდ მაინტერესებდა, რა ბედი ეწეოდათ პერსონაჟებს :-) მერვე სეზონამდე მოღწეულს, ერთი სული მქონდა, როდის დამთავრდებოდა ეს სერიალი, რათა მეც დამესვენა და პერსონაჟებსაც :-)

თუმცა, მერვე სეზონს მაინც დიდი ინტერესით ვადევნე თვალი. მიცვალებულთა არმიის დამარცხების შემდეგ ყველას - პერსონაჟებისა და მაყურებლების - მზერა რკინის ტახტისკენ იყო მიმართული. და აი, უკვე ვიხილეთ მერვე სეზონის - და საერთოდ სერიალის - დამაგვირგვინებელი სერიაც. „სამეფო კარის თამაშები“ დასრულდა და ჩვენ შეგვიძლია, შევაფასოთ ის.

მაშ, რა იყო ამ დასასრულში ფილოსოფიური?

ვისაც პლატონის „სახელმწიფო“ აქვს წაკითხული, შეუძლებელია, ტირიონ ლანისტერის სიტყვებმა, როდესაც იგი ვესტეროსელ ლორდებს მიმართავს, ეს შესანიშნავი დიალოგი არ გაახსენოს. „სახელმწიფოს“ მეშვიდე წიგნში პლატონი აღწერს გამოქვაბულის ანალოგიას, საიდანაც თავდახსნილი ადამიანი სინათლეს ეზიარება. გამოქვაბულიდან გამოღწევის პროცესი სიბრძნის დაუფლების ანალოგიაა. ხოლო მას, ვინც ბრძენი ხდება, ყველაზე ნაკლებად სურს მართვა, აცხადებს პლატონი (VII, 517d). ფილოსოფოსები არ ესწრაფვიან ძალაუფლებას და სწორედ ამიტომ, საუკეთესო მმართველები არიან (VII, 520c-d). სწორედ ასეთ მმართველად აცხადებს ტირიონი ბრენს (+10 ქულა მას თავისი მონოლოგისთვის), ხოლო ბრენი სიმშვიდითა და მზაობით ხვდება ამ გამოწვევას (+ 20 ქულა მას ამისთვის, ამხელა გზის გამოვლისთვის და ბევრი გასაჭირის გადატანისთვის). გარდა ამისა, ბრენი ის ადამიანია, რომელმაც ფილმში კედელი გადალახა და სამთვალა ყორნად იქცა. პლატონის „სახელმწიფოს“ სიტყვებით რომ ვთქვათ, იგი ფილოსოფოსია, რადგან იგი ჩაწვდა ყოფიერების საზრისს, მიღმურ სამყაროს და მან ყველაზე უკეთ იცის, რა არის სიკეთე და რა - ბოროტება. ტირიონი ბრენზე ამბობს, რომ იგი სამეფოს მეხსიერებაა, რომელიც ყველა მომხდარ ამბავს თავის თავში ინახავს. „სახელმწიფოში“ პლატონი ხაზს უსვამს მეხსიერების მნიშვნელობას ფილოსოფოსისთვის (VI, 486d) და ამბობს, რომ ფილოსოფოსი მარადიულს უნდა ესწრაფოდეს (VI, 485b). იმისთვის, რომ ბრენი ძალიან მაღლა არ გაფრინდეს, მის მარჯვენა ხელად ისევ ტირიონი რჩება, რომელიც, ალბათ ბევრი დამეთანხმება, ნამდვილად იმსახურებდა ამ თანამდებობას.




ამრიგად, უკანასკნელ სეზონში „სამეფო კარის თამაშების“ შემქმნელებმა პოლიტიკური ფილოსოფიის გაკვეთილი შემოგვთავაზეს. პოლიტიკურ წყობას რაც შეეხება, ვესტეროსი აბსოლუტური მონარქიიდან არჩევით მონარქიად გარდაიქმნა. მე დიდი სურვილი მქონდა, რომ მონარქია საერთოდ გაუქმებულიყო, თუმცა ამას ყველაზე ნაკლებად ველოდი :-) სწორედ ამიტომ, ძალიან გამიხარდა, როდესაც სემუელ ტარლისგან საარჩევნო ხმის განვრცობის შესახებ წინადადება მოვისმინე (+20 ქულა მას რესპუბლიკური იდეალების ერთგულებისათვის!) ასევე, გამიხარდა, როდესაც დროგონმა რკინის ტახტი მიადნო. საკმაოდ ბევრი ადამიანი დაიღუპა მის გამო ატეხილი ბრძოლების გამო.



როგორია სერიალის ძირითადი გზავნილი ამ კუთხით? ძალაუფლება საშიში ეტლია, რომელმაც შესაძლოა, უფსკრულში გადაჩეხოს ადამიანი, თუკი მან გავეშებული ცხენების მართვა ვერ შეძლო. სერსეიმ ეს ვერ შეძლო და დაიღუპა, დენიმაც ვერ შეძლო ეს და ისიც დაიღუპა. მანამდე მათ ირგვლივ კიდევ ბევრი დაიღუპა ამის გამო. ამ უკიდურესობების ფონზე ჩანს სანსა, რომელიც ცბიერი და ჯიუტია და ბრენს ცალკე სამეფო მაინც გამოსტყუა. ერთობ ამბიციურ პერსონაჟად ჩამოყალიბდა სანსა და დედოფლობას რომ უმიზნებდა, ეს ნათელი იყო (+10 ქულა მას მიზანსწრაფულობისთვის). ასე რომ, ორი მმართველი მივიღეთ: ბრენი, რომელიც ყველაზე ადამიანზე აღმატებულია და რომლის სიკვდილის შემდეგ, ღმერთმა უწყის, რა მოხდება ვესტეროსში (ეს ალბათ, ცალკე სერიალის თემაა) და სანსა, რომელიც უფრო „მიწიერია“: თავისი ტანჯვების გამო საკმაოდ გამოცდილი და გაკაჟებული. ვერ ვიტყვით, რომ სერიალმა ცალსახად დაგმო ძალაუფლებისკენ სწრაფვის მომენტი. მან ყველას თავისი მიაგო.







თუმცა მე, როგორც ფილოსოფოსს, ყველაზე მეტად ჯონ სნოუსა და არიას ბედი მომწონს. რას იზამ, ადამიანები განსხვავებულები არიან: ზოგიერთი ძალაუფლებას მიელტვის და ძალაუფლებრივ თამაშებში გაწაფულობით ხსნის ადამიანთა წარმატება-წარუმატებლობას და ეფექტურობა-არაეფექტურობას. ასეთ ადამიანებს თავიანთი გზა აქვთ და მათ მსაჯულად მე არ გამოვდგები (არც ვისურვებდი ამას). თუმცა, ღრმად მწამს, რომ ყოველ ადამიანს თავისი ცხოვრების თავგადასავალი აქვს და რომ ყველა თავგადასავალი არ გადის ძალაუფლებრივ თამაშებზე. ყველა ჩვენგანი ერთხელ მოდის და ერთხელ კვდება. ზოგიერთი სამეფო კარის თამაშებშია ჩართული, ზოგს კი არ სურს ტახტის მემკვიდრეობა და ეს ამაოებად მიაჩნია. ჯონ სნოუ ჩრდილოეთში წავიდა, იქ, სადაც თავისი პირველი სიყვარული ნახა, იქ, სადაც სიკვდილს პირველად ჩახედა თვალებში, იქ, სადაც მაღალფარდოვან საუბრებზე მეტად პირდაპირი სიტყვა და ქმედება ჭრის. არ იყო ჯონი ვესტეროსისთვის შექმნილი და ნუ მოვთხოვთ ამ ადამიანს იმაზე მეტს, ვიდრე შეუძლია :-) +30 ქულა ჯონს თავისი გზისთვის, თავისი რთული არჩევანისთვის და თავისი ვაჟკაცობისთვის.



და რა შეიძლება ითქვას ბავშვური სახის მქონე წარბება არიაზე, რომელმაც მოგზაურობა ირჩია თავის ხვედრად და უცნობი მიწების აღმოსაჩენად გასწია? +30 ქულა მასაც თავისი გადაწყვეტილებისა და სიმამაცისთვის. 



ისევე როგორც ჯონისთვის, არიასთვისაც დამთავრდა ვესტეროსი თავისი გაუთავებელი ომებითა და საშინელებებით. რაღაც შინაგანი ძალა მას არ აძლევს საშუალებას, დათანხმდეს ჯენდრის წინადადებას და ლედი გახდეს. იგი შლის იალქნებს და გაურკვევლობაში მიცურავს. წარმატებები ვუსურვოთ გამბედავ გოგონას!  :-)

ჯონისა და არიას ხვედრის მაგალითზე „სამეფო კარის თამაშები“ ძალაუფლების მიღმა განზომილებასაც გვიჩვენებს, რომელსაც არსებობის უფლება აქვს და არსებობს კიდეც. ეს შინაგანი თავისუფლების, ღირსებისა და სიმამაცის სამყაროა, რომელიც, ამავე დროს, ძალიან ფაქიზიცაა. ძალაუფლების სამყარო ისეთ იარებს აჩენს ჯონისა და არიას სულში, რომ ისინი უნდა წავიდნენ, დატოვონ ძველი სამყარო და უკეთესის ძიებაში შეუცნობლისკენ გასწიონ. მე თუ მკითხავთ, ფილოსოფიურ ენაზე ამას თავისუფლების მეტაფიზიკა ჰქვია. სწორედ ესაა თავისუფლება და არა მაღალფარდოვანი საუბარი თავისუფლების შესახებ, რომელსაც ამ შეგრძნებასთან საერთო არაფერი აქვს და რაც საკმაოდ გავრცელებულია აკადემიურ ფილოსოფიაში. ძალაუფლების სამყაროში რჩებიან ისინი, რომლებსაც გაჭრის, გაღწევის ასეთი დაუოკებელი მოთხოვნილება არა აქვთ. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ცუდი ადამიანები არიან. ბრენზე უკვე საკმაოდ ვისაუბრეთ. სანსა ალბათ, მკაცრი მმართველი იქნება, მაგრამ არა ბოროტი და სასტიკი. თუმცა, იგი მოულოდნელობებით აღსავსე პერსონაჟია :-) ძალაუფლების სამყაროში რჩებიან ტირიონი (მასზეც ვისაუბრეთ), აბსოლუტურად ამორალური ბრონი და რაინდი ბრიენა, რომელიც მართლაც ჭეშმარიტი რაინდია. მიუხედავად იმისა, რომ ჯეიმიმ იგი მიატოვა, ბრიენა მასში მაინც საუკეთესოს ხედავს და წიგნში შესაბამის ჩანაწერსაც აკეთებს (+30 ქულა ბრიენას ამისთვის). ამის გაკეთებას ბევრი ვერ შეძლებდა. დაბოლოს, სემი, რომელიც გულკეთილობის განსახიერებაა (სემი უკვე შევაფასეთ ქულებით  :-) ასე რომ, ძალაუფლების სამყაროში ყველანაირი სტილის ადამიანები დარჩნენ და ამ მხრივ სერიალის დასასრული რეალისტურად მეჩვენება.







არ მეგონა, კინოგანხილვას თუ დავწერდი :-) დასასრულს იმას ვიტყვი, რომ „სამეფო კარის თამაშების“ უკანასკნელმა ეპიზოდმა ჩემთვის გამოისყიდა ის „შეცოდებები“, რომელთა გამოც ამ სერიალის რომელიმე ეპიზოდის ხელახლა ყურება მიჭირდა. მერვე სეზონის მეექვსე ეპიზოდზე ამას ვერ ვიტყვი და მას კიდევ რამდენიმეჯერ გადავხედავ. ხოლო მის გამო სხვა სერიებსაც შესაძლოა, ისევ გადავავლო თვალი :-) დასასრული ტრაგიკულია, თუმცა ეს ტრაგედია ამაღელვებელია და ის ჩაგვაფიქრებს იმ გზაზე, რომელიც მისმა მონაწილე პერსონაჟებმა გაიარეს. ის ჩაგვაფიქრებს, ასევე, ჩვენს გზაზეც, ძალაუფლებასთან ჩვენს მიმართებაზე, ჩვენს თავისუფლებაზე და იმ ტკივილებზეც, რომლებიც უნდა გადავიტანოთ, რათა მისი მოპოვება შევძლოთ.